,,მზიანი წვიმა" - მერი ბიწაძის პოეზია
„ღრმად უნდა დავუფიქრდეთ, ვინა ვართ ჩვენ, რა დაგვავალა უფალმა? შემთხვევითი არის, რომ საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია? შემთხვევით მოხდა, რომ კვართი უფლისა საქართველოში იქნა ჩამოტანილი? შემთხვევითია, რომ მოციქულები მოვიდნენ აქ საქადაგებლად? არა. რა თქმა უნდა, უფალი გვაძლევდა და გვაძლევს დიდ მადლს და ამიტომაც ბევრი მოგვეკითხება. " ილია II
უპრიანი იქნება, სწორედ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ამ სიტყვებით დავიწყოთ მერი ბიწაძეზე, შესანიშნავ ქართველ პოეტ ქალზე საუბარი, რადგან მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ის მისია, რაც ეკისრება თითოეულ ქართველს, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. საბჭოთა ეპოქაში, ურწმუნობის, ათეიზმის პერიოდში გაზრდილი საქართველოს გადარჩენის გზად უფლის გზას მიაჩნევდა, რისი დასტურიცაა მისი ლექსი: ,,ხსნა"
არა!დავითი და თამარი,დღეს ვერ გვიშველის,დღეს სახარების ათი მცნება გაფანტავს იჭვებს,ხსნა ერთი არის,უკეთესნი მაშინ ვიქნებით,რომ დედა ჩიტის შებრალებას ასწავლის ბიჭებს! ჰაი, ჰაი, რომ მართალი იყო პოეტი ქალი, დღესაც ვერ გვიპოვია ხსნის გზა, ურწმუნობასთან შევსულვართ ალიანსში, ავცდენილვართ ღვთის კანონებს, იმიტომაც გვიჭირს ასე. მნიშვნელოვანია, რომ მერი ბიწაძეს უმანკო, სათნო სულის აღზრდას გულისხმობს ახალგაზრდებში. თუ სიკეთის თესლი არ დავთესეთ თითოეულ ადამიანში, ისე ვერაფერს გვიშველის ერთი-ორი გმირის გაზრდა. ჩვენი ერი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი მთელი კაცობრიობისთვის. ამ მისიას, რომელზეც ჩვენი კატალიკოს პატრიარქი საუბრობს, კარგად ხედავს პოეტი. მერი ბიწაძე 1930 წელს დაიბადა სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). მან მთელი ცხოვრება საქართველოში, თავის მშობლიურ რაიონში გაატარა, მაგრამ მისი სული მთელ კოსმოსს სწვდება. მას არ ახასიათებს კუთხურობა, კარჩაკეტილობა, ის სივრცეებში დაფრინავს პეპელასავით და უმშვენიერეს სტრიქონებს გვთავაზობს. თავის ერთ ლექსში ,,თუ მოველი" წერს: ,,თუ მოველი, სიამაყით მოვალ, ვარსკვლავების სიკაშკაშით მოვალ", დიახ, ის მოვიდა მზის და მთვარის, ვარსკვლავების სიკაშკაშით, არაჩვეულებრივი გოგონა, ნიჭიერებით, სიცოცხლის წყურვილით სავსე, მაგრამ მუხანათმა ბედმა -სასიკვდილო ავადმყოფობამ სარეცელს მიაჯაჭვა. სტუდენტმა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და დედამ მშობლიურ სოფელში გადაიყვანა. აქ არ შეიძლება პარალელი არ გავავლო ცნობილი მექსიკელი მხატვარის - ფრიდა კალოს ცხოვრებასთან, ისიც ასევე ლოგინს მიაჯაჭვა ავბედითმა შემთხვევამ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში დაიბადნენ, ცხოვრობდნენ, მათი ცხოვრების წესიც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაინც ჩანს მათი სულიერი ერთობა, რომელიც მხოლოდ ძლიერი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი: ამ ორი შემოქმედის უტეხი სული, მზაობა იმისა, რომ შეებრძოლონ დიაგნოზს, პირობებს, რომლებსაც ექიმები სთავაზობენ. ყველაფრისდა მიუხედავად, ორივე ძლევს ავადმყოფობას, ფეხზე დგება და აგრძელებს ცხოვრებას. სწავლის გაგრძელება ვერცერთმა ვეღარ შეძლო, მაგრამ ორივემ შემოქმედებით საქმიანობას მიჰყო ხელი, მერი - ლექსებს წერს, ფრიდა - ხატავს. ორივე უნაყოფოა ფიზიკურ ასპექტში, მაგრამ არა - სულიერ, მათი მისია ახალგაზრდების აღზრდაა. მერი ლექსებს, ქართულ ლიტერატურას, მწერლობას აზიარებს ბავშვებს, ფრიდა -სტუდენტებს ხატვას ასწავლის, რადგან მას არ შეუძლო სამხატვრო აკადემიაში სიარული, სტუდენტები მასთან დადიოდნენ და აი, ერთხელ მან ერთ ახალგაზრდას, რომელიც მის ბაღში კაქტუსს ათვალიერებდა, შეკითხვა დაუსვა, თუ რა ფერის იყო იგი. სტუდენტმა უყოყმანოდ უპასუხა - მწვანე. არა, აუხსნა ფრიდამ, მასში ცისარტყელას შვიდივე ფერია და თუ ეს ვერ დაინახე, ვერასოდეს მხატვარი ვერ გახდებიო. დიახ, მხატვრობა, მწერლობა იოლი არაა, ცისარტყელას შვიდი ფერი ჩვენშიც უნდა მზიანობდეს. გავიხსენებ მერი ბიწაძის ლექსს - ,,რა მოგივიდა?!"
მზიანმა წვიმამ გააბრწყინა ათასი ფერი,ჩვენი თუთის ხე ლაღობს წვიმითა,ამნაირ დარში უცინიან ერთმანეთს ქვებიც,ადამიანებს რა მოგვივიდა?!
საოცარი სიტყვებია - ,,მზიანი წვიმა", თუ ფრიდა კაქტუსის ერთ ფოთოლში ხედავს ცისარტყელას შვიდ ფერს, ქართველი პოეტი ქალი წვიმაში ხედავს მზეს, ათას ფერს. ასეთი წვიმა ალაღებს ბუნებას, თუთის ხეს, უგრძნობი ქვაც კი იცინის ამნაირ დარში, მხოლოდ ადამიანი რჩება უგრძნობი. ის ვერ ხედავს ბუნების მშვენიერებას, მის სილაღეს. მხოლოდ დიდ ხელოვანთ, დიდ შემოქმედთ შეუძლიათ დაინახონ ის, რაც ჩვენი თვალთახედვის არეალის გარეთ რჩება.. “მე ავტოპორტრეტებს იმის გამო ვხატავ, რომ ხშირად მარტო ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ”…ამბობდა ფრიდა კალო.მერი ბიწაძეც თავისი ლექსებით თავის ავტოპორტრეტს ქმნის. თავის ხასიათზე, განწყობაზე, შინაგან ბუნებაზე გვიამბობს. ერთ ლექსში ,,ჭმუნვა წვიმის გამო" ის წერს:
სახურავიდან ჩამოდის წვიმა,მარტო ვჭმუნავ და ვეძახი ლექსებს,ნუ უკრთი, გულო, ბუნების წრიალს,პოეზიაა, ვინ იცის, ესეც...და ვგრძნობ, ოთახში რუებად ქმნილი,წვეთები ჩემკენ როგორ ილტვიან...ბევრს ხომ არა აქვს ამგვარი ,,ლხინი",იქნება ესეც კოლორიტია?..
წარმოიდგინეთ, თქვენს ოთახში წვიმს, სახურავიდან წყალი ჩამოდის, რეაქცია, განცდა ადამიანების უმრავლესობას ექნება განწირულობის, უსუსურობის, მაგრამ არა ჩვენს პოეტ ქალს. ის თავს ინუგეშებს, ამგვარი ,,ლხინი" ბევრს არ ექნება, ამბობს ირონიით. იქნებ სწორედ ეს არის კოლორიტი, ფერწერაში მხატვრული გამომსახველობის ერთ-ერთი ხერხი. იგი თავის ლამაზ ფერწერულ ტილოს ქმნის ამ წვიმის ფონზე.
ან ლექსში ,,სიტყვა", როგორი ხმამაღალია მისი სიტყვა, როგორც თვითონ ამბობს, ეკლიანი, ცხოვრების ჩარხზე ნალესი, რომელსაც სიკეთის მცველად ატარებს და არაერთხელ გამოუყენებია ჩაგრულ თანამემამულეთა დასაცავად. ის ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივივით კერპი და უტეხია უსამართლობასთან ბრძოლაში, რკინის ქალამნებს ჩაიცმევს და სამართალს მაინც მიაღწევს!
ეკლიან სიტყვას, როგორც ავგაროზს,სიკეთის მცველად ვატარებ მხოლოდ,და ზოგიერთი ჭკუით საბრალო,ვიცი, მეძახის ავსა და ბოროტს.რა ესმით, ეგებ მჭირდება ნიღბად,სიტყვა - ცხოვრების ჩარხზე ნალესი,რომ დავიფარო რაღაც მის მიღმა, –უსპეტაკესი და უნაზესი.
დიახ, ადამიანები სუსტნი არიან ბოროტებასთან ბრძოლაში, მაგრამ ძლიერნი ერთმანეთთან ბრძოლაში, თითქოს ერთმანეთის განადგურებაა მათი მისია, ისე უსწორდებიან დაჩაგრულს, სუსტს, ავადმყოფს, ობოლს. სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძოდა მერი ბიწაძე, რომელსაც თვითონ ებრძოდნენ, აწამებდნენ, ტანჯავდნენ, ანადგურებდნენ მორალურად. მივუბრუნდეთ ისევ ფრიდა კალოს, რომელიც არამარტო ნახატებით, თავისი გამონათქვამებითაც არის ცნობილი. იგი ამბობს: ,,მე არც მოყვარული მხატვარი ვარ, არც გამოცდილი ხელოვანი, მე მხოლოდ ქალი ვარ, რომელიც გადარჩენისთვის ხატავს". იგივე აზრი აქვს გატარებული თავის უსათაურო ლექსში მერი ბიწაძეს.
მთავარია, ვის რა ჰკლავდა, –აი, ტანჯვით საკითხავი...მე ეს ლექსი დავწერე დავინუგეშე ამით თავი."
დიახ, დიდ ტკივილებს ნუგეში უნდა, იმედი უნდა, რომ ისინი გაივლის, მორჩება, ლადო ასათიანი წერს: ,,რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და თვითონ ლექსი ტკივილი არის".ლექსია ნუგეშიცაა და იმედიც, ვერავის თუ ვერ უზიარებ შენს განცდებს და გრძნობებს, კალამი და ქაღალდი ხდება შენი მეგობარი. . შენ რომ ლექსმა გაგაოცა,შენ რომ ლექსი გხიბლავს უფრო,ის ვშობე და ფრთები მომწყდა,მე მას შემდეგ დავალ უფრთოდ.შენ რომ ლექსმა გაგახარა,ის რომ ასე მოიწონე,მე იმ ლექსით ავადა ვარ,იმ სიმღერით ვკვდები სწორედ.
ასე მიმართავს მერი ბიწაძე მკითხველს.ლექსმა შეიძლება მოგვკლას და შეიძლება გვაცოცხლოს!ფრიდა კალო, ისევე როგორც მერი ბიწაძე, სიკვდილს ხედავენ, როგორც ხსნას. ფრიდა კალო: ,, იმედია გარდაცვალება წარმატებული იქნება და უკან აღარასოდეს დავბრუნდები!". მერი ბიწაძე: ,, მე იმ ლექსით ავადა ვარ, იმ სიმღერით ვკვდები სწორედ". მერი ბიწაძე თავისი სიკვდილის მთელ ტრაგიზმს გვაჩვენებს ერთ უსათაურო ლექსში, მას ხომ დამტირებელიც არ ჰყავს:
ჩემს სიკვდილს მაინც გაიკვირვებენ,და მერე აღარ მომდებენ შარებს,დამინანებენ, წაიტირებენ,მაგრამ არავინ ჩაიცმევს შავებს.მოვა და გახსნის უკუნის კარებსდღე ფერწასული და გულსაკლავი,და მხოლოდ ყვავებს,და მხოლოდ ყვავებს,და მხოლოდ ყვავებს ეცმევათ შავი...
ამ ლექსმა ალექსეი სავრასოვის სურათი გამახსენა: ,,ჭილყვავები მოფრინდნენ", ჭილყვავებით დაფარული ხე, რომლებიც თითქოს ზევიდან გადმოსცქერიან დასაფლავების ცერემონიალს და მხოლოდ ისინი აცილებენ უკანასკნელ გზაზე მიცვალებულს. როგორც საბჭოთა დროს, ისე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც შეუმჩნეველი დარჩა საზოგადოებისთვის მერი ბიწაძე. მადლობა იმ ადამიანებს, მერი ხოსიტაშვილს, გიორგი ლალიაშვილს, თამარ შაიშმელაშვილს, მზია კვირიკაშვილ-ლოურენსს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ არაჩვეულებრივი ადამიანის აღმოჩენასა და მის პოპულარიზაციაში. დღეს მე მიჭირავს ხელში მისი ლექსების კრებული, სახელწოდებით: ,,ჯვარცმული ლექსი" და ვეძებ ლექსს, რომლის ეს სიტყვებიც პოეტი ქალის მთელ პოეზიას იტევს. აი, მასაც მივაგენი და ვკითხულობ:
,,ეს რომ შეიგრძნო, უნდა იცოდე,რას მოსდევს ჩემი პატარა ლექსი,ის უპირველეს, განა მზის ნოტებს,ცრემლიან ღამეს აწყდება კვნესით. .......................................................................დაზაფრავს ხმები, მრუმე და მქისე,და უჭირს ისე... და უმძიმს ისე...მაგრამ ქედს მაინც არ უხრის არვის,და მიდის თავის გზითა და წესით...იქნებ სამშობლომ ოდესმე მაინცსცნოს, დაიფაროს ჯვარცმული ლექსი...
დიახ, არა მარტო მისი ლექსი იყო ჯვარცმული, არამედ პოეტი. მას სდევნიდნენ, ავიწროვებდნენ, მიკროსკოპით აკვირდებოდნენ ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები. ის პერსონა ნონ გრატა იყო იმ მშობლიური სკოლის კედლებშიც კი, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. აი, რას წერს იგი:
რა ტყუილად მაწამებენ,სულს რად მიწამლავენ გესლით,ისეთ რამეს რად მწამებენ,რისიც არაფერი მესმის.
პოეტ ქალს არ ტოვებს მარტოსულობის განცდა, რომ ის არავის სჭირდება. და განა რომელი პოეტი არაა ასე, ისინი ,,მზის ნოტებს" კი არა, ,,ცრემლიან ღამეს" აწყდებიან კვნესით, კვნესიან სიყვარულზე, სამშობლოზე ან უსამშობლობაზე. ზოგჯერ ადამიანი თავის სამშობლოშიც უსამშობლოა, განწირული ბედისგან, ახლობლებისგან. ერთ ლექსში წერს პოეტი წერს:
,,რაო, მითხარ, რაო, ჩემო სიმღერაო,ბედმა ხომ არ გაგვიმეტა, ავად ხომ არ ჩაიხელთათვალნი გიშერაო,ხომ არ გვიყელაო,სულში ლექსი გაიფანტა,არვინ მიშველაო? ----------რა ვნა, საით გადავცვივდეთ,ჩემო სიმღერაო...
მერი ბიწაძეს მშველელიც არ ჰყავდა, იგი მშველელს და დასაყრდენს მშობლებში ეძებდა. მათზე ახლო არავინ ჰყავდა, ამიტომ ლექსებში ხშირად მათ იხსენებს, მათ უხმობს, მათი სიკვდილის შემდეგაც კი.
მამას დარდმა დამრია ხელი,ცრემლებს ვეღარსად ვმალავ,შემომესია მტერი,მამავ, მიშველე, მამავ!
ანდედას!
შემომეფანტა ავადმყოფს ყველა,მხოლოდ შენ შემრჩი ერთგული გვერდით,ვის გაუვლია ისე ფრთილად, ჩემს სასთუმალთან,როგორც შენ, დედი!.....მე მოვაბეზრე ქვეყანას თავი და შენ ერთადერთს, არ მოგბეზრდი,ძვირდფასო დედი!
. მშობლების დაკარგვის შემდეგ ძლიერი სულის ადამიანი დასაყრდენს თავის თავში, თავის პოეზიაში პოულობდა. იმ შიშს, რაც მის გულში სახლობდა, სტრიქონებში ათავსებდა, თეთრ ქაღალდზე შავი ასოებით გადაჰქონდა:
,,მეც შევერიე გაზაფხულს თითქოს,თითქოს მასავით ქარებს მივყვები,ასე მგონია, მოვა ვიღაცა,რომ დამამტვრიოს მწვანე ტოტები".
მაგრამ ვერაფერი ახშობდა პოეტში გმირულ, მებრძოლ სულს, ხდებოდა უშიშარი. იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ, ეხმარებოდა თანასოფლელებს სამართლიანობის აღდგენაში, რკინის ქალამნებს ჩაიცმევდა და ბოროტებას არ გაამარჯვებინებდა. ამისთვის მას მთელი თავისი სულიერი ძალების მობილიზება სჭირდებოდა. ლექსში ,,შფოთვა"ის თავის თავს კითხვას უსვამს, შეძლებს კი ბოროტთან ბრძოლას, ეყოფა კი ამისთვის ძალები?!
გულს რაღაც დიდმა გადაუარა,რომ გამიქარწყლოს მციერედი განცდა,საქმე რომ იყოს, შევძლებ თუ არა,შუშანიკივით დავიცვა, რაც მწამს?დავიცავ? - ვბორგავ ეჭვით ბურვილი,თავის განწირვას შევძლებ თუ ვეღარ?ვის - ოქრო-ვერცხლის ხვეჭის სურვილი,მე კი... აი, რა მაშფოთებს დღე-ღამ.
მერი ბიწაძეს არ სჯეროდა სხვაგვარი ცხოვრების, სხვაგვარი პოეტის. არ ჰქონდა ოქრო-ვერცხლის მოხვეჭის სურვილი, დღე და ღამ მისი ფიქრის საგანი იყო სამართალის დაცვა, მაგრამ როცა საქმე პირადად მას ეხებოდა, იქ ფარ-ხმალს ყრიდა, არასოდეს თავისთვის არაფერი მოუთხოვია, ლუკმა-პურიც კი უჭირდა, მაგრამ ამას არად მიიჩნევდა, მისი მისია სხვა იყო, თავისი ცოდნა გადაეცა მომავალი თაობისთვის, ესწავლებინა პოეზია, რითაც სავსე იყო მისი სული, ამიტომაც სოფლის სკოლაში დაარსა ხელნაწერი ჟურნალი ,,კვირტი", სადაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეებს იკრებდა.ამით სურდა ხალხისთვის ქართული ლიტერატურის სიძლიერე დაენახებინა, მისი უდიდესი მნიშვნელობა ნებისმიერი ქართველის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვინაიდან პოეტი დიდ როლს ანიჭებდა ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდას, მის შემოქმედებაშიც პატრიოტულ მოტივს დიდი ადგილი უკავია. მას სძულს მოღალატე, ცრუ, ფლიდი ადამიანები და წერს:
როცა მიწაზე ურცხვად დადიან,რაღაც უკეთესს ჩემს გულში კლავენ...როცა ნედლ ხეებს რტოებს აჭრიან, –ასე მგონია, მე მკვეთენ მკლავებს.
ვაჟკაცის საქმე სამშობლოს მთა-ბარზე მტლად დადებაა, მისი აზრით, მისთვის შრომა და გარჯა, არავის წინაშე ქედის მოდრეკა, ქალის გარდა.
თუ ვაჟკაცი ხარ!
თუ ვაჟკაცი ხარ, ამრავლე ყანა,და საძოვარზე გარეკე ცხვარი,სამშობლო მთა-ბარს დაედე წამლად,გული აივსე მინდვრების ცვარით,არ შეუხარო წარბი მყინვარწვერსდა შედრკი მხოლოდ ქალის წინაშე.
მერი ბიწაძის ლექსებში კარგად ჩანს მისი დარდი და გულგატეხილობა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შექმნილი ვითარების, არეულობის გამო. ლექსში ,,სატანა" ის წერს:
მოვიდა სატანა, სახელით ღმერთის,ქვეყანას მოედო, შეჰყარა კეთრი;აგვრია, დაგვრია, სულ მთლად გადაგვრია....
პოეტი ქალი არ პატიობს ადამიანებს უზნეო საქციელს, მაშინ როდესაც სხვას უჭირს, შენ არ უნდა დიდგულობდე, ერი ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, ერთ მთლიანობად, მხოლოდ ამ გზით შეიძლება ქვეყნის გადარჩენა მისი ღრმა რწმენით. ლექსში ,,ღალატი" წერს:
როცა შიმშილობს ბევრიდა ბრუნავს ცოდვის კევრი,ის კი ღრეობებს მართავს და თავს ეძახის მართალს,რას, რას დაარქმევ ამას? –– რასა და ქვეყნის ღალატს!
საუბედუროდ, დღესაც არ შეცვლილა ბევრი რამ, დღესაც უჭირთ ჩვენს თანამემამულეებს. გადარჩენის გზა კი მხოლოდ უფლის გზაა, პატიოსანი შრომა ქვეყნის სასიკეთოდ, მის გადასარჩენად და არა სატანის გზა, სწრაფვა გამდიდრებისაკენ. პოეტი ქალი მიმართავს თავის გაუნამუსოებულ თანამოქალაქეებს:
აღარ ჰგავხარ ადამიანს,ფულმა ისე გადაგრია,რად გამგელდი, რად გაღორდი,მამულისთვის რატომ აღარ ხმიანობ!რამ შეგცვალა, ვინ დაგწყევლა,კაცო, ადამიანო!
კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ პატრიოტულ მოტივზე მერი ბიწაძის შემოქმედებაში. ამ სიტყვებით უკვე ყველაფერია ნათქვამი:
დიდ მინდვრებს დიდი სჭირდება სიტყვა,მაღალი ლექსი – ამ მთებს ამაყებს,დიდი სათქმელი რატომ ვერ მითქვამს?მე მეშინია - თან რომ გადავყვე!
არ შემიძლია სატრფიალო მოტივსაც არ გავუსვა ხაზი და ცოტა მასზეც არ ვისაუბრო. მერი ბიწაზე პოეტი ლირიკოსია. იგი ხან ბავშვივით მეოცნებეა, დაფრინავს ცაში, ეჟღურტულება მზეს, ოცნებობს ლირიკულ გმირთან - სატრფოსთან შეხვედრაზე, ხან ეჭვბიც კლავს, რატომ არაა ისიც სხვასავით ბედნიერი, რატომ არ ჰგავს სხვებს?! არაჩვეულებრივია მისი ერთი უსათაურო ლექსი, რომელშიც ის თავის სატრფოს მიმართავს:
ისევ მოვა გაზაფხულიჭექით, ზათქით, ქარებით, –გავახუნო შავი ღამეჩემი შავი თვალებით...ცოტა კიდევ დამაცადე, –ტყე დამშვენდეს კვირტებით, –გომბორს ნისლი ავაცალო ჩემი თბილი თითებით.
ანდა ერთ ლექსში ეჭვით კითხულობს:
ვის მიუტანე ის სიჭაბუკე,ვის შეაყვარე იასამნები,ალვის რტოებქვეშ ვინ შეიფარე,შენ ჩემ მაგიერ ვის ახარებდი,ნეტავ, მას სურდა იასამნები,ჩემებრ უყვარდა იასამნები?
ცხოვრებისგან დაღლილი ქალი ბოლოს თითქოს უარსაც ამბობს სატრფოსთან შეხვედრაზე და წერს:
არ მინდა დაგენახო –ასე გატეხილი,დაღლილი,შევძვრები ჩემი სულის ბუნაგში და საკუთარ იარებს ვიშუშებ ძაღლივით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მერი ბიწაძის პოეზიაში ბევრია მიძღვნებიც თავისი ახლობლებისა და მეგობრებითვის, ასევე სხვადასხვა ცნობილი ადამიანებისთვის. არის ლექსები ბუნებაზე, გაჟღერებულია სხვა მოტივებიც. ის აკრიტიკებს ადამიანთა სხვადასხვა ნაკლს, სიმდიდრის, ვერცხლისმოყვარეობას და წერს თავის ლექსში: ,,ზოგიერთებს"~
რატომ არ გჯერათ, უგუნურნო, რატომ არ გჯერათ,რომ მე არ შევალ მაგ ბრჭყვიალა ნივთთა სამზერად?მე თქვენზე მეტად მდიდარი ვარ –შევკრულვარ მზესთანდა მდევს შრიალი ვერხვების დაკაკლების ხეთა...
ნამდვილად სდევს ხეთა შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ამ არაჩვეულებრივი შემოქმედი ქალის პოეზიას. იგი მზის სხივებითაა განათებული და იტევს მთელ საქართველოს, მთელ სამყაროს, თავის სოფელს, კუთხეს, სწორედ თავისი სოფლით უყვარს მას სიფელი. მისი სულის ჭრილობების მკურნალი მხოლოდ ლექსი იყო. ის სულიერი შვილი იყო ჩვენი დიდი ქართველი მწერლების, პოეტების, ამიტომაც წერს:
ვაჟას პროსპექტი თბილისში
ო, აქ ააგეთ ნეკერჩხლის ქოხი,რომ შიგ იყუროს მთვარემ და ელვამ,ასფალტის ნაცვლად დაყარეთ ღორღიდა ქალამნებით იარეთ ყველამ!
დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ მერი ბიწაძის პოეზიაზე. იგი უსასრულო და უკიდეგანოა, როგორც ცა, რომელიც თავზე გვახურავს. იმედი მაქვს, რომ მისი პოეზიით დაინტერესდებიან ლიტერატორები, კრიტიკოსები და ქართული პოეზიის საგანძურში მას მნიშვნელოვან როლს მიაკუთვნებენ, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორს.
მე თუ ამქვეყნად ვერ იქნა და ვერ გავიხარე,მაინც იმ დღეთა, ძვირფას დღეთა მომდის ნათელი,ვიცი, ოდესმე გამიხსენებს სამშობლო მხარე,დადგება თუნდაც ერთი ლექსის კორიანტელი.
იმედიანად ამბობს პოეტი. აქ კი შეცდით, ქალბატონო მერი, ერთი ლექსის კი არა, თქვენი მრავალი ლექსის დგას კორიანტელი და ეს უზომოდ გვიხარია, რადგან არ უწერია გახუნება თქვენს სტრიქონებს, დიდო პოეტო!
.
. ]~
No comments:
Post a Comment