მას მერე, რაც მწერლობას მოვკიდე ხელი, უფრო სწორედ, წერამ ამიტანა, სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ, ყურადღებით ვაკვირდები ადამიანებს, ჩემი მოთხრობების და ნოველების პერსონაჟებად რომ ვაქციო. ვნანობ, რომ ახალგაზრდობაში არ ვიყავი სათანადოდ ყურადღებიანი და ბევრის მაჯისცემას, ფიქრებს, საწუხარს ვერ გვგრძნობდი. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მაინც დამამახსოვრდა, თუმცა ერთი-ორჯერ თუ მინახავს.
ერთხელ ზაფხულში ბათუმში მიმიწვია მეგობარმა დასასვენებლად,. სტუდენტი ვარ, არაჩვეულებრივი ოჯახი მმასპინძლობდა. ოჯახის წევრებს მოყირჭებული ჰქონდათ ზღვაზე გასვლა, ამიტომ მარტო დავდიოდი ხოლმე პლიაჟზე. მთელი დღე იქ ვიყავი, შუადღისას საჭმელიც იქ მოჰქონდათ. როგორ არ ვიწვებოდი, მიკვირს, თუმცა მოგეხსენებათ ბათუმური ამინდები, ნახევარჯერ წვიმდა და კარგ ამინდს და მზეს ვეშურებოდი. ერთი და იმავე ადგილას ვწვებოდი ხოლმე. გვერდზე ერთი და იგივე ოჯახი ამოეფარებოდა ქოლგას, ცოლ-ქმარი ახალგაზრდა ვაჟითურთ. ქალი რამოდენიმეჯერ გამომელაპარაკა კიდეც, მკითხა სად ვსწავლობდი, რას ვსაქმიანობდი. შვილს, რა ერქვა, არ მახსოვს, ფერმკრთალ ყმაწვილს გვერდზე მოივამდა და წყალში არ უშვებდა. ქოლგის ქვეშ იჯდა, წიგნებს კითხულობდა. არასოდეს დავლაპარაკებივარ. სხვა ახალგაზრდები ცდილობდნენ გამოლაპარაკებას, რუსი ვეგონე, მეც ვიფერებდი, თქვენი დამტვრეული ლაპარაკი არ მესმის-მეთქი, ხმას არავის ვცემდი. პირში წყალი მქონდა დაგუბებული. წამოსვლის დღეც დადგა, უკანასკნელად გავედი პლიაჟზე, მიყვარს ცურვა, თვითონ ვისწავლე, ზღვა კი ჩემი უდიდესი სიყვარულია. ჩავედი წყალში, ტალღებს მოვეფერე თუ ისინი მომეფერნენ, წყლიდან გამოსვლა დავაპირე, თავი რომ ავწიე, ვხედავ, იმ უცნობმა ყმაწვილმა, დედასთან ერთად რომ იჯდა ხოლმე, ჯერ ხელი, მერე ფურცელი მომაწოდა, გამოვედი წყლიდან, გადავხედე, ლექსები ეწერა, გამიკვირდა, გაოცებულმა უკან დავუბრუნე, სველ ხელს ვერ მოვკიდებ მეთქი. გაბრაზებული ქაღალდიანად თავის ადგილზე დაბრუნდა. რომ დავჯექი, აღარ მოუწოდებია. მალე წავიდა დედა-შვილი, მათ ადგილას დახეული ქაღალდი დარჩა. ხელში ავიღე ერთი ნაგლეჯი, ზედ ეწერა:
ქარიშხალი ვარ და სხეულზე ისე გევლებით,
მსურს წაგიყვანოთ სამოთხეში, ბაღში ედემის,
მაგრამ რადგანაც ვერას გავხდი თქვენზე შეტევით,
წვიმად ვიქცევი და მოგილბობთ მაგ გულს ცრემლებით.
მეორე ნაგლეჯზე ეწერა:
ვიცი, რომ თქვენთვის მე ვარ ხორცმეტი
და მოგლეჯილი მტკივა სხეული,
სხვა აღარ წამიკითხავს, ეს სტრიქონები კი თავში ჩამებეჭდა, მერე ვინერვიულე კიდეც, მეტი ყურადღება გამომეჩინა ამ ერუდირებული ადამიანის მიმართ-მეთქი. ის კი არა და, სახეზე როგორი იყო, ისიც არ დამამახსოვრდა. მაგრამ, რომ იტყვიან, ხელნაწერები არ იწვის. დღეს ჩემი პოსტის ნაწილიც გახდა...
მაია დიაკონიძე
ასეთი ვიყავი მაშინ, როგორიც ვარ აღბეჭდილი ამ ფოტოზე, ერთი თვით ადრეა ალახაძეში გადაღებული, ღონისძიებაზე ,,ინტერბანაკში"
31.01.2023წელი
No comments:
Post a Comment