Wednesday, September 27, 2023

მინიმები

 მინიმები

არვინ იცის, ვის რა სტკივა,
რატომ, რისთვის იხდის სასჯელს,
სულ ველოდი ერთ თბილ სიტყვას,
მე - არა, სხვას უთხრეს ასჯერ!
-----------------------
უქებენ ერთურთს ნიჭსა და ტალანტს,
ზოგი ზევსია, ზოგიც იზიდა,
მაგრამ არა ჩანს ერთი ატლანტიც,
სამშობლო მხრებით რომ აეზიდა.
--------------------------
დამსხვრეული მაქვს სუყველა მალა,
გახსნილ ვენიდან მოწვეთავს სისხლი,
მზისკენ გაფრინდა ვარდნისას გალა,
მიწას ვერ ავცდი ვერ ერთი მისხლით.
-----------------------------------
დაცვენილიყვნენ ქალ-კაცი,
იხრუკებოდნენ მზეზე,
მე კი იმასა ვდარდობდი,
უჟმური რომ არ შეჰყვეთ.
------------------------
მოვერცხლილ ლურმნებს
შეუჭედავთ ჩემი სამყოფი,
ვხედავ, რომ მზეო,
ჩემთვის გვიანობ,
დაცარიელდა ამ გულივით
ეს მთა არხოტის,
საშველად მოდი, ადამიანო!
---------------------------
სხვისათვის ცოტავ,
ჩემთვის კი ბევრო,
ჩემო გუთანო, მიწავ და კევრო,
რა ვქნა ისეთი, რომ გაგაბევრო.
----------------------------
ღმერთო, შენ ამომიკვნესე,
გზები დავტოვე შორი,
სიკვდილს არ ესმის სიკეთე,
სიკვდილს უნდოდა შოვი.
----------------------
ჩემს ცხოვრებაში
ეკალი რომ ამოიწვერა,
ვერც კი გავიგე,
და, ღმერთო ჩემო,
რა დამაძინებს.
მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment