Friday, July 21, 2017

მთვარის საიდუმლო (VII თავი)

 ვილიამს სახეზე გაოცება აღბეჭდვოდა, მას ხელში კონვერტი ეჭირა, ყოველგვარი წარწერის გარეშე
- ეს აქ ნამდვილად არ იყო, ვიღაცამ გზავნილი დაგვიტოვა...
 მე ჯიბიდან სასწრაფოდ ამოვიღე ხელთათმანები და მეგობარს ხელიდან გამოვტაცე ნივთმტკიცებულება, რომელზეც შეიძლება პოტენციური დამნაშავის თითის ანაბეჭდები დარჩენილიყო.
 -სწრაფად გახსენი! - დაძაბული ხმით მითხრა ვილიამმა და ჯიბის ფანარი მოანათა ქაღალდს. ფრთხილად გავხსენი კონვერტი, ფურცელი ძალიან ლამაზი კალიგრაფიით ბურთულიანი კალმით იყო დაწერილი, ამას კი ნამდვილად არ მოველოდი, ეს გზავნილი პირადად ჩემს მეგობარს ეკუთვნოდა, მასში კი შემდეგი ეწერა: '' მისტერ ვილიამ ბლექ, თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ და სასაცილოდაც შეიძლება არ გეყოთ, მაგრამ მე თქვენ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდით, ძალიან გთხოვთ შემხვდით კაფე "შანსონში'' ხვალ, საღამოს შვიდ საათზე.
პატივისცემით, კატრინა დევიტსონი."
    ვილიამმა ვერ მოითმინა და  სიცილი წასკდა, მეც გამეცინა, თუმცა სიმწრისაგან.
- ისევ შენ გაგიმართლა მეგობარო, მშვენიერმა ქალმა პაემანი დაგითქვა.
- სულ არ მცალია უაზრო დროის ხარჯვისთვის იმ ქალბატონთან, ამის გარდა, კაბინეტში შემოსვლისთანავე შეგამჩნიე, რომ ის მოგეწონა, ჩემს პრინციპებს ასევე ეწინააღმდეგება ისიც, რომ ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შორის დიდია და რაც მთავარია, სულაც არ არის ჩემი გემოვნების ქალი, ასე, რომ შეგიძლია შემეცვალო, მე კი საქმეს მივხედავ და ვეცდები უფროს ჰარისონს, მაიკლს შეხვედრა დავუთქვა, იმან ხომ არ მოიშორა თავიდან მომავალი სარძლო?! - იკითხა და ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო. დავიბენი, არ ვიცოდი დავთანხმებულიყავი თუ არა  მის წინადადებას.
   მეორე დღეს კაბინეტიდან არ გამოვსულვარ, არც მისტერ ბლექს შემოუვლია ჩვეულებისამებრ ჩემთან, ეტყობა ბევრი საქმე ჰქონდა, ახალი მდივნისკენაც ხანდახან გავაპარებდი ეჭვიან მზერას და მინდოდა ქალის სახეზე რამე ამომეკითხა, მაგრამ ის სრულებით გულგრილი იყო ჩემს მიმართ და მხოლოდ საქმისადმი იჩენდა უდიდეს ყურადღებას. სულ ვფიქრობდი, ღირდა თუ არა პაემანზე ჩემი მეგობრის ნაცვლად მისვლა და მის დევიტსონის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, ბოლოს სულმა მაინც წამძლია და სამუშაო დღის ბოლოს გავემართე დანიშნული ადგილისაკენ. გადავწყვიტე მომებოდიშებინა ქალისთვის მეგობრის მიუსვლელობის გამო და ყვავილები მიმერთმია მისგან. ყვავილების კიოსკში დიდხანს ვათვალიერე თაიგული, მინდოდა მათ შორის ულამაზესი ამერჩია.
  სუსხიანი ამინდი იდგა, უკვე ბნელდებოდა, ქალაქის ქუჩებში ბურუსი წვებოდა, თუმცა ლამპიონების შუქი ებრძოდა სიბნელეს, მომეჩვენა თითქოს ვიღაცა მომყვებოდა, მაგრამ საეჭვო ვერავინ შევამჩნიე, კაფესთან ბევრი ხალხი იდგა, შემსვლელიც ბევრი იყო და გამომსვლელიც, ფანჯრიდან შევიხედე, თვალებით ვეძებდი კატრინას, შევამჩნიე, როგორ მიემართებოდა საპირფარეშოსკენ, ლამაზ ალისფერ კაბაში გამოწყობილი. ამ კაფეს კარგად ვიცნობდი, თავის დროზე მე და ვილიამი აქ დავდიოდით დროის გასატარებლად, სამსახურთან ახლოს იყო. ამიტომ შესვლისთსნავე შინაურივით თავისუფალი მაგიდისკენ გავემართე და მის დევიტსონის მოლოდინში სკამზე გავიტრუნე, თვალები მიპყრობლი მქონდა იქითკენ, საიდანაც ის უნდა გამოჩენილიყო, ოც წუთზე მეტი გავიდა, ქალი კი არსად ჩანდა, საყვედურები მოისმა, ქალების საპირფარეშოს კარი გაფუჭებულიყო და ვერავინ ვერ შედიოდა შიგნით. გულმა რეჩხი მიყო და გადავწყვტე კაფეში მომუშავე პერსონალს დავხმარებოდი კარის გაღებაში. აღმოჩნდა, რომ ვიღაცას შიგნიდან საგულდაგულოდ ჩაეკეტა, სხვა გზა არ იყო, ის უნდა შეგვემტრია. როგორც ყველაზე გამოცდილმა, ეს საქმე ჩემს თავზე ავიღე, ერთი მხრის დაჯახებით საპირფარეშოში ავღმოჩნდი, სადაც ყველაფერი წითლად იყო შეღებილი, ფეხები სისხლიან გუბეში მედგა. რაც დავინახე, არასდროს დამავიწყდება... ულამაზესი კატრინა გაყინული თვალებით მომჩერებოდა, მათში შიში და სასოწარკვეთა აღბეჭდილიყო, მისთვის მუცელი სულ მთლად გამოეფატრათ  

ბასრი საგნით, საჩქაროდ გამოვიძახე ვილიამ ბლექი და სხვა თანამშრომლები. ძარღვებში სისხლი მიდუღდა, მინდოდა მკვლელი საკუთარი ხელებით მომეღრჩო. მოულოდნელად, სადღაც გარედან, შუა ქალაქში, უცხო ნადირის ყმუილი შემომესმა, იქ მყოფებს შიშის ზარი დასცემოდათ.
  

No comments:

Post a Comment