Sunday, May 28, 2017

ერთსტროფიანები

ავანთებ სანთელს და გავჩუმდები, 
მამა ღმერთს ჩემი უსიტყვოდ ესმის,
შენ კი, ბოროტო ადამიანო,
რად აღგიჭურვავს სიტყვები ნესტრით.

მძივებს შორის, მძივებს შორის,
მაინც რჩება სივრცე და 
ამ სივრცეს, როგორც მძივებს, 
მხოლოდ ძაფი იჭერს.

გავტყდები ისე, როგორც გატყდა ოდესღაც მამა,
როცა დანისლა მაღალი მთა სეტყვამ და წვიმამ,
ღვარცოფმა გულში ჩაატანა ღორღი და რკინა,
ნაომარ ველზე მეც მის გვერდზე დავიდებ ბინას.


რა ცოდვებმა ამოგვზიდა მიწიდან,
ან რა ცოდვით ვწვებით ისევ მიწაში,
ღირს კი ნეტავ, ეს ცხოვრება ღიმილად,
თუ კი კაცის სიკეთეს არ იწამებ.

No comments:

Post a Comment