Saturday, September 26, 2015

მეტროში(მოთხრობა)

  დაღლილი და გასავათებული ვიყავი. მეტროში ჩავედი, მუხლები მეკვეთებოდა, თვალებში ნისლი მედგა, სიცხე სულს მიხუთავდა, თითქმის ხელების ცეცებით ვიკვლევდი გზას, მატარებელი ახალი გასული იყო, ბაქანზე დავდექი  მოლოდინში, ხალხი ნელ-ნელა ემატებოდა, მალე იქაურობა მგზავრებით გაივსო, რატომღაც უცნაური ფიქრი ამეკვიატა, ნეტავ, როგორ იკლავს თავს ხალხი, ახლა რომ მატარებელს ჩავუვარდე, ჩემი ცხოვრებაც დასრულდება... მერე წარმოვიდგინე, რომ დაიწყებოდა იმის გარჩევა, ძალით ჩავუვარდი მატარებელს, თუ შემთხვევით... ტელევიზორშიც გამოაცხადებენ ამ ამბავს. შეიძლება იმიტაციაც მოვახდინო, ვითომ შემთხვევით გადავვარდი, ფეხი რაღაცას წამოვკარი, რომ თვითმკვლელის სახელი მაინც არ მქონდეს, მაგრამ შეცვლის ეს რამეს?! ნეტავ, ვის ვატყუებ, მაღლა ღმერთს არაფერი ეშლება, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის! - ვმსჯელობდი ჩემთვის. გამახსენდა, რომ თვითმკვლელები ჯოჯოხეთში ხვდებიან, ამიტომაც ყოველგავარი სურვილი დავკარგე ჩემი თავისთვის ზიანი მიმეყენებინა, აქაც მეყოფა ტანჯვა, საკმარისია, - ვიფიქრე და მატარებლის ვაგონში შევაბიჯე. ვიღაც ღვთისნიერმა კაცმა ადგილი დამითმო, მატარებლის ვაგონის კუთხეში დავჯექი და დამნაშავესავით მივიკუნჭე. თავს გავუბრაზდი ასეთი უცნაური ფიქრებისათვის, მიკვირდა, რომ მუდამ ოპტიმიზმით სავსემ, წლებთან ერთად, სიცოცხლის ხალისი  დავკარგე. შემდეგ გაჩერებაზე ქალი შემოვიდა, ბრმა იყო. ისეთი გულშიჩამწვდომი ხმით შემოსძახა სევდიანი სიმღერა, რომ თვალებში ცრემლები მომაწვა, დავაკვირდი, მისი თანმხლები მოხუცი ქალი, სავარაუდოდ, მისი დედა იყო. ეს ბრმა ქალი  მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე უნდა იდგეს და იქ მღეროდეს, ის კი... ფულს აგროვებს საჭმლისთვის. - გავიფიქრე და გული მომიკვდა, ყველა თავის ჯვარს ატარებს... ესაა ჩვენი ბედი. თავს ძალა დავატანე და ნელ-ნელა გამოვფხიზლდი, ვაგონში მყოფებს გადავხედე. ჩემ წინ ახალგაზრდა კაცი აღმართულიყო,  გვერდზე მისი ცოლ-შვილი იჯდა, ამაყი იყო, თავის ქალიშვილებს ესიყვარულებოდა, ცოლს ცოტა ბრძანების კილოთი ელაპარაკებოდა, თითქოსდა შემომხედეთ, რა კაცი ვარო, ისიც მორჩილად პასუხობდა. ბავშვების, განსაკუთრებით პატარას, ქცევებმა გამახალისა, ისეთი სინათლე მოჩანდა მის თვალებში, მეორე გოგონას სახეს ვერ ვხედავდი. მერე წინ მსხდომებს გადავხედე, მოხუცი ქალბატონი, დაახლოებით 80 წლისა, იჯდა შვილთან ერთად, საოცრად მოწესრიგებული იყო, ფრჩხილებიც კი გაკეთებული ჰქონდა, ვერცხლისფერი ლაქი ესვა. სუფთა, სუფთა, ლამაზ ვეფხვისფერებიან ბლუზაში გამოწყობილი, თვით სიცოცხლე იჯდა ჩემ წინ, მის თვალებში ისეთივე სინათლე მოჩანდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბავშვის თავალებში შევამჩნიე. მოხუცის ქალიშვილიც ამაყი იყო, ასეთი დედის გვერდით, მივხვდი, რომ ტყუილად არ შემოვედი ამ ვაგონში, ღმერთმა მიკარნახა, როგორ ვიცხოვრო. მარად ბავშვობა, აი, რა არის ბედნიერი ცხოვრების საწინდარი., ბავშვების თვალებით შევხედოთ ყველაფერს და მივხვდებით, რა საოცარია ეს ქვეყანა,რომელიც ღმერთმა გვისახსოვრა, რა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის სიცოცხლე და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას, გვქონდეს მომავლის რწმენა ბავშვებივით და ჩვენ წინ აყვავდება ბედნიერების ყვავილები. მივიხედ-მოვიხედე, ყველა ადამიანი სხვადასხვა ყვავილს მივამსგასე, მოხუცი სწორედ რომ წითელი ვარდი იყო, მასავით კეთილშობილი, პატარა გოგოები იები იყვნენ, მათი დედა კი - იასამანი. მთელი ვაგონი სურნელებით გაივსო და მეც წამოვდექი, გავისწორე ფრთები, დიახაც, ფრთები და პეპელასავით გამოვფრინდი ვაგონიდან.

No comments:

Post a Comment