ვილიამის მოსვლისთანავე ცოტა გულზე მომეშვა, მართალია, მის კატრინას სულ ცოტა ხანი ვიცნობდი, მის დანახვაზე ჩემი გული ისეთ ბაგაბუგს იწყებდა, როგორც უწინ არასდროს.
მისტერ ბლექმა გულგრილად დახედა ქალის ცხედარს, თვალებით ანიშნა თანამშრომლებს თავის საქმეს შესდგომოდნენ, ზოგი საპირფარეშოს დათვალიერებას მოჰყვა, ზოგიც კაფეში მომუშავე პერსონალს და იქ მყოფ ხალხს პატარა დაკითხვას უწყობდა. ჩემი მეგობარი ყურადღებით ათვალიერებდა მის დევიტსონის გამოფატრულ მუცელს, მე კი მხოლოდ იმ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე არსებას წარმოვიდგენდი, რომელსაც ცოტა ხნის წინ უნდა შევხვედროდი.. ჩემი მეგობარი მომიახლოვდა, მისთვის არადამახასიათებლად რბილი ტონით დამელაპარაკა:
- ფრედ, ძალიან ვწუხვარ, ვითვალისწინებ შენს მდგომარეობას, მაგრამ არ უნდა მოდუნდე, უნდა დამეხმარო და ერთად გავერკვიოთ ამ საქმეში, არ ვიცი რა ხდება ამ ქალაქში?! - თქვა და გამჭოლი მზერა მესროლა.
- ვიცი, ვიცი, მაპატიე. რამე ხომ არ აღმოაჩინე საეჭვო? - ვკითხე ძალდატანებით.
- სრულებით ვერაფერი, სუფთა ნამუშევარია, მკვლელმა იცის თავისი საქმე, პროფესიონალია, უბადლო. ერთმა რამემ კი მიიზიდა ჩემი ყურადღება.- მითხრა აღელვებით.
- გისმენ!- ვთქვი და ცნობისმოყვარედ მივაჩეერდი თვალებში.
-მის დევიტსონს ულამაზესი ბრილიანტების კოლიე უკეთია, ხედავ?! ალბათ, საკმაოდ ძვირფასია, საინტერესოა, საიდან აქვს ის მდივან ქალს? შეიძლება ეს არც არაფერში დაგვჭირდეს, ყოველ შემთხვევაში სავარაუდოდ, ეს თავდასხმა გაძარცვის მიზნით არ ყოფილა. - სხაპასხუპით ლაპარაკობდა ვილიამი.
- მაშინ ისღა დაგვრჩენია ხვალ კატრინას ახლობლებს გავესაუბროთ. - ვუპასუხე თავაუწევლად, დაჟინებით ჩავცქეროდი კატრინას ლამაზ სახეს.
- და მისი სახლი დავათვალიეროთ. - განაგრძობდა ჩემი მეგობარი.
-ხო, მაგრამ ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს, ჯერ კიდევ გაუხსნელი საქმე გვაბარია. - მისმა სულსწრაფობამ ამაღელვა.
-მოვასწრებთ, მე შეხვედრა უკვე დავუნიშნე უფროს ჰარისონს ხვალ, საღამოს, მასთან სახლში. - ეს თქვა ვილიამმა და ჩაიღიმა, კმაყოფილი ჩანდა.
დილას, კარებზე ზარმა გამაღვიძა, თავი ძლივს ავწიე, სასწაულად მეძინებოდა და მოთენთილი ვიყავი, ჩემი სტუმარი ვილიამი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, მაიძულა სწრაფად ჩამეცვა და მანქანით გამაქანა მის დევიტსონის სახლში.
კარები გაგვიღო ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ჩვენს დანახვაზე ზღვისფერი თვალები გაუფართოვდა. გვიუცხოვა, ჩვენი საბუთები წარვუდგინეთ, გაკვირვება ვერ დამალა. ბინა პატარა, არც თუ ისეთი მდიდრული, დალაგებული და სუფთა აღმოჩნდა, ძვირფასი ფრანგული სუნამოების სუნი ტრიალებდა ჰაერში. ბლექი თავის ჩვევას არ ღალატობდა და ყველა საგანს ხელს კიდებდა, ათვალიერებდა, ხოლო მადმოაზელი, რომელიც სახლში შეგვიძღვა, ჩემს მეგობარს თვალს არ აცილებდა, ცხადზე ცხადი იყო, ის მოეწონა.
ქალი ძალიან გამხდარი, მაღალი, ლამაზი, შავთმიანი, სასიამოვნო გარეგნობის გახლდათ. ჩანდა, რომ საკმაოდ ნერვიული ბრძანდებოდა მის ელიზაბეთ სტუარტი, მინდოდა რაც შეიძლება რბილად ამეხსნა მისთვის სიტუაცია და გავსაუბრებოდი.
-მის ელიზაბეტ, თქვენ ვინ ბრძანდებით მის დევიტსონისთვის?
-მისი უახლოესი მეგობარი და ერთადერთი ახლო ადამიანი საერთოდაც.- ნერვიულად და მკაცრად მიპასუხა მან.
- დიდი ხანია რაც იცნობთ ერთმანეთს? - რბილი ტონით ვკითხე, მეშინოდა მეტად არ გაღიზიანებულიყო, თანაც ველოდებოდი მისი რჩეული როდის ჩაერთვებოდა საუბარში.
- დაახლოებით სამი წელია. - უინტერესოდ მიპასუხა, სიგარეტს მოუკიდა და ვილიამსაც შესთავაზა, რომელმაც თავის მოძრაობით ანიშნა, რომ არ უნდოდა.
-გასაგებია, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
-რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ რა დაკითხვას მიწყობთ? სიმართლეს გეტყვით, ძალიან ჩაკეტილი და უცნაური ადამიანია კატრინა, თითქმის არაფერს ყვება თავის ცხოვრებაზე, მე კი თუ დავიწყე ვერ გავჩერდები...ეს მარტოხელა ქალების ჩვევაა. -გავიფიქრე, რომ პირდაპირ ვილიამს იღებდა ეს ქალბატონი მიზანში.
-გუშინ ღამით სახლში იყო თქვენი მეგობარი?- ვკითხე უკვე დაღლილმა.
-არა, საერთოდაც ხშირად არ მოდის ხოლმე ღამით სახლში, სულ თავის კავალერთანაა.
-აქედან უკვე კონკრეტულად! -სწრაფად ჩაერთო საუბარში ბლექი.
- ღმერო ჩემო... მე ბევრი არაფერი ვიცი, უბრალოდ ვიღაც მდიდარი საყვარელი ჰყავს, რომელიც ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს, მაგრამ თქვენთან რატომ უნდა ვამბობდე ამ ყველაფერს, რაშია საქმე? -აფორიაქდა ქალი, მაგრად მოქაჩა სიგარეტი.
-როგორც ჩანს, მართლაც ანებივრებდა, სხვა არაფერი იცით ამ კაცზე? -კატეგორიულობა გაისმა ვილიამის კითხვაში.
- არა, არა, რომ ვიცოდე, ხომ გეტყოდით, მისტერ ბლექ, თქვენ არ დაგიმალავდით, მაგრამ... არის რაღაც.. ერთხელ ღამით ფანჯრიდან თვალი მოვკარი, რომ მოაცილა კატრინა სახლამდე, იმ კაცს ჭაობისფერი პალტო ეცვა, მასეთი სხვაზე არც კი მინახავს,თავზე კი ჩვეულებრივი ქუდი ეხურა, სახე ვერ დავინახე, ეს თუ რამეში დაგეხმარებათ, სხვა არაფერი არ ვიცი, რადგან არც მაინტერესებს. - ამბობდა და თვალებს უპაჭუნებდა ჩემს მეგობარს.
-კარგი, საკმარისია, მადლობა, სამწუხაროდ თქვენი მეგობარი გუშინ ღამით კაფეში მოკლეს, ღრმად ვწუხვარ...ჩვენ ვიძიებთ ამ საქმეს. -უთხრა ვილიამმა და კარისკენ გაემართა.
ქალის სახეზე სევდა აღიბეჭდა, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ კარის დაკეტვის შემდეგ გავიგონეთ მისი ხმამაღალი ტირილი.
მანქანში ჩავსხედით, ვილიამმა გახარებულმა გამომხედა.
- მე რაღაც ვიპოვე, რაც ამ ორ საქმეს აკავშირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მკვლელი გვეთამაშება... - მან გულის ჯიბიდან ყოველგვარი წარწერის გარეშე კონვერტი ამოიღო...
No comments:
Post a Comment