წ ა რ ს უ ლ ი ს ზ მ ა ნ ე ბ ე ბ ი
შირაქის ველზე დაბრძანდება უფალი ღამე,
უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..
ელამი თვალით გადმოსცქერის ნამგალა მთვარე
სახელდახელოდ მოქოხებულ ტოტების კარავს..
გუთნეულები შებმულია ელის ალიონს,
გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი..
პაპა ღიმილით დინჯად ქაჩავს კაკლის ყალიონს,
არ მოუხუჭავთ ყოჩაღ ბავშვებს მთელ ღამეს თვალი..
მორიგეობით ამატებენ ცეცხლს ტოტებს ღვიის
წიწვი ბრიალებს,მწარე ბოლი კოღოებს აფრთხობს..
შემოვერცხლილან ვაჟკაცები,--მღეჭავნი ტყვიის,
მათ ფეხებთან კი ისევ მათი ბავშვობა ანცობს..
ჩაჰხუტებიან,მოჰხვევიან მუხლებზე პაპებს,
ღამეც მშვიდია,შესაფერი მინდვრის და ველის..
თვალანთებულნი ყურს უგდებენ ლეგენდა-ზღაპრებს
და ყველა ერთად შირაქის ცის ალიონს ელის..
ბერი კოპალა ლახტის ქნევით მოჰკივის დევებს,
ავის გორისკენ იახსარი მოუძღვის ლაშქარს..
ღვთისშვილთ ყიჟინა შემოურბენს ფხოვის მთა--ხევებს
და ნიშანს აძლევს,მათ საშველად მომქროლავ ლაშარს..
სად ქრება მითი,ისტორია ან სად იწყება?!--
არ უკვირს ქართველთ ბრძოლისა და ყიჟინის ხმები..
არ დადგეს ეჭვქვეშ არაგველთა რწმენა-- ღირსება,
ფიცვერცხლნაჭამნი კრწანისისკენ მოქრიან ძმები..
შესწებებია ჯაჭვ--ჯავშანი სისხლიან სხეულს,
მარტო სიკვდილი თუ დაიხსნის კარგ ყმებს ფიცისგან,,
ექვსი ათასი შეილეწეს ლეგენდად ქცეულთ,
სხვას რას ელოდნენ არაგველთა მოდგმა--ჯიშისგან?!
გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი,
ცისკრის ვარსკვლავმაც გაიბრწყინა მზისკენ მავალმა..
ტოროლამ ცაში საგალობლის გაავლო კვალი
უკვე მესამედ დაიყივლა სოფლად მამალმა..
პაპა ადგება,შეუძახებს ღამის მათევრებს,
ნაბდის კალთებზე ყველა თავის საგზალს გააწყობს..
წაიხემსებენ,მოირგებენ წელზე სატევრებს
და გუთნის დედა მეხრეებსაც რიგზე დააწყობს..
ანთებულ სანთლებს ხარებს მშვიდად მიაკრავს რქებზე,
ცა--ქვეყნის გამჩენს მოზვრის მომცრო ყანწით დალოცავს..
აღმოსავლეთით დაძრულ ნათელს გაჰხედავს მთებზე,
წყალობას შესთხოვს ოთხივ კუთხივ წმინდა სალოცავს..
გადაჰკრავს სახრეს მომლოდინე ნიშებს და შვინდებს
და ალიონზე გაიბნევა წკრიალა ხმები..
დღეს აქ ხარებით არვინ ებრძვის საწუთროს ბინდებს,
წარსულო,--ერთგულ წიქარასთან ერთადა კვდები..
პაპები წვრთნიდნენ ცოტა ხნის წინ ,,ალგეთის ლეკვებს'',
სხვა დრო მოსულა, მომავალი მძიმე ექნებათ..
აღარვინ ებრძვის ათას მომხდურს;-თურქს,სპარსს თუ ლეკებს
ბავშვებიც მიყავთ,სექტემბრიდან სწავლა ეწყებათ..
ყოველ საღამოს მობრძანდება უფალი ღამე,
უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..
გულისტკივილით გადმოსცქერის ჭაღარა მთვარე
შირაქის ველზე მიტოვებულ ტოტების კარავს!!..
გელა ციგროშვილი
2.09.13
No comments:
Post a Comment