არც მთლად სალაღობო!
(ფშაურ კილოზე)
უკვე იმ ხნისა არა ვარ,
წყვილს ვერ ვარჩევდე კენტშია,
მათხოვრებ — ქუჩაში სხედან,
ვაჭრები — პარლამენტშია!
გაყიდეს სინდის – ნამუსი,
ახლა მიწებსა ჰყიდიან,
მზე — მთვარესავით, ერთმანეთს
სცვლიან და ... არსად მიდიან!
ჩვენს ჯიშსა და რჯულს ოდითგან
ვინაც ეომა, ემტერა,
ყველა აქ შემოასახლეს, –
მოლა არის თუ ტერტერა!
არც ეროვნება აღარ გვაქვს
და არც სახელი მამისა...
ხვალ უარესი მოგველის,
წინათგრძნობა მაქვს ამისა!
უაზრო ომებში გაწყდნენ
ქვეყნის საჯიშე ბიჭები...
ქართული მიწა არ გვრჩება,
ცალ ფეხის დასაბიჯები!
სამშობლოს ერთგულებისა,
არვის არ ახსოვს ფიცია...
დღეს პოზიცია არა გვყავს, —
ყველაა ოპოზიცია!
ქ. თესალონიკი, 23. 01. 2022 წელი
არც მთლად სალაღობო!
(თემის გაგრძელება)
ჩავცქერი ,,ქართლის ცხოვრებას ", –
კარგი რა ემახსოვრება...
ჩვენს ერს არასდროს ეღირსა
დალხინებული ცხოვრება.
კეთილ კუსავით გაგვყავდა
წყალგაღმა, მორიელები,
მათ ,,განტევების ვაცივით"
ზურგზე გვაწმინდეს ხელები.
მშიერს ჩვენს ლუკმას ვუყოფდით,
ტანს ვაცვით ჩვენივ პერანგი...
სიკეთედ არ დაგვიბრუნდა,
სიკეთის ის ბუმერანგი!
ირგვლივ ცრუ დაპირებები,
ნაღდს არსად არვინ გვპირდება,
ბარაბაშიაც გაგვცვლიან, –
ნურც ჯვარცმა გაგვიკვირდება!
არც ვინმეს ვალი არა გვაქვს,
ვერც რამეს დაგვამადლიან...
არ მოგვეშალოს იმედი, –
მართალთან უფლის მადლია!
No comments:
Post a Comment