დედა, შეიძლება ამაზე ტკბილი და თბილი სიტყვა წარმოთქვა?! თქვენი არ ვიცი და მე დედაჩემი მთელ ქვეყანას მირჩევნია, თუმცა წლებია მისი ნახვის საშუალება არ მაქვს. დღეს ის უკრაინაში ცხოვრობს. მოგეხსენებათ, რა ძნელია, ფინანსური განხრით, სხვა ქვეყანაში წასვლა, ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი კი ამის საშუალებას არ იძლევა..საქართველოში 90-იან წლებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის დროს ის სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ შემდგომ უკან ჩამოსვლა ვეღარ შეძლო, ხერხემალი დაიზიანა და გადაადგილება უჭირს. ძნელია დედის გარეშე ცხოვრება, რადგან ის შუქია, რომელიც გზას გინათებს, ვარსკვლავია, რომელიც ზევიდან დაგცქერის და მტერს აფრთხობს, მზე და მთვარეა, რომლის გარეშე დედამიწა არ იქნებოდა დედამიწა. მენატრება ჩემი ლამაზი და ჭკვიანი დედა, თუმცა მიუხედავად იმ სივრცისა, რომელიც ჩვენ გვაშორებს, ის ყოველთვის ჩემთანაა, არასდროს მტოვებს, რჩევებს მაძლევს, ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვეს.
როგორც უკვე მიხვდით, დედაჩემი უკრაინელია, დიდი ხნის წინათ ის საქართველოში ბიძასთან ჩამოვიდა და სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მამა კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ტრამვაიში გაიცნო. თურმე ვიღაც ბიჭები ამ უკრაინელ ულამაზეს გოგონას აწუხებდნენ, აქ კი მამაჩემმა იყოჩაღა და დამცველად დაუდგა. მას შემდეგ ერთმანეთი კარგად გაიცნეს და დაქორწინდნენ, თუმცა, როგორც დედა ყვებოდა, მამაჩემს თავი შეუცოდებია, ობოლი ვარ, არავინ მყავსო, ქორწილის შემდეგ კი ჩამოვიდნენ, საჩუქრებით დატვირთული, ჩვენი იმერელი ნათესავები, ბებიას წინამძღოლობით.ბებიას მაშინვე მოსწონებია რძალი, მას შემდეგ მათი ურთიერთობა სამაგალითო იყო, არასოდეს გამიგონია მათ ერთმანეთზე საყვედური ეთქვათ.უკრაინელმა ქალმა ხუთი შვილი გააჩინა, ქართული ისწავლა, მახსოვს როგორ გვიკითხავდა იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარს" ქართულად (მაშინ მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი), თვითონ ყველა ქართველი მწერლების შემოქმედებას გაეცნო ქართულ ენაზე, განსაკუთრებით მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები მოსწონდა. მშობლებმა ქართულ სკოლაში შეგვიყვანეს, რაც ასევე იშვიათი იყო, რადგან ბავშვები რუსულენოვანი ოჯახებიდან რუსულ სკოლებში შეჰყავდათ ხოლმე. ჩვენი დედა, რა თქმა უნდა, .რუსულად გველაპარაკებოდა, ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თუმცა ცდილობდა, მამა-ქართულად, ასე რომ სკოლაში მისვლისას თავში დომხალი გვქონდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი კარგად გვესწავლა. სამაგალითო ბავშვები ვიყავით, რაშიც დედის დიდი დამსახურება იყო. ქართველი ბავშვები ქართულად უნდა გაიზარდონ, ამბობდა ის, და ამ დევიზისთვის არასდროს უღალატია.მახსოვს არეულობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტების პერიოდი. დედა მაღაზიაში შესულა, უცებ ვიღაცა (საშინელ ხალხს რა დალევს) გამოუვარდა და შეურაცხყოფების მიყენება დაუწყო, რუსო, წაეთრიე შენს ქვეყანაშიო, გაოგნებულა, ძლივსღა მოუხერხებია ეთქვა, რომ ხუთი ქართველი გაზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს განელებია სიყვარული საქართველოსა და ქართველების მიმართ. - მენატრება საქართველო- ასე ამბობს ხოლმე და ცრემლი დაედინებაო მის ჯერ კიდევ ლამაზ უბერებელ სახესო-,ხშირად გვეუბნება ჩემი ძმა, რომელიც ასევე უკრაინაში გადაიხვეწა დედასთან ერთად. დედას ძალიან დაწყდა გული, როცა დათომ იქაური ცოლი მოიყვანა და უკრაინაში დარჩა საცხოვრებლად, ქართველი რძალი უნდოდა. მაპატიებს ალბათ ჩვენი რძალი, ამას რომ ვამბობ. ცხოვრების უკუღმართობამ გაგვყარა ახლობლები და სიმინდის მარცვლებივით მოგვაბნია მთელ დედამიწაზე. მენატრება ჩემი თბილი, ტკბილი, სტუმართმოყვარე დედა, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის გულს ამოიღებდა ხოლმე, დაუდებდა თეფშზე და ისე მიართმევდა, თუმცა საქართველო არ აღმოჩნდა მისთვის სტუმართმოყვარე, ისევე როგორც ბევრისთვის. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ადღეგრძელოს დედაჩემი!
No comments:
Post a Comment