ჩემი ბავშვობა ჩემი შთაგონების წყაროა. არ იყო იგი უღრუბლო, მაგრამ კარგი, რაც მქონდა, არასდროს მავიწყდება. ან რა საჭიროა ცუდზე ლაპარაკი?! მდინარეების ყურება მიყვარდა. საქართველოში ჩქარი მდინარეებია, ანცი, მხიარული, მქუხარე, ბობოქარი, ქვებზე გადაევლებიან ტალღები, ნაპერწლ;ებს ისვრიან. წყლის წვეთები ათასფერად ანათებენ მზის შუქზე, ელვარებენ და ბრწყინავენ, დიდხანს ვუყურებდი ხოლმე ამ ჯადოსნურ სილამაზეს, რომელიც ჩემს პატარა გულში სითბოდ, სიყვარულად იღვრებოდა. უკრაინაში მდინარეები უფრო ნელია, მახსოვს, სადაც ჩვენ, მე და ჩემი და-ძმები, ვისვენებდით ხოლმე, ერთ მდინარეზე რამდენიმე მორკალული ხიდი იყო გადებული. დავდგებოდი იმ ხიდზე და ჩავცქეროდი მდინარის ტალღებს, მუქი მწვანე ფერი ჰქონდა, არა ცისფერი ან ლურჯი, როგორც ჩვენს, საქართველოს მდინარეებს, მაგრამ ისიც მომწონდა არაჩვეულებრივი ფერის გამო. იმერეთში რომ ჩავდიოდი, დავაგუბებდით ბავშვები მდინარეს, ქვას ქვაზე ვაწყობდით, რა სიხარული გვქონდა, ერთმანეთს ვაწოდებდით, ვკისკისებდით, ვხუმრობდით, მერე ვბანაობდით დაგუბებულ წყალში. ბოლოს დიდ გაშლილ თეთრ ქვებზე წამოვწვებოდით და მზეზე ვირუჯებოდით. ზოგჯერ თევზებს ვუთვალთვალებდი. გაიელვებდნენ წყალში, კუდს მოიქნევდნენ და გაქრებოდნენ, ისე როგორც გვიქრება ბავშვობა თვალ და ხელ შუა, კიდევ კარგი, მოგონებები რჩება ჩვენთან.
No comments:
Post a Comment