Saturday, June 3, 2023

რაა ქართველი უსაქართველოდ?!

 რაა ქართველი უსაქართველოდ,

ან საქართველო შვილის გარეშე,

წუხს დარჩენილი დედა უძეოდ,

საშველად უხმობს პირისფარეშებს.

გაულამაზონ ნატანჯი სახე,

რომ დაუღარავს დარდის ნაოჭებს,

მაინც აოცებს სიმტკიცით მნახველს,

მაინც სიტურფით  ყველას აოცებს.

და მიმობნეულ ბადიშებს ელის,

ვით უდაბნოში - წყაროს მწყურვალი,

რომ დაიბრუნოს დიდება ძველი,

გადარწეული ზარზმა-ცურტავით.


No comments:

Post a Comment