Saturday, September 9, 2023

ქუჯის ფესტივალზე გაგზავნილი, 2023 წელი

 

ავტ. მაია დიაკონიძე

 

სიცოცხლის წყურვილს!

 

გაზაფხული რომ შემოვიდა, გამათამამა,

თეთრი ყვავილი დამაბერტყა,-- ზეცის მანანა,

შენ, ჩემო სულო, გავიფიქრე, არ კვდები ჯერაც,

მაშინ უსმინე ჩიტთა ჭიკჭიკს, ბუნების მღერას.

 

რა საჭიროა სიმწუხარეს რომ მისცე თავი,

როცა სავსეა დედამიწა დილის ცვარ-ნამით,

ან კაცთა მოდგმას შენგან რაღა დაეწუნება,

რამე არ მოგწონს?! ასეთია კაცის ბუნება!

 

აბორგებული ოკეანის უსმინე სუნთქვას,

და ალიონზე მზეს შეხედე, იმედად სულთა.

გაზაფხულზე ვაზს ჩამოსწმინდე მირონი ცრემლი,

შემოგძახებენ სასოებით წინაპართ ძვლები.

 

დედო ფურისას გადახედე თეთრ, სავსე ჯიქნებს,

სიცოცხლის წყურვილს თვალხატულა შვლის ნუკრიც იჩენს,

და მთაგრეხილებს შეულოცე ბერი მთებისას,

კურთხეულ ნაბიჯს რომ ინახავს ჩვენი მეფისას.

 

დადიოდა და დიდთა მთებთა გაჰქონდათ დრეკა,

ზარი ისმოდა, ზარი რეკდა ყაზბეგს და მლეთას,

შენი ფეხითაც  გაიარე, მიეც დასტური,

რომ ისევ ყვავის, იწურება ალადასტური.

 

იცი,  არსებობს სიკეთე და ღვთის მადლი ქვეყნად,

მიართვი უფალს შენი გული თასივით ძღვენად,

რომ მან შეავსოს სიყვარულით შენი მოყვასის,

არაფერია სუფთა გულის ქვეყნად ტოლფასი.

 

             ავტობიოგრაფია

   მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს მრავალშვილიან ოჯახში. მამა მეცნიერ-მუშაკი, რამდენიმე წიგნის ავტორი შრომის ეკონომიკაში, კითხულობდა ლექციებს თსუ- ში, დედა- უკრაინელი, განათლებით ეკონომისტი. 1979 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლა, 1984 წელს  წითელ დიპლომზე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით. შემდგომ სწავლა განვაგრძე იმავე სპეციალობით ასპირანტურის განყოფილებაში. 1984-1094 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში,  ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში",2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. ამასთან კერძოდ ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. ამჟამად ვთანამშრომლობ საბავშვო-ლიტერატურულ ჟურნალ "დილასთან", სადაც იბეჭდება ჩემი ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები.

 

     ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. 2012 წელს ჩემი ლექსები დაიბეჭდა "მწერლის გაზეთში", შემდგომ გაზეთებში "ქართული სიტყვა",  "ლიტერატურული მესხეთი", ჟურნალი "ოლე". 2013 წელს მივიღე ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემია, რელიგიურ თემატიკაში, 2014 წელს გავხდი კონკურს "ემიგრანტის წერილის" ფინალისტი, ასევე ვარ კონკურს "ბერიკონის" ერთ-ერთი გამარჯვებული. 2017 წელს მივიღე მესამე პრემია საბავშვო პროზაში ჩატარებულ კონკურსში "ბუკნაჭო" ზღაპრისთვის "ფანქრის მთლელი". ამავე წელს კვლავ გავხდი ლიტ. კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემიის მფლობელი. ასევე ვარ ლიტერატურული კონკურსის "წმინდა ნინოს" 2017, 2018, 2022, 2023  წლების ერთ-ერთი ნომინანტი. 2018 წელს გავხდი კონკურს "ივერია" ერთ-ერთი ნომინანტი : წლის საუკეთესო ნოვეელა". ჩემი ლექსები, მოთხრობები და ესეები შეტანილია სხვადასხვა წიგნებსა და ჟურნალებში. ვარ ოთხი წიგნის ავტორი,  ერთი საბავშვო კრებულის "იოცნებეთ ყველამ" (ლექსები, მოთხრობები, გამოცანები) (2015),  მეორე ლირიკული ლექსების კრებულია "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017), მესამე წიგნი გამოიცა 2018 წელს, ზღაპრების კრებული, სათაურით "ფანქრის მთლელი", 2020 წელს გამოიცა ასევე მესამე საბავშვო წიგნი "მხიარული ანაბანა", რომელიც გაფორმებულია ჩემი ილუსტრაციებით.

 

       როგორც მხატვარმა მივიღე მონაწილეობა სამხატვრო გამოფენაში, რომელიც  გაიმართა 2017 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც ასევე  მონაწილეობა მიიღეს ჩემი ოჯახის წევრებმა, ასევე ვმონაწილეობდი რამოდენიმე ჯგუფურ  გამოფენაში, რომლებიც  მხატვართა კავშირისა და მხატვართა ლიგის მიერ  იყო ჩატარებული 2020 - 2023 წლებში.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 99ა, ბინა 25

ტელ. 551080607, 2345022

No comments:

Post a Comment