ხან ჯანმრთელო, ჯანმაგარო და ფერხორციანო, ხანაც ფერმკრთალო და გამომშრალო, ყვითელი ღრუბლების ბუღში გახვეულო, ხან უჩვეულოდ მხიარულო და მოღიღინევ, ხანაც ნაღველისა და დარდის ბუდევ, ღამურასავით ხის ტოტზე მოქანავევ, ღალატისა და ორგულობის მნახველო და მაინც დაუმარცხებელო, მამაცო, გულადო. ზოგჯერ მინდა, როგორც ჩემს მოხუც დედას, შუბლზე ხელი მოგისვა, მოგეფერო, ცრემლიანი თვალები მოგწმინდო, იმიტომ რომ ვიცი,ხანდახან შენც გიჭირს, შეირყევა შენი გულის კარები, დაფლეთს ძარღვებს ჭირი და გინდა ამოისუნთქო, მაგრამ ფილტვები თითქოს რაღაცა სისხლიან ბურთს დაუგმანია, ვეღარ სუნთქავ, ოფლად იღვრები, წვეთები გისველებს დაღარულ შუბლს, რომელზეც ათასობით წელს გადაუვლია და დაუჭმუჭნია, ამავე დროს, დაუხვეწია და გაუსპეტაკებია. ჩემო მშობელო დედავ, ამაყო და პირუთვნელო, მტრის მტრულად დამხვედრო და მოყვრის-მოყვრულად.შენთვის დაღუპული შვილების საფლავებზე აცრემლებულო და მაინც გამარჯვების დროშის ხელში მჭერო, ქრისტეს ჯვრის მპყრობელო და დამცველო ყველა რელიგიური აღმსარებლობისა,. დედათა დედავ, მეორე იერუსალიმო, ჩემო თბილისო!
ყურძნის მტევანო, საქართველოს მზის ქვეშ დამკრახულო, გავსებულო სურნელოვანი ნექტარით, რომელიც ათასობით ფუტკარს იზიდავს, რომ მერე თავისი შრომის ნაყოფით გააბედნიეროს დედამიწა, ღიმილი მოჰგვაროს მშრომელ კაცს, ბარაქა მისცეს ყველა ოჯახს! შენ დაულეველო შარბათო, სავსევ სიტკბოებითა და ნეტარებით.
განა შენს ღონიერ მხარმკლავზე არ წამოწოლილა ის მთები, ერთი შეხედვით უსახური, რომ გვიცავს, ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი?! განა აქ არ მოედინება მდინარე, თითქოსდა ჭუჭყიანი და მღვრიე, მაგრამ ჩვენი მოჭირნახულე, მოიმედე, დამხმარე?! განა
შენ არ წაუღიხარ რკინა-ბეტონის ჩონჩხებსა და კასკადებს, მაგრამ შენ გულში ძველი ქალაქი ცოცხლობს განუმეორებელი,ქუჩებითა და აივნებით, ხალიჩებითა და ფარდაგებით, საიათნოვათი და ფიროსმანით! დაულეველო წყაროვ შთაგონებისა და ფიქრისა, მეცნიერებისა და მუშაკობისა. დალოცვილი ყოფილიყავი აწ და მარადის, შენი მზითა და მთვარით, შენი სილამაზითა და სიყვარულით, რომელიც ანდამატივით იზიდავს ყველას,.ასაზრდოებს, ძალას აძლევს სიცოცხლისა და სიკეთისათვის!
დღეს მე შენს ფეხქვეშ გაწოლილი სურო ვარ ბაღებიდან, სკვერებიდან, შენობების აივნებიდან მომზირალი, ათასი ბედუკუღმართობის მნახველი. გულშემატკივარი მობურთალი ბავშვების, ჭადრაკის მოთამაშე მოხუცების, შეყვარებული ქალ-ვაჟის. დღეს მე შენი ფანტაზია ვარ, რომელიც აგებს ცათამბჯენებს, აშენებს, ქმნის და არა ანადგურებს. დღეს მე სევდა ვარ, დედის უბეში დამალული, რომელსაც შვილები წაართვეს, დაანარცხეს ძირს უდროოდ მოგლეჯილი ყვავილებივით, გაატანეს წყალს, ეს გლოვა ხომ შენი არის, დედა თბილისო! დღეს მე სული ვარ, მაღლა ცაში აჭრილი, არწივად გარდასახული, რომელიც მახვილი მზერით ათვალიერებს მტერს და არ მისცემს შენი იავარქმნის საშუალებას, ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, დედა თბილისო1
No comments:
Post a Comment