პატარა ძაღლი ვარ, პატრონს ძალიან ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს პაპა გიორგი, ბავშვები ასე ეძახიან. მოხუცია, არავინ ელაპარაკება ან თითქმის არავინ, მარტო ცხოვრობს. ის და მე ერთგული მეგობრები ვართ. გამოვდივართ სახლიდან, მივაშურებთ მაღაზიებს, აფთიაქებსაც ხშირად ვსტუმრობთ, ხანდახან მისი შვილიშვილი მზიაც მოდის ჩვენთან ერთად სასეირნოდ, როცა პაპას სტუმრობს.
ახლა აქ ვდგავარ, ვიცი, რომ სადღაც უცხო ადგილზე წამოვედით მე და ჩემი პატრონი, საავადმყოფოს ეძახიან. მე გარეთ დავრჩი, მითხრა აქ დამელოდეო, მეც ველოდები. დრო იწელება, მე მგონი მთელი საუკუნე გავიდა, რაც პატრონი თვალს მიეფარა. ყველა მე მიყურებს,ზოგს ჩემი მოფერება უნდა, მაგრამ არავის ვიკარებ, აგერ ბავშვებმა ჩამიარეს, - რა ლამაზია, - იძახიან, - ალბათ დაიკარგა. გზაზე გადავიდნენ, ლამის მეც გავყევი, იქნებ ჩემს მზიას იცნობენ, გავიფიქრე. ახლა ვიღაც მოხუცი კაცი მომიახლოვდა, - დაიკარგე, გენაცვალე?! - მითხრა ალერსით, მაგრამ დავუღრინე, ემანდ, ხელი არ მტაცოს და არ წამიყვანოს მეთქი. მაღაზიიდანაც გამოეფინენ ქალები, ბჭობდნენ, ნეტა ვისი ძაღლია, პატრონი როგორ მოვძებნოთ, ჩანს, რომ ჯიშიანია, მოვლილი, საყელურზე იქნებ რამე ეწეროსო, მაგრამ მე ახლოს ვის მოვუშვებდი შიშით, ადგილზე გაუნძრევლად ვიდექი. პატრონს სასტიკად ვყავდი გაფრთხილებული, რომ სადაც დამტოვებდა, იქიდან ფეხი არ უნდა მომეცვალა. როგორც მაღაზიის გამყიდველმა თქვა, ოთხი საათი გავიდა, რაც იქ ვიცდიდი, ჩამობნელდა კიდეც, თვალებს ვაცეცებდი, პატრონი რომ არ გამომპარვოდა. ბოლოს სიხარულით შევხტი, ჩემი მზია დავინახე დედამისთან ერთად. მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს. მაინტერესებდა, პაპა გიორგი სად იყო, ვცდილობდი პასუხი ბავშვის თვალებში წამეკითხა, მზერას მარიდებდა. სახლში მივედით, მაგრამ პატრონი ვერსად ვნახე, მხოლოდ შუა ოთახში დადგმულ ტახტს მივაქციე ყურადღება, ზედ დიდი შავი ყუთი იდგა. ვხედავდი შავოსან ქალებს, მოტირლებს, ყველას ფეხებში ვებლანდებოდი, ბოლოს ვიღაცამ იკივლა, მომაშორეთ ეს ძაღლი აქედანო, კუთხეში მივიყუჟე შიშით, გარეთ არ გამაგდონ-მეთქი. მზია მეფერებოდა, შენი თავი პაპამ მე დამიტოვაო. მას მერე პატრონი აღარ მინახავს. ახლა მზიასთან ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან მენატრება ჩემი უწინდელი მეგობარი, იმედი მაქვს, რომ როდისმე ერთმანეთს კიდევ შევხვდებით.
No comments:
Post a Comment