Tuesday, September 26, 2023

ბალადა წითელ ვარდებზე (სატრფიალო)

ზღაპარში თუ იყო ერთხელ, შეუყვარდა ერთ კაცს ქალი,
ლამაზი და მომხიბლავი, ვით მაისის დედოფალი,
ყოველ დილით ვარდის კონას უგზავნიდა ტურფა ასულს,
უღვივებდა ლამაზ გრძნობას, მისთვის უკვე ფერგადასულს.

სახლში ამ ქალს ვაზა ედგა, ბროლის, ონავ გაბზარული,
ბედობას თუ ავბედობას მოეტეხა მაღლა ყური,
ახლა მასში ვარდი იდგა, სამზეოდან მოტანილი,
სიბნელეშიც ანათებდა, თითქოს ცვილით მონამული.

და ერთ ღამეს ეს ვარდები უცაბედად გადანათდნენ,
ისე ლაღად კამკამენდნენ, როგორც ზეცა განთიადზე,
და ლოგინში მწოლიარემ დაინახა ვაჟი ქალმა,
თვალი მოსჭრა, როგორც ელვამ, როგორც სანთლის დიდმა ალმა.

ვაჟმა უთხრა, ვეღარ მნახავ, ვუერთდები სულთა კრებულს,
დაგიტოვებ ამ სიყვარულს, უარყოფილს, შენგან ვნებულს,
შიშისაგან ქალმა უცებ ტანთ ჩაიცვა, სარკმელს მიდგა,
ვაჟი უკვე გამქრალიყო, შეაწუხა დარდმა დიდმა.

მეორე დღეს მაგიდაზე შეამჩმია სისხლის კვალი,
და ვარდებიც სულ ყვითლებად ქცეულიყვნენ რაღაც ძალით,
გაიფიქრა, ნეტავ ბზარზე თუ შეიჭრა ვაჟმა ხელი,
მოლანდება არ ყოფილა,  იატაკიც იყო სველი.

გარეთ გასულს ესმა დილით, ვაჟი მოკვდა გარიჟრაჟზე,
მცირე, დიდი, კაცი, ქალი, ახსენებდა იმის სახელს.
გული დასწყდა, სიცოცხლეში არც კი დაელაპარაკა,
რომ გრძნობები გაემხილა,  დაარწევდნენ ორივ აკვანს.

ნუთუ მოკლა სიყვარულმა, გაიოცა ძლიერ ქალმა,
დიდმა გრძნობამ იმსხვერპლაო, დადიოდა ჭორი ქალაქს,
იმ დღის მერე ყოველ დილით ყიდულობდა  ქალი ვარდებს,
თუმც ვერავინ ვერ ხვდებოდა მის იდუმალ გულის ნადებს.

მხოლოდ სასაფლაოს მცველი კვირდებოდა ერთი რამით,
რომ იმ ვაჟის ძვალშესალაგს სულ ამკობდა წითლად ვარდი.

18.09.2023 წელი


.







No comments:

Post a Comment