Monday, August 10, 2015

როცა პატარა ვიყავი (ავტობიოგრაფიული მოთხრობა)

  როცა პატარა ვიყავი, მეგონა თბილისი ყველაზე დიდი ქალაქი იყო დედამიწის ზურგზე,
ყველაზე დიდი შენობები იდგა ჩემს სახლში, როგორც ბავშვობაში ვეძახოდი,
თუმცა თბილისი ყველას სახლი იყო. რუსის, ქართველის, სომეხის, ქურთის, ეზიდის, ებრაელის. ყველაზე დიდი და ვარსკვლავებით მოხატული ცა ეხურა თავზე ჩვენს სახლს,
პიონერთა სასახლეში  მიმავალს, ორთაჭალიდან წამოსულს,
მეტეხი და ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მხვდებოდა წინ, ისინი იყო ჩემთვის თბილისი.
ნარიყალადან გადმომზირალი ქართლის დედა იყო ჩემთვის თბილისი,
გამყიდველი ქალი, რომელიც რუსთაველზე :საპონჩიკეში დედამიწის ზურგზე ყველაზე გემრიელი პონჩიკებით მიმასპინძლდებოდა და ყველაზე  კარგი ქალი იყო ქვეყანაზე, რა თქმა უნდა დედაჩემის შემდეგ, ის იყო ჩემთვის თბილისი. მიყვარდა საპარიკმახერო, რომელშიც დედაჩემი დადიოდა თმების და ფრჩხილების გასაკეთებლად. სადაც საღებავების სუნი იდგა და სადაც დედაჩემს ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ, ჩემს უკრაინელ დედას, გრძნობდნენ, რომ მშობლის სითბო აკლდა და ეფერებოდნენ, ათას ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდმემ, დედობას უწევდნენ,მე კი, რომ არ მომწყენოდა, თმის საშრობს ჩამირთავდნენ, მიყვარდა იქ ჯდომა. ეს იყო ჩემი თბილისი. სტუდენტობისას ლაღიძის წყლები და აჭარული ხაჭაპურები ჩვენი ყოველდღიური რაციონი იყო, გვიყვარდა რუსთაველის პროსპექტზე სიარული, კინოფილმი არ გვრჩებოდა უნახავი. ცა და დედამიწა ჩვენი იყო, ჩვენ ხომ ოქროს ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენზე ზრუნავდნენ, ჩვენ ვუყვარდით.ეს იყო ჩემი თბილისი. განათებული, ღიმილიანი სახეები იყო ჩემი თბილისი.
      თმაში ჭაღარა შემომერია, ჩემთვის თბილისი ყველაფერია. ჩემს გულში დადუღებული მაჭარი, ღვინოდ ქცეული მინდა მოგიძღვნა ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო თბილის ქალაქო!



No comments:

Post a Comment