დღეს, ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთი სასაცილო ამბავი უნდა მოგიყვეთ. ვარ ასე 21 წლისა, ახალი დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი, ვმუშაობ სახალხო მეურნეობის ეკონომიკის და დაგეგმვის ინსტიტუტში, სადაც მოხვედრა მარტივი არ იყო, როგორც წითელდიპლომიანი ისე მიმიღეს, თავი ყველაზე ლამაზი მგონია, მზე და მე ერთმანეთს ვეჯიბრებით, არა მე გჯობივარ, არა - მეო. მოკლედ, ვარ გათამამებული, შიშით ვერც ერთი ბიჭი ახლოს ვერ მეკარება, სიყვარულსაც ვინ ამიხსნის?! ერთ დღესაც, სახლში ვართ მე და მამა მარტონი, დაირეკა ზარი, შემოსასვლელში შემოიჭრნენ მუშები, შემოიტანეს ყუთები ფორთოხლით, მანდარინით სავსე, მამას ჰკითხეს, სად შევიტანოთო, გაოცებულმა ოთახზე მიუთითა, შემოაქვთ და შემოაქვთ, გაივსო ოთახი ციტრუსებით, რომ მორჩნენ საქმეს, ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, ოდნავ შემელოტებული, მამას გადაეხვია, გადაკოცნა, ჩვენი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის თანამშრომელი აღმოჩნდა, მე და მამა ერთად ვმუშაობდით ამ ინსტიტუტში. გავიფიქრე, რა გულუხვი სტუმარი მოგვივიდა-მეთქი, ჩემთვის ყვავილებიც მოეტანა, ლიმონებით სავსე პარკთან ერთად, გადმომცა ხელი ხელში, ყვავილები ყვითელი იყო, რამაც გამაკვირვა, ციტრუსებთან ხომ არ შეახამა-მეთქი. მამა სტუმართან ერთად მისაღებში დავტოვე და გავეცალე. ცოტა ხანში მიმიწვია, შენთან არის ეს ყმაწვილი მოსულიო, თვითონ ძალიან დაბნეული მეჩვენა, მეც გაკვირვებული დავრჩი, რა საქმე უნდა ჰქონდეს-მეთქი ჩემთან ადამიანს, რომელსაც პირველად ვხედავდი ცხოვრებაში, მაგიდასთან დავჯექი, არც აცია, არც აცხელა, ამ აჭარელმა კაცმა ხელი არ მთხოვა! კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი, ნაგლობა მესმის-გავიფიქრე, რასაც სხვა ვერავინ ახერხებდა, ამან ორ წუთში მოაკვარახჭინა ყველაფერი... რამდენიმეჯერ გნახეთ და მას მერე ამერია ცხოვრება, სუნთქვა აღარ შემიძლიაო უთქვენოდო, მეუბნება, მამა ოთახში აღარ იყო, მარტო დაგვტოვა. ხმა არ გამიცია, ოთახში დაბრუნებულ მამას გაბრაზებულმა საყვედურით გადავხედე და გამოვედი. რა ვქნა, უარზეა ჩემი გოგოო, უთხრა სტუმარს, ცოტა იცადა კაცმა, იცადა, მამას ერიდებოდა სახლიდან გაგდება, ნაცნობი იყო, თანაც ამხელა ძღვენით მოვიდაო, როგორც იქნა წავიდა. არაფერი ვიცოდიო, თავი გაიმართლა, მაგრამ არ დავუჯერე, ალბათ მოეწონა ეს ახალგაზრდა აჭარელი-მეთქი. იმის მერე არაფერი მსმენია მის შესახებ, მანდარინებით და ფორთოხლებით კი გული ვიჯერეთ მთელმა ოჯახმა. სადაცაა იქ გაუმარჯოს იმ კაცს, არც სახელი მახსოვს და არც გვარი.
No comments:
Post a Comment