თბილისი უძველესი და განუმეორებელი ქალაქია, მან გადაიტანა უამრავი სირთულე და ბრძოლა, გადაურჩა ბევრ მრისხანე მტერს და დღეს მას ღირსეულად ჰქვია ამ დიდებული პატარა ქვეყნის- საქართველოს დედაქალაქი. ძალიან მიყვარს თბილისის გამჭვირვალე ცხოვრება, მაგრამ, როდესაც ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე მეჩვენებოდა, თავის გატანა არ ყოფილა ისეთი მარტივი, ბევრი უნდა იშრომო, რომ გქონდეს საჭმელი, ბევრი ადამიანი იჩაგრება, ისინი ვერ შოულობენ სამსახურს, იღებენ ვალებს ბანკიდან, რათა ცოლ-შვილი შიმშილით არ დაეხოცოთ, არსაიდან გამოსავალი, რომ არ ჩანს, ვალებს ვალებს ამატებენ და ბოლოს რჩებიან გარეთ, საცხოვრებელის გარეშე,ეს ნამდვილი უსამართლობაა, ამ დროს კი, სხვები მდიდრდებიან. როდესაც მივდივარ სკოლაში ან სამხატრო სასწავლებელში, გზად ხშირად ვხედავ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მეცოდებიან და გული შემტკივა მათზე, მათ დანახვაზე სწრაფად ვიჩხრიკავ ჯიბეებს და ვცდილობ მცირეოდენით მაინც დავეხმარო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის საკმარისი, მეტი გულისმიერებაა საჭირო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.
ჩვენს ქალაქში ულამაზესი არქიტექტურული შენობებია, რომელიც ტურისტებს უფრო მეტად ხიბლა,ვს ვიდრე თვითონ აქ მაცხოვრებლებს, ვინაიდან ვხედავ უდიერ გულგრილ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ცხოვრება ნელ-ნელა სულ უფრო აუტანელი ხდება, ან მე შევიცვალე და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ხალხი იმდენად გადაღლილია ფიქრით თუ სად იშოვონ ფული, რომ გარშემო ვეღარ ამჩნევენ ვერაფერს, დღის ბოლოს, საზოგადო ტრანსპორტში ადამიანების სახეებს დიდი ინტერესით ვაკვირდები, როგორი გადაღლილები, დასევდიანებულები და განაწამები არიან ისინი, ადრე კი მახსოვს, როდესაც დედას ავყავდი ტრანსპორტში, ხალხი სულ იღიმოდა, ერთმანეთთან საუბრობდნენ, მგზავრები ხუმრობდნენ და მძღოლიც გულიანად იცინოდა მათ უკბილო ხუმრობებზე, ძალიან მინდა ხოლმე, რომ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ხალხი ერთმანეთს ენდობოდა და ქალაქი ისევ აივსოს იმ დიდი სიყვარულით, რომელიც ადრე ჰქონდა.
შემოდგომაზე თბილისის ქუჩები მოფენილია ლამაზი წითელ-ყვითელი გამხმარი ფოთლებით, რომელზეც გავლა ბავშვობიდან მიყვარდა მათი უცნაური ხმის გამო. მომწონს ზამთარის ღრუბლიანი ამინდები, რადგან მზე არ მიყვარს, წვიმიანი, ნისლიანი, ნაცრისფერი ღრმა ღრუბლები ხანდახან მგვრის სევდას და ვუფიქრდები თუ როგორ ვხედავდი მე პატარაობაში თბილისს, ის იყო ჩემთვის უზარმაზარი, მეგონა მის გარდა არცერთი სხვა ქვეყანა და ქალაქი არ არსებობდა, სანამ წამიყვანდნენ დასასვენებლად ქალაქგარეთ თეთრიწყაროში, სადაც სულ სხანაირი სახლები და ბუნება იყო, გავოცდი, რომ გავიგე, რომ ამ უცნაურ, მაგრამ ლამაზ ადგილას საუბრობდნენ ჩემთვის ნაცნობ ენაზე, შემდეგ როდესაც ცოტა წამოვიზარდე წამიყვანეს მატარებლით ქობულეთში, ექვსაათიანი მგზავრობა ძალიან დამღლელი იყო და როდესაც დიდი მატარებელი შიგადაშიგ ჩერდებოდა, მამაჩემი მეუბნებოდა -აი, სოფო, ეს არის მცხეთის სადგური, ეს არის ხაშურის სადგური, ეს არის ურეკის სადგური და ა.შ.- მე ვფიქრობდი რეებს მელაპარაკება ნეტა- მეთქი, სანამ შემდეგ არ გავიგე, რომ თბილისის გარდა არსებობდა უამრავი ქალაქი, უამრავი ენა, უამრავი ულამაზესი კულტურა, მაგრამ მაინც თბილისი ჩემთვის ერთადერთია. ჩემი კორპუსი მდებარეობს რკინიგზის ლიანდაგებთან, სადაც ყოველთვის მატარებლების ხმა ისმის და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც პირველად გავაცნობიერე, რომ თბილისი მარტო ერთი ქალაქი არ არის მთელს დიდ დედამიწაზე,
ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ლამაზ ქალაქს მისი მაცხოვრებლების სახეზე ლამაზი ღიმილი ამშვენებდეს, ყველა იყოს ბედნიერი, დაბრუნდეს ის დიდი ერთგულება და ნდობა, როგორიც ადრე იყო და ხანდახან ვფიქრობ, კარგი იყო როდესაც შუქი ქრებოდა-ხოლმე, მეც მახსოვს ის დრო, სხვათაშორის, რადგან მთელი ოჯახი ერთიანდებოდა, მე და ჩემი ორი უფროსი ძმა, დედ-მამა და ბებია, რომელიც ყოველთვის ემუქრებოდა და აშინებდა თელასში თანამშრომლებს, რომ ლივტში კაცი გაჭედა და ცუდადააო. ამ დროს სწრაფად გვირთავდნენ დენს, არადა კარგი იყო სანთლის მოგიზგიზე ალის ყურება და ხშირ შემთხვევაში სახლის ფანჯრიდან თბილისის სხვა დასახლებების ცქერა, მაგალითად,: თემქის, მუხიანის, საბურთალოს და ა.შ მათ ქონდათ დენი თუ არა, ამ ისტორიების გახსენება დიდ სიამოვენებას მანიჭებს.
მიყვარს წვიმის თბილი წვეთები გაზაფხულზე, როდესაც თბილისში ყველაფერი იღვიძებს, ბუნება ხარობს და მწვანდება, მიხარია, როდესაც თედო მასწავლებელს დავყავართ ჩანახატების გასაკეთებლად ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩებში და მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ!
No comments:
Post a Comment