ელგუჯა უძილაური — ქართველი პოეტი. დაიბადა ახმეტის რაიონში. ის ავტორია პოეტური კრებულისა "აყვავებულა არაგვზე დეკა".
ქვემოთ წაიკითხავთ მის ლექსებს.
შატილის ცასავით
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარა-გზას.
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.
კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე, ქალბნელო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
აყვავებულა არაგვზე დეკა...
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.
ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ მაკოცება, ნეტა?
შენთან ღრეობა მწადიან, ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.
ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,
რაისად სთელავ კენტად.
მოდი, ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.
და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, -
ნეტა, მანახა, როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე.
აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.
ღმერთო, შენ დალოცე
ღმერთო, შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი...
ფშავლების ღრეობა, ცხენების ჭენება;
ღამე რო იციან მგლებივით წანწალი,
საბძელში თავნება წაწალების ფერება.
ფშაველ კაცს ლექსებში ვინა ჰყავ ბადალი,
ჩონგურზე სიმღერით იციან თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არაყით კოპალის ხსენება.
მტერი თუ დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვებად ჩნდებიან ფშავლები,
ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ მისდევენ,
ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ თავდებად.
ნისლის დავ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,
ისმინე, ქალბნელო, ვაჟკაცის ვედრება, -
ქალაქს ნუ წაიღებ ყორნისფერ დალალებს,
მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება.
ღარიბი კაცის სიმღერა
სიღარიბეზე იტყვიან
დამღონე არი კაცისა,
მე კი ვერაფერს დამაკლებს
ვცოცხლობ იმედით ხვალისა.
რასაც ვიშოვნი, ვიკმარებ,
არ მოვიპარავ სხვისასა,
ზამთარში ანტრიასა ვჭამ,
ზაფხულში მხალს და ჭინჭარსა.
ზედ დავაყოლებ არაყსა,–
ნაჟურსა ჭანჭურისასა,
ვადიდებ სალოცავებსა
ბარისასა და მთისასა.
ზაფხულში ხის ჩრდილში ვწევარ,
ზამთარში ცეცხლის – პირასა,
ჯავრს არ მივუშვებ გულზედა
დედას ვუტირებ მტრისასა.
თუ გინდა ზღვა და ხმელეთი
ჩემ თვალწინ დადგეს ყირასა,
არც მგელი მიჭამს ცხვარ–ძროხას,
არც ქურდი მპარავს ფულებსა.
ისე ჩაუვლის ჩემს სახლსა
თავსაც არ მაიბრუნებსა,
ან კი რა უნდა მამპაროს
უფალს რად მაიმდურებსა.
ჩემ სიღარიბეს, რო ნახავს
ქურდიც გულს შაიწუხებასა
წავა, საჩუქრად მამიტანს
სხვის სახლში მოპარულებსა.
დედა გიტირეთ მდიდრებო
სჭამთ და ვეღარა სძღებითა
რაც უნდა ბევრი იშოვნოთ
მაინც არ დასჯერდებითა.
გაშინებთ ქურდის დანახვა,
კრაოტის ქვეშა სძვრებითა
საწყალ კაცს არაფრად აგდებთ
დასცინით ზედა სდგებითა.
როგორც კი შემოღამდება
კარებს დაადებთ კლიტესა
ფულის დაკარგვის შიშითა
ხედავთ კოშმარულ სიზმრებსა.
არ იცით როგორ დახარჯოთ
ქონებას იხვეჭთ იმდენსა,
ზოგს პურის ფულიც არა აქ
ბალღებს აძინებს მშივრებსა.
დრო მოვა, ყველა მოვკვდებით,
შუქს ვეღარ ვნახავთ მზისასა,
ხის ყუთებს გაგვიმზადებენ
როგორც – მე, ისე – მდიდარსა.
ჩაგვდებენ სამარეშია,
ზედ მოგვაყრიან მიწასა,
იტყვიან შესანდობარსა
დასცლიან ღვინის ჭიქასა.
დაჰკმეჭენ გულიანადა
ხაშლამას გრუდინკისასა
დაემსგავსება ქელეხი
ნასუფრალს ყორნებისასა.
კარგზე იტყვიან – რად მოკვდა
არ იყო მაგის ღირსია,
ცუდზე იტყვიან ჩაძაღლდა
გათავდეს მაგის ჯიშია.
* * *
ნურცა რას მკითხავ და ნურცა რას მიამბობ,
შენ ჩემი ცხოვრების დასწყევლი გარიჟრაჟს,
მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე,
ნიავი მთებისა მეტყოდა სამძიმარს.
კვლავ აღარ მოგიხმობ, ვით სატრფოს ქორბუდა,
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ყვავილი.
ჟინი რომ მომივლის კვლავ შენი დანახვის,
დაჭრილი ლომივით ვბორგავ და ვაწყდები,
მე გულის იარას არაყით ვუწამლებ
და სოფლის ლოთივით ყოველდღე დავთვრები.
დავთვრები, რომ აღარ ვიფიქრო წარსულზე,
ვახ, ეს რა ყისმათი მარგუნე, უფალო,
დაკლაკნილ ბილიკებს მთებისკენ შევყვები,
ნისლიან ჭიუხში ვიცხოვრებ უკვალოდ.
ხევსურის ქალავ
ჩუმად რადა ხარ, ჩემო ხევსურის ქალავ,
როშკის ციხეზე რად არ სიმღერას იტყვი.
ბებერი ლომი მტრის გულს ჯერ კიდევ ზარავს,
ხევსურთა მიწა არ დაუთმია მტრისთვის.
წავა, გადივლის შატილს ნისლების ფარა,
არაგვის ჭალებს დაეფინება ნაბდად.
ხევსურის ვაჟას, მოდი, ნუ ეტყვი არას,
მაგ თვალთა ეშხი გულში ექნების დარდად.
იცოდე, კარგო, კაცს სიყვარულის ნიჭი
გაჰყვება მგზავრად, სანამ სიცოცხლით ფეთქავს.
ალბათ, დაგეძებს ვინმე ხევსურის ბიჭი,
მეტოქის გამო დანას მუქარით ლესავს
ასეა მუდამ მზის და ჩანჩქერთა შუქი,
გული ურჩობს და მიჰყვება ტრფობის მძლე ქარს.
ეწვევა არხოტს მთების სევდიან მწუხრში,
ისევ დაეძებს ჯაბუშანურ მზექალას.
წყარო: პოეზიარი-ავტორთა წარმოჩენა
No comments:
Post a Comment