მახსოვს, ერთ ზაფხულს ქობულეთში ბელგიელი ქალბატონი გავიცანი, ორი შვილი ჰყავდა, გოგონა და ბიჭი. ბავშვები ძალიან დათრგუნულად გამოიყურებოდნენ, ქართველ პატარებთან ვერ ამყარებდნენ კონტაქტს, ქალბატონი კი აღფრთოვანებული იყო საქართველოს ბუნებით, ბავშვებისთვის უხვად მოჰქონდა ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, თევზი, იცინოდა, ასეთ საჭმელს ბელგიაში ვერ შეჭამო. გავესაუბრე, აღმოჩნდა, ქართველი ქმარი ჰყოლოდა, ტაქსის მძღოლად ემუშავა ბელგიაში და ავარიაში დაღუპულიყო. ვკითხე, ბავშვებს ქართული რაზე არ ასწავლა-მეთქი, ქართულად რომ ლაპარაკობდა, ეტირებოდა ხოლმე და თავი დაანება ამ საქმეს, მე კი ვსაყვედურობდიო, მიპასუხა ქალმა. კახელი კაცი ყოფილიყო, ელოდებოდნენ მშობლები შვილს, მაგრამ ნეშტი ჩაუტანეს, სამწუხაროდ, მეუღლეს კი ძალიან უყვარდა საქართველო და ზაფხულობით ბავშვები ჩამოჰყავდა ბებია-პაპასთან. ღმერთმა დალოცოს ასეთი ადამიანი. სამწუხაროა, როცა ქართველები, ემიგრაციაში მყოფნი, თავიანთ შვილებს არ ასწავლიან მშობლიურ ენას.
Thursday, April 8, 2021
ქართული ენა (მოგონებებიდან)
ჩემი და ია მოსკოვში არბატზე ხატავდა პორტრეტებს და ერთი ისტორია მოგვიყვა: დასახატად დამსხდარიყვნენ მის წინ ცოლ-ქმარი ისრაელიდან, იქ გაზრდილი ახალგაზრდები, ქართულად საუბრობდნენ და ბავშვსაც ქართულად ელაპარაკებოდნენ, იას გაკვირვებია, ამაყად უთქვამთ, ჩვენ საქართველოდან ვართ წამოსულები და ჩვენმა შვილებმა ქართული ყველამ უნდა იცოდესო. ძალიან ბევრი საქართველოდან წასული სხვა ეროვნების ადამიანი მიდიოდა ჩემს დასთან, რომ ქართულად ესაუბრათ, გვენატრება ქართული ენაო, მაშ, რაღა ღმერთი შემოსწყრომია ზოგიერთებს, რომ ქართულად ლაპარაკი ერცხვინებათ და მათი შვილებიც ზოგი გაფრანგებულა, ზოგი გაიტალიელებულა, ზოგიც - გაგერმანელებულა. სიმპათიით ავივსე იმ ქართველების და არაქართველების მიმართ, რომლებიც არ ივიწყებენ ქართულ ენას, პატივს სცემენ და ეთაყვანებიან, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები, დაე, კიდევ ბევრმა ქართველმა იაროს დედამიწაზე, ერუდირებულმა და ქვეყნის მასახელებელმა! ესეც ჩემი ილუსტრაცია საბავშვო წიგნისთვის, გაიხარეთ, გილოცავთ ხარებას!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment