ამ ქვეყნად ერთი გოგონა იყო, ღვთის შვილი. მათ კი, როგორც ვიცით, ღმერთი რამე სასწაულის ქმნის უფლებას აძლევს. სთხოვა უფალს პატარა მარიჯანმა, ცაზე ვარსკვლავების დაკიდების უფლება მომეციო. ღმერთმაც აუსრულა თხოვნა პატარას. მას მერე მარიჯანი ყოველ ღამე გამოკიდებს ხოლმე ვარსკვლავებს ცაზე., თუმცა ხანდახან ისინი არ ჩანან, ღრუბელი ეფარებათ. მარიჯანი კი მათ ყოველთვის ხედავს. მისი თვალსაწიერი უსაზღვრო და უნაპიროა, როგორც კოსმოსი. ერთ ღამეს მარიჯანმა მხოლოდ ორი ვარსკვლავი გამოკიდა ცაზე, უნდოდა, ყველაზე მეტად ეკაშკაშათ, გაენათებინათ ცა, ისიც გაეთბოთ. მაგრამ ამ ორმა ერთმანეთთან შეჯიბრი გადაწყვიტეს, თავიანთი თავის მეტს ვერავის და ვერაფერს ხედავდნენ, გაიბერნენ, გაიბერნენ. შუქი ემატებოდათ და ემატებოდათ ერთმანეთის ჯიბრზე, ასეთ სივარვარეს ვეღარ გაუძლო მათმა სხეულებმა და დასკდნენ, დაიფანტნენ ათას ნაწილად, მეტეორებად იქცნენ, ზოგიერთი დედამიწაზეც ჩამოვარდა. მათი შავი ნაწილები გვახვედრებენ, რა მოუვა გადიდგულებულ, გაფუყულ ადამიანსაც. მას მერე მარიჯანი ცაზე მრავალ ვარსკვლავს გამოკიდებს ხოლმე, ისინი ათასფერად კაშკაშებენ და ელავენ, ერთმანეთს ავსებენ ფერით და სილამაზით, თქვენც ყველას გინახავთ, რა ლამაზია ვარსკვლავებიანი ზეცა. ისინი ერთად ქმნიან ამ მშვენიერებას.
No comments:
Post a Comment