Friday, August 7, 2015

ჩემი თბილისი(ავტორი: სოფიო ჭელიძე)

   გუშინ დილით მშვენიერ გუნებაზე გავიღვიძე, შაბათი დილა იყო, ისე ძალიან არ ცხელოდა, როგორც წინა დღეებში, თითქოს წვიმას აპირებდა, თუმცა მზე მაინც იჭყიტებოდა ღრუბლებიდან. გავხედე ფანჯარას, ცა მოჩანდა. ნიკოლოზ ბარათაშვილის "ცისა ფერს" გამახსენდა და "შედევრის" შესაქმნელად მოვემზადე (ზოგჯერ ლექსების წერა მიყვარს) გავიფიქრე, სხვა პოეტებმა როგორ უნდა მაჯობონ,  რომ უეცრად, როგორც რუსები უწოდებენ", სვარკა" ჩართეს. განვრისხდი, ვიფიქრე, ეს რა უბედურებაა, სამი თვეა მეხუთე სართულის მეზობლებს რემონტი აქვთ, რით ვერ მორჩნენ ამ გაუთავებელ სამუშაოებს?!.ყოველ დილით სხვადასხვა მუსიკალურ ნოტებზე ვიღვიძებთ, ხოლმე. პირველად ვინანე, რომ ჩემი პაპა თბილისელი იყო და სოფელში, სადმე გადაკარგულ ტყეში  მთაში პატარა ქოხი არ მქონდა, მერე მშობლებს გადავწვდი, რით ვერ მოახერხეს სადმე ახლომახლო ქალაქგარეთ პატარა სახლი ეყიდათ, ზაფხულში დამესვენა!, ბოლოს ყველაფერი ბედისწერას დავაბრალე, პაპას რომ გურიაში ჰქონოდა კარმიდამო, იქნებ აქ არც კი ჩამოსულიყო, მე კი აუცილებლად თბილისელობა მინდოდა, მერე მეზობლებიც გავამართლე, რა ქნან, რაიონიდან ჩამოვიდნენ, მათაც თბილისში უნდათ ცხოვრება, როგორც მე, მართალია, "შედევრი" ვეღარ შევქმენი, თავი გავიმართლე, ვითომ ხმაურმა შემიშალა ხელი,  მერე გამახსენდა, რომ გალაქტიონი სწორედ თბილისში ქმნიდა თავის ბრწყინვალე ნაწარმოებებს , თუმცა,  დიდი ალბათობით, მაშინ ასეთი ხმაური არ იქნებოდა, ჩემი სახლის უკან რკინიგზის და მეტროს ლიანდაგებიც გადის, და ფიქრი გავაგრძელე.
    როცა პატარა ვიყავი, უფრო სწორედ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, თბილისი მეგონა მთელი საქართველო, მთელი დედამიწა, მთელი სამყარო. როცა მეკითხებოდნენ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობო, ამაყად  ვპასუხობდი-, თბილისში! დედა მისწორებდა, თბილისი კი არა, საქართველო უნდა თქვაო, მიკვირდა, რა განსხვავებაა-მეთქი. იხტიბარს არ ვიტეხდი. როცა პირველად წამიყვანეს თეთრიწყაროში დასასვენებლად, მივხვდი, რომ სხვა ქალაქებიც არსებობდა, თუმცა პატარა და იქაც ქართულად ლაპარაკობდნენ, მერე როცა ქობულეთისკენ მატარებლით  მიმავალ გზაზე მომიწია რამდენიმესაათიანმა მგზავრობამ, ნამდვილად დავრწმუნდი, რომ საქართველო არ იყო მხოლოდ თბილისი. კიდევ ცოტა რომ წამოვიზარდე, დედამ სამხატვრო სასწავლებელში შემიყვანა, მაშინ აღმოვაჩინე, რომ თბილიში არ არის მხოლოდ ის კორპუსები, რომელიც ჩემი სახლის ფანჯრებიდან და აივნიდან მოჩანს და გამოფენის ბაღი, სადაც დედა ხშირად მასეირნებდა, რომ არის ძველი თბილისიც, სადაც ხშირად დავყავართ ჩვენს თედო მასწავლებელს.და რომელიც პირველად ჩემმა პირველმა ხატვის პედაგოგმა-  ნათელა მაყაშვილმა დამანახა სხვა რაკუსით და მისი სიყვარული ჩამინერგა, მივხვდი, რომ თბილისი მარტო ის არ არის,რაც მე მეგონა. იგი უფრო დიდია და მრავალფეროვანი. თბილისია სოლოლაკის პატარა ქუჩებიც და რუსთაველის გამზირიც, ვაკეც და თბილისის გარეუბნებიც.სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის ულამაზესი არქიტექტურული შენობები ტურისტებს უფრო მეტად ხიბლავს, ვიდრე თვითონ აქ მაცხოვრებლებს, ვინაიდან ხანდახან ვხედავ აქაურების უდიერ, გულგრილ დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. თბილისში აღმოვაჩინე ზოოპარკიც, სადაც ხატვიდან, ზაფხულობით, პრაქტიკებზე დავდიოდით ბოლო სამი წლის განმავლობაში, წელს, პირველად, ვერ წავედით( მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. ძალიან დაგვწყდა გული მეც და სხვა ბავშვებსაც. ყველა ზოოპარკის თანამშრომელს, ლამის, პირადად ვიცნობდით, ვუყურებდით, თუ როგორი დიდი სიყვარულით უვლიდნენ ისინი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, თუმცა მათ შორის ბევრი გარეული ცხოველიც იყო. იქ ვნახე, თუ როგორი დიდი მეგობრობა შეიძლება აკავშირებდეთ ადამიანებსა და ფაუნის წარმომადგენლებს.. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ყარყატი, რომელიც ბავშვებს ფანქრებს გვპარავდა ხოლმე, ვეჩხუბებოდით, როგორც ადამიანს და უკან ვიბრუნებდით დაკარგულ ნივთებს.დღეს კარგად ვიცი, რა არის ჩვენი თბილისი. ის მრავალჭირნახული საქართველოს დედაქალაქია და ამაყად ატარებს თავის სახელს. ამიტომ არა მარტო ჩვენია, თბილისელების, ის ყველასია, თითოეული ქართველის, თითოეული საქართველოს მოქალაქის, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის. ის მთელი მსოფლიოსია, ის მთელ სამყაროს ეკუთვნის, რადგან უნიკალური და განუმეორებელია.
       ძალიან მიყვარს თბილისის გამჭვირვალე ცხოვრება, მაგრამ, როდესაც ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე მეჩვენებოდა, თავის გატანა არ ყოფილა ისეთი მარტივი, ბევრი უნდა იშრომო, რომ გქონდეს საჭმელი, ზოგი ადამიანი იჩაგრება, ისინი ვერ შოულობენ სამსახურს, იღებენ ვალებს ბანკიდან, რათა ცოლ-შვილი შიმშილით არ დაეხოცოთ, გამოსავალი არსაიდან რომ არ ჩანს, ვალებს ვალებს ამატებენ და  ბოლოს რჩებიან გარეთ, საცხოვრებელის გარეშე, წელს ჩემი ორი მეზობელი გამოასახლეს ბინიდან. დავინახე როგორ გამოჰქონდათ ავეჯი მათი სახლებიდან, როგორი სასოწარკვეთილი სახეები ჰქონდათ ოჯახის წევრებს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი უსამართლობაა, როდესაც მივდივარ სკოლაში ან სამხატრო სასწავლებელში, გზად ხშირად ვხედავ გაჭირვებულ ადამიანებს,რომლებიც ძალიან მეცოდებიან და გული შემტკივა მათზე, მათ დანახვაზე სწრაფად ვიჩხრეკ ჯიბეებს და ვცდილობ მცირეოდენით მაინც დავეხმარო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ არის საკმარისი, ცხოვრება ნელ-ნელა სულ უფრო რთული ხდება ან მე შევიცვალე და სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს, ხალხი იმდენად გადაღლილია ფიქრით თუ სად იშოვონ ფული, რომ  გარშემო ვეღარ ამჩნევენ ვერაფერს, დღის ბოლოს, საზოგადო ტრანსპორტში, სამხატვრო სასწავლებლიდან დაბრუნებისას, ადამიანების სახეებს დიდი ინტერესით ვაკვირდები, როგორი გადაღლილები, დასევდიანებულები და განაწამები არიან ისინი, ადრე კი მახსოვს, როდესაც დედას ავყავდი ავტობუსში, ხალხი სულ იღიმოდა, ერთმანეთთან საუბრობდნენ მგზავრები, ხუმრობდნენ და მძღოლიც გულიანად იცინოდა მათ უკბილო ხუმრობებზე, ძალიან მინდა, რომ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ხალხი ერთმანეთს ენდობოდა და ქალაქი ისევ აივსოს იმ დიდი სიყვარულით, რომლითაც ადრე ასე ცნობილი იყო.  ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩემს ლამაზ ქალაქს ღიმილი დაუბრუნდეს, რომელიც ყოველთვის ამშვენებდა,  მინდა ყველა იყოს ბედნიერი, დაბრუნდეს ის დიდი ერთგულება და ნდობა, რომელიც ადრე ჰქონდა ხალხს ერთმანეთის მიმართ. ხანდახან ვფიქრობ, კარგი იყო როცა შუქი ქრებოდა, მეც შევესწარი იმ დროს, მთელი ჩვენი ოჯახი ერთიანდებოდა, მე და ჩემი ორი უფროსი ძმა, დედ-მამა და ბებია, რომელიც ყოველთვის ემუქრებოდა და აშინებდა თელასის თანამშრომლებს, რომ ლიფტში კაცი გაიჭედა, ცუდადაა და სწრაფად ჩართეთ დენიო. დენი სწრაფად მოდიოდა, არადა კარგი იყო სანთლის მოციმციმე ალის ყურება და, ხშირ შემთხვევაში, სახლის ფანჯრიდან  თბილისის სხვა დასახლებების ცქერა, თემქის, მუხიანის, საბურთალოს და ა.შ სულ იმის გარკვევაში ვიყავით, ჰქონდათ თუ არა მათ დენი და  თუ ჰქონდათ, ჩვენ რატომ არ გვქონდა. ამ ისტორიების გახსენება ახლაც დიდ სიამოვენებას მანიჭებს, რადგან მთელი თბილისი ერთიანდებოდა, ქალაქი ივსებოდა მოლოდინით, რომ რაღაცა აუცილებლად შესრულდებოდა. მინდა იმედი დაუბრუნდეს ადამიანებს, რომლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
      მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვიყვარს თბილისის ქუჩებში სიარული. არ მომწონს, როცა აქ მოსიარულეს წინ ნაგავი მხვდება, ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მეტად უყვართ თბილისი და რომლებსაც, ალბათ, ნაკლებად, თუმცა შეიძლება მათაც ისევე უყვართ ჩვენი ქალაქი, როგორც ჩვენ, უბრალოდ არ იციან, როგორ მოიქცნენ. თბილისი არ არის მხოლოდ კარგი გოგოების და ბიჭების ქალაქი, ის ცუდი გოგოების და ბიჭების ქალაქიცაა. აქ არიან ნარკომანები და მეძავები, აფერისტები და ქურდები, ხულიგნები და ძველი ბიჭები, როგორც მათ ეძახიან, მაგრამ ეს ქალაქი მათიცაა და არა მგონია ჩვენზე ნაკლებად შესტკიოდეთ მასზე გული. მე თბილისის ყველა მაცხოვრებელი მიყვარს, ღარიბიც და მდიდარიც, "უფლისწულიც" და "მათხოვარიც", ყველას სატკივარი მტკივა, ისინი ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი არიან, ამ ქალაქის შვილები, ზოგი დროისა და ჟამისაგან განებივრებული, ზოგი კი- დაჩაგრული.
     შემოდგომაზე თბილისის ქუჩები მოფენილია ლამაზი წითელ-ყვითელი გამხმარი ფოთლებით, რომელზეც გავლა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა იმ უცნაური ხმის გამო, რომელსაც თითოეული  ნაბიჯის გადადგმა იწვევს. მომწონს ზამთარის ღრუბლიანი ამინდები, რადგან მცხუნვარე მზე მაღიზიანებს, წვიმიანი, ნისლიანი, ნაცრისფერი მუქი ღრუბლები ხანდახან სევდას მგვრის, ღრმა ფიქრებში გადავყავარ.  მიყვარს წვიმის თბილი წვეთები გაზაფხულზე, როდესაც თბილისში ყველაფერი იღვიძებს, ბუნება ხარობს და მწვანდება, მიხარია, როდესაც თედო მასწავლებელს დავყავართ ჩანახატების გასაკეთებლად ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩებში და მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ!.                ახლა კი, მე, პატარა თბილისელი გოგო, ვდგავარ თბილისის ერთ-ერთი ჭადრის ქვეშ და ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო ჩემი მონოლოგი, გამახსენდა, რომ ჭადრის თეთრი მფრინავი ბუმბულები სისხლს მიშრობს გაზაფხულზე, ალერგიას მაძლევს, მეც, ჩემს ძმებსაც, მაგრამ, როცა წარმოვიდგინე, რომ უნდა მოჭრან, დამენანა, ჩავეხუტე, ხელები შემოვხვიე და ვუთხარი- როგორიც არ უნდა იყო, მაინც ჩემი ხარ, მაინც მიყვარხარ.!- ახლა აგვისტოა, მაგრამ სკოლის დაწყებას სიხარულით ველოდები. არ მიყვარს ცარიელი თბილისი, ჩემი თანატოლების გარეშე. მინდა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაიბადოს და გაიზარდოს ჩვენს ქალაქში, რომ ის მუდმივი სიხარულის, მზის, სინათლის ქალაქი იყოს, რომლისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მინდა ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელები, ჩავხედოთ თვალებში და ერთმანეთს ვუთხრათ: მიყვარხარ!
     

No comments:

Post a Comment