Monday, April 24, 2017

ეპიგრამები, სხარტი გამონათქვამები

         
სასხლავის ჭერას
ურჩევნია ღვინო და ბანქო,
თამაშ-თამაშით
ხეც გაყიდა,
მამამ რომ დარგო.


ვითვლით წუთებს და
უფრო მეტად,
ვითვლით იარებს,
არ გვახსენდება,
სინანული
დავაგვიანეთ!


შვილს!
ვერ დავისვენე იმქვეყნად,
ჩემს ძვლებს აქ გააქვს ხრტიალი,
სხვისი ცხვარი ძოვს იალაღს,
სახლში ყვავი ზის ტიალი,
მკერდში სხვა გული ჩაგიდგეს,
არყის სუნზე სცემს ფრთხიალით.


დიდ სასახლეში, ხალიჩაზე მორთხმულ ფეხებით,
აზანზარებდა დედამიწას, მრავალტონიანს,
დღეს ზეცისაკენ გაშვერილი ჰქონდა ხელები,
შვილისთვის შველას გამოსთხოვდა ციურ გოლიათს.

საფლავის ქვაზე მიწერილი

დილით გამოველ, ისევე წვიმდა,
სველ ნეკერჩხალზე შევნიშნე თოკი,
ხელის ცეცებით, ხეს შევყევ ფორთხვით,
მარყუჟი შევკარ, გზას დავადექი
ცეკვით და როკვით,  მოუსალიერს,
გთხოვ, მაპატიო, ღმერთო, კადნიერს.


მართლისმთქმელისთვის დანასა ვლესავთ,
გვინდა მოვაჭრათ სარსალა ენა,
რადგან სიმართლე ყურსა გვჭრის ყველას!

ყელში დუმილი გასჩარეს, -
ენას დაადეს ბოქლომი,
- თუკი არ შეწყვეტ ლაპარაკს,
დარჩები პირში ბოლოკით.

ღამეს ათენებ სულ ტყუილად,
სამშობლო გიძევს ფიქრებშიც,
მაგრამ შენნაირ პატრიოტს
ბაღში ელიან კიტრები,
ფეხები რომ არ გაფშიკო,
გეზი შეცვალე ფიქრების.


გონიერსა და ზნეკეთილს
თავს დაგაფრინდა ქორიო,
ის თმებიც მიბღოჯ-მობღოჯა,
რაც გქონდა შორი-შორიო,
ჯიბე თაგვებმა დაგიხრეს,
როგორ მიგიღებს ცოლიო?!


ეკოლოგია ესმის კოლიას,
როგორც მტრედისთვის საქსაფონია,
იქ იქეიფებს, სადაც მოლია,
ბოთლებს გადაყრის, სადაც ფონია.

სანთელად ჩამოვიქენი
შიმშილითა და ვაებით,
კაცმა პანღური ამომკრა,
ღმერთმა გამიღო კარები,
ცოდვათა ჩამდენ-მტვირთველნი
უფალს ვერ დაემალებით.

შენ გამოცანა მითხარი,
ვეღარ დაგიდე ტოლია,
შენ ცაზე მზისებრ კიაფობ,
მე თვალებსა მთხრის  ქორია,
მაინც მოგიგდებ ბადეში,
თუკი არ დავრჩი მძორია.

ამოიხედა გულიდან,
შემომანათა თვალები,
თურმე იმასაც სცოდნია,
კაკალი მიმაქვს ნარეკი, -
ქორწილისათვის ვემზადო,
ცხვრებით გავავსო ფარეხი.


გადარჩენისთვის მებრძოლი
ასფალტსაც აქცევს ყანადო,
დაგირგავს შენი სახლის წინ
წითელ ატამს და პანტასო,
მერე შორიდან მოგძახებს,
ჩემია, რად კრეფ მაგასო.

           წარწერა საფლავის ქვაზე

მთელი სიცოცხლე უფალს ვეძებდი
ჩემში, ვიღაცის გენში,
ვარდში, ჩეროში, იასამანში,
იმაშიც, რაც რომ ვერ ვთქვი...
მაშინ ვიპოვე, როცა შევისხი
მარადისობის ფრთები.

      და განა ჩვენი ბრალია?!

"ხმას ამოიღებ - ვაია!
ჩუმად იქნები - ვუი!"
და განა ჩვენი ბრალია,
სულს რომ ვიპურებთ კუჭით,
თავს არ ვიქაჩლებთ ბალნიანს
მამულ-დედულზე ზრუნვით?!

   პოეტის ყოფა მუზის გარეშე

პოეტის ყოფა მუზის გარეშე
უაზროა და სათუო ფრიად, -
თითქოს რაღაცას მუდამ დაეძებს,
ამაოდ წუხს და ამაოდ ფიცავს...
მიუკაკუნებს ცელით კარებზე -
სიკვდილი, მისცემს  ოთხ გათლილ ფიცარს!..

ანი,  ბანი, -
                მითხარი,
                                 - ჯან და ჰაე,
                                                    -  გითხარი, -
                                                                       მეჯღანება
                                                                                         მკითხავი.
                                                                   

No comments:

Post a Comment