ნეტავ რა უფრო მეტად მიყვარდა, კარტოფილის ,,ვარენიკები" თუ ალუბლის?! ყაყაჩოს ღვეზელი თუ ვაშლის ,,პეროგი"?! ჩემი უკრაინელი ბებიას მიერ გამომცხვარი, ის ხომ ნამდვილი ოსტატი იყო ამ საქმეში! ახლა ვხვდები, რომ ყველაზე მეტად მაინც ალუბლის ვარენიკები მომწონდა, მომჟავო-მოტკბილო გემოთი, ალუბლის ბაღი გვქონდა, დიდზე-დიდი, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეჩვენებოდა. მწიფე ალუბალს არ ვტოვებდით ხეზე მე და ჩემი და-ძმები, შევესეოდით, პირს ვიტკბარუნებდით. ალუბლის სიყვარულმა ერთხელ ჩემი და ხიდანაც კი გადმოაგდო და ხელი მოსტეხა, რის გამოც ბებიამ გაგვტყიპა ყველანი, მას მერე ხეზე ასვლას გვიშლიდა, მაგრამ ჩვენ რა შეგვაჩერებდა.
მშრომელი ბებია მყავდა, ერთ დროს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ნამუშევარი, მკაცრიც იყო .მუშაობას პატარაობიდან გვაჩვევდა, კარტოფილის ნათესებში შევდიოდით და ფოთლებს კოლორადოს ხოჭოს ვაცლიდით ( ქილებში ვაგროვებდით). ერთგვარი გასართობიც იყო ჩვენთვის.
საჩუქრებით და ნუგბარითაც ხშირად გვიმასპინძლდებოდა. ჩვენი განებივრება რომ შესძლებოდა (ზაფხულობით ორი-სამი თვით მივყავდით იქ მშობლებს), ხუთნი ვიყავით, დამლაგებლად იწყებდა მუშაობას კულტურის სახლსა და ფოსტაში, ეს შენობები ჩვენს სახლთან ახლოს იყო, ამავე დროს ჩვენთვისაც უნდა გაეწია მეთვალყურეობა, რაც ადვილი არ იყო, ცელქები ვიყავით, ორი ბიჭი და სამი გოგო, თანაც ერთმანეთზე პატარები. თვითონ ძროხა არ ჰყავდა, მაგრამ ახალ-ახალი რძე რომ გვქონოდა, ყოველდღიურად, მეზობელთან მოილაპარაკებდა ხოლმე და თივას რძეში უცვლიდა. ჰექტარი მიწა ჰქონდა. თვითონ უვლიდა, მარტო, რა არ მოჰყავდა ამ მიწაზე: კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბარდა, სტაფილო, ხახვი, ჭარხალი, სიმინდი.კურდღლების პატარა ფერმაც ჰქონდა, ასე რომ იქ ჩასულებს არაფერი გვაკლდა. მეზობლებიც მოდიოდნენ ხელდამშვენებულები, აქაოდა, საქართველოდან სტუმრები ჩამოვიდნენო, ყურადღებას არ გვაკლებდნენ. ვისაც რა ემეტებოდა, ის მოჰქონდა, ეს კი ცოტა არ იყო. განსაკუთრებით უყვარდათ საკაბე ნაჭრების მოტანა, რითაც ბებია კაბებს გვიკერავდა, შესანიშნავად კერავდა და ქარგავდა.
მის უკრაინულ ალიზით მოზელილ სახლში ყოველთვის სისუფთავე სუფევდა. ბალიშებზე მოქარგული ტილოები იყო გადაფარებული, ლამაზი ჭურჭელი იდგა კარადებში, რომლებიც მერე მზითევში გამომიგზავნა, როცა გავთხოვდი. მახსოვს სიგრილე და ტბილი სუნი, რომელიც იქ ტრიალებდა. სამზარეულო ცალკე შენობაში იყო განთავსებული. არასდროს დამავიწყდება ბებიას ცისფერი თვალები და ის გამჭოლი მკაცრი მზერა, რომლითაც შემომხედავდა ხოლმე. თვითონ ომგამოვლილი გახლდათ,. რა ვიცოდი, რომ ის მომავალი მძიმე ცხოვრებოსთვის მამზადებდა. ძალიან მინდოდა მისნაირი ზღვისფერი თვალები მქონოდა და ის ენერგია, რომელიც ალბათ მზესაც შეშურდებოდა,
No comments:
Post a Comment