მოგესალმებით, მეგობრებო, მშვიდობას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, მთელ ქვეყანას, მსოფლიოს! მინდა აღვნიშნო, რომ პატივმოყვარეობა ისევე დიდი ცოდვაა, როგორც ვერცხლისმოყვარეობა და სხვანი! ადამიანები იბრძვიან ცნობილნი გახდნენ, ის რა ჯარისკაცია, გენერლობაზე არ ოცნებობდეს, ამისთვის ათასგვარ ხერხებსაც მიმართავენ, ზოგი უკადრისს კადრულობს, მაგრამ მცირეხნიანი წარმატება მხოლოდ მათ გულებს რგებს, ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო!:, დროის საცერი მზეკაბანს ქატოსგან გამოარჩევს და სულის საზრდოდ იმას დაუტოვებს ჩვენს ერს. რაც გინდა ვბეჭდოთ წიგნები, ვხატოთ, ვწეროთ სიმღერები, ხალასი, ჯანსაღი, ის რაც ფესვს უმაგრებს ქართულ მიწას, გადარჩება, სხვა ყველაფერს უფსკრულები მოხვეტენ და დაასამარებენ თავის წიაღში. რა ბედენაა დროებითი წარმატება, მაგრამ მაინც გვიხარია, როცა გვეფერებიან, გვაქებენ, გვადიდებენ. მამა მეუბნებოდა, არ გინდოდეს დაუმსახურებელი ქება, ბევრ რამეს ჩემი შვილებისგანაც ვსწავლობ. მახსოვს, სამხატვრო სასწავლებელში რომ დამყავდა ჩემი სოფიკო, ზოგი მშობელი საჩუქრებით მოდიოდა მასწავლებლებთან, მისი შვილისთვის მეტი ყურადღება რომ მიექციათ და მაღალი ნიშანი დაეწერათ. ჩემს შვილსაც მინდოდა დავხმარებოდი, გული სტკიოდა ამ სიტუაციის გამო, ჩემთან არ მოდიან პედაგოგები, არ მასწავლიან, ყურადღებას არ მაქცევენ ხატვის დროსო, სასტიკი უარი განმიცხადა მაშინ, არავისი მოქრთამვა არ მჭირდება, ჩემი ნიშნები ის იქნება, რასაც ვიმსახურებო. ასეთი ხასიათი გვქონდა მე და ჩემს და-ძმებსაც, ასეთი აქვთ - ჩემს შვილებსაც. დაე, რასაც ვიმსახურებთ, ის მივიღოთ! შეიძლება ეს ცუდია, რაღაც კუთხით, ადამიანს დახმარება მაინც სჭირდება, ვიღაცამ უნდა დაინახოს, შეაფასოს, მოიწონოს, მაგრამ არა ფარისევლურად! ყველაზე დიდი განძი ამ ქვეყანაზე სუფთა და ხალასი გულია, ვინც მას ფლობთ, თქვენია ცათა სასუფეველი! გაიხარეთ, გამრავლდით!
No comments:
Post a Comment