Thursday, August 6, 2020

კრიმინალური ისტორიებიდან (ნამდვილი ამბავი)

  ქალს ორი ჰყავდა, 20 წლისას ტყუპი ვაჟი ეყოლა, ერთი ჯანმრთელი, ჯანსაღი, მეორე - სუსტი, ავადმყოფი. მას მერე მოსვენება არ ჰქონია, გადაეგო სუსტსა და ავადმყოფს, როგორმე გადავარჩინო, ვაცოცხლოო. სულ იმის მოვლასა და მასზე ზრუნვაში იყო. ქმარი ექიმი გახლდათ, ლამაზი კაცი იყო, ქალები მოსვენებას არ აძლევდნენ, ცოლის ყურადღების გარეშე დარჩენილმა რამდენიმე საყვარელი გაიჩინა, ბოლოს ვეღარ გაუძლო სახლში შექმნილ მდგომარეობას, ავადმყოფი შვილის ყურებას და ოჯახი მიატოვა. მაშინ 11 წლისები იქნებოდნენ ბიჭები. უფროსი, ნიკი, მშრომელი და ყურადღებიანი გამოდგა, დედის დამხმარე და მარჯვენა ხელი. როცა დედა სამსახურში იყო, ის უვლიდა ძმას, ეცოდებოდა გაწამებული დედა, კარგად სწავლობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, ექიმი გახდა, რომ უკეთესად დახმარებოდა ოჯახს. ვერც ცოლი მოიყვანა, ცალკე ბინა რომ ეყიდა, იმის საშუალებაც არ ჰქონდა, მთელი მისი ხელფასი ძმას ხმარდებოდა. 31 წლისები გახდნენ. ნიკის მთელი ცხოვრება დედა და ძმა იყვნენ. დამძიმდა სევის მდგომარეობა, თირკმლის გადანერგვა გახდა საჭირო. დედამ თავისი თირკმელი შესთავაზა ექიმებს, ჩაუტარეს გამოკვლევები, მაგრამ მისი თირკმელი გადანერგვისთვის არ გამოდგებოდა, ნიკმა მამის მონახვა გადაწყვიტა, ოცი წელი თვალით არ ენახა, იქნებ, შერცხვეს და შვილს თირკმელი მაინც მისცესო. სხვა ქალაქში იპოვა, ლამაზ ქალთან ცხოვრობდა. ატირდა მამა, მე თვითონ ავადმყოფი ვარ, ჩემი თირკმელი არ გამოგადგებათო. ნიკს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, თავისი თირკმელი შესთავაზა ექიმებს. დედა გახარებული იყო შვილის საქციელით, გმირი ხარო, ეძახა. ოპერაცია წარმატებით დამთავრდა, მაგრამ ცოტა ხანში ორივე ძმას ღებინება დაეწყო, მოწამვლის ნიშნები სახეზე იყო. ავადმყოფმა ნაოპერაციევმა სევმა ვერ გაუძლო ამ დილემას და გარდაიცვალა. დედა განადგურებული იყო, ექიმმა ეჭვი მიიტანა, რომ  ძმები ვიღაცამ მოწამლა, მაგრამ ვინ, ვერავინ მიხვდა. მედპერსონალის გარდა იქ არავინ არ იყო.  ნიკი მალე გაწერეს საავადმყოფოდან. დედა ახლა მას დასტრიალებდა თავზე, ერთი წუთით არ შორდებოდა, თვალებში უყურებდა, ეს ერთი შვილიღა დარჩენოდა. მთელი თავისი სიყვარული მასზე გადაიტანა. ერთ დღეს სახლში მისულმა ლაპარაკი მოისმინა, ნიკი ვიღაცას ესაუბრებოდა, ყველაფერი გამომივიდა, როგორც იქნა, გავისტუმრე დედაჩემის მტანჯველი საიქიოს, იმდენი უნდა გვეწვალა და ეგ მაინც მოკვდებოდა, ჩვენ კი შეგვიწირავდაო. ქალი გაოგნდა, ამას კი ნამდვილად არ ელოდა, გმირი შვილი მისთვის უცებ საწყალობელი გახდა. საღამოს ჩაი მიუტანა ლოგინში, მისი საყვარელი ნამცხვარიც გამოაცხო, ახლაღა გაიგო, რომ ნიკს სხვა ნამცხვრები უყვარდა, ვიდრე სევს, ის კი მხოლოდ სევის საყვარელს აცხობდა, შვილს თავზე მოეფერა, ბოდიში მოუხადა, დედის ყურადღება გაკლდა, ძმის გამოო. ღამის ორ საათზე ჩაძინებულ შვილს მიუახლოვდა ბალიშით ხელში, სახეზე დაადო, დასუსტებულმა ნიკმა დიდხანს ვერ გაუწია წინააღმდეგობა. ძმის მკვლელს არ უნდა ეცოცხლაო, ბუტბუტებდა თავისთვის. შეურაცხადად მიიჩნიეს. ახლა აწყდება პალატის ფანჯრებს, შვილებს ეძებს.

No comments:

Post a Comment