Tuesday, April 20, 2021

ერთსტროფიანები ერთად თავმოყრილი მინი პოეზიისთვის


ღიღინებს ღარი, წყაროსთვალზე მზე ბრწყინავს წვეთში,
პირამიდების ირეკლება მასში ნათელი,
წუხს ჩემი ცხენი, ხეტიალი უდაბნოებში
მოსწყენია და კლდეებს ელის ცაში აფრენილს.
____________
ხორბლის ყანაზე გაწოლილა დიდრონი გველი,
ბრწყინავს, კაშკაშებს, ცისარტყელას ფერში ანათებს,
თვალი მომჭრა და უნაპირო ოქროს თავთავებს,
ნეტავ, თავისი მზითევისთვის ხომ არ ამზადებს?!
_____________________
ხავერდში ისე გახვეულხარ, როგორც მზის ველი,
თვალებს ლურჯ ტბებში არეკლილი სხივებით ისრავ,
ნეტავ, ღმერთმა თუ დაგილოცა კვესი, აბედი,
რომ შენი ცეცხლით დაადუღო რვალი და რკინა.
_________________
თუ კი გიყვარდი, რატომ წახვედი,
რად დამიტოვე გულში ნაღველი,
ამხედრებული ღრუბლებში ფრინავ,
მე შენს ბნელ სახლში მარგუნე ბინა.
-----------------
ხანდახან სხეულს ეუფლება მწვავე ტკივილი,
ფეხზე დადგომას მაშინ უნდა რკინის ხიმინჯი,
ვერა და ვეღარ დავიბრუნე ძველი იმიჯი,
მაინც ამაყი არწივივით ცისკენ მივილტვი.
_______________________
სულშეხუთული ქარისაგან ფორთხვით მივდივარ,
მოვეჭიდები ბალახებს და ჩავჭრი ყანობებს,
ქვეყნისთვის, ვხედავ, უკვე მძიმე დიდი ტვირთი ვარ,
მიწა მიმიღებს, ჩამიხუტებს, არ მიმატოვებს.
-------------------------------
იმ შენს მონატრებას მე რა უნდა ვუყო,
იმ შენს სიყვარულსაც მე რა უნდა ვუყო,
როცა ზვავებივით დამიარეს წლებმა ,
გაღიმებაც სხვისთვის აღარ მემეტება.
------------------
რა ცოდვებმა ამოგვზიდა მიწიდან,
ან რა ცოდვით ვწვებით ისევ მიწაში,
ღირს კი ნეტავ, ეს ცხოვრება ღიმილად,
თუ კი კაცის სიკეთე არ იწამე.
----------------
რასაც ხელი მოვკიდე,
არაფერი გამომდის,
მზე კი ამასობაში ადისა და ჩამოდის,
ტყუილუბრალოდ ვიცხოვრე,
მგონი, ასე გამოდის!
----------------
იღიმები, ოჰ, რა ტკბილად იღიმები,
თვალთა გცვივა იები და მზის სხივები,
ეს რა ტანჯვა მომივლინე მიწიერი,
შემოგყურებ ზეციერს და ვერა გწვდები.
-----------------
ახლა ზენიტში უნდა ვცურავდეთ,
არ ვფეთქდებოდეთ ველზე ნაღმებით,
რაც ჩვენ ვიწვალეთ, რაც ჩვენ ვეწამეთ,
რაც ვაფრიალეთ სულის ალმები.
--------------------
ფერი შემომევლო
კვამლის, ნაცრისფერი,
ღამეს აღარ ვნატრობ,
დილა მეფერება,
სხივებს გამოვგზავნი
შენთან, ათინათებს,
როცა მონატრება
აღარ შემეძლება.
---------------
ოჰ, რა ლამაზად ყვავის ატამი,
რა ფაფუკია ამ დროს ოცნება,
და მეც ფიქრებში ნაზად გახვეულს
არ მომეშალოს ეს გაოცება.
--------------------
მძივებს შორის, მძივებს შორის,
მაინც რჩება სივრცე და
ამ სივრცეს, როგორც მძივებს,
მხოლოდ ძაფი იჭერს.
-------------------
გავტყდები ისე, როგორც გატყდა ოდესღაც მამა,
როცა დანისლა მაღალი მთა სეტყვამ და წვიმამ,
ღვარცოფმა გულში ჩაატანა ღორღი და რკინა,
ნაომარ ველზე მეც მის გვერდზე დავიდებ ბინას.
---------------------
როცა მიყვარდი, თავი მაშინ მეგონა ღმერთი,
გული კი არა, კასრი მქონდა, პირსავსე დენთით,
აღარ მიყვარხარ, დავემგვანე გზის პირას ყვავილს,
ყველა გამვლელი ზედ რომ აყრის მტვერსა და მარილს.
----------------------------
მუდამ შენი სიყვარული მახლავს,
შენი ნაზი გაღიმება მათრობს,
დარჩი, ჩემო სიყვარულო, ჩემთან,
მარტოობამ ხელი რომ არ მახლოს.
--------------------
სულში მხოლოდ ტირიფები დამრჩა,
დასტირიან თავის სვეს და გამჩენს,
ვისთვისაა ია-ვარდის ფარჩა?!
დამაფენენ დღეს თუ არა ხვალე.
----------------------
ერთხელ ჩამეც გულში დანა,
ერთხელ უკვე მომკალი,
ახლა ველურ ვარდად მოვალ,
მეც მექნება ეკალი,
მომწყვეტ, სისხლში დაგივლი და
გულს დაგიწვავ მზე ქალი.
მე ბაღების ვარდი არ ვარ,
არც ნაზი და ფაქიზი,
ველურს მაინც ქებას მასხამს
ვინც რომ გვერდზე ჩამივლის,
დამინახავ, თვალს ვერ მომწყვეტ,
ჟრუანტელი დაგივლის.
-------------------
9 აპრილიდან 9 აპრილამდე,
აღარ მთავრდება გზა ეკლიანი,
როდისღა დადგეს დღენი მზიანნი?!
------------------------
როგორ ანათებ,
ჩემო სამშობლოვ,
როგორც მზის სხივში
ანთებული
ვარდის ფურცელი,
მინდა რომ იყო
სულ სასურველი.
-------------------
სხვისთვის იყოს წუთიერი... აღტაცებაც, დუმილიც,
მინდა, მთები ხარხარებდეს, ვულკანს ვგავდე დუღილით.
კოსმიური ნათებები წინ მიძღოდეს ღმერთებთან,
არ ჩაქრეს და არ ჩანაცრდეს ჩემი სულისკვეთება,
არ დამინდოს შავმა ბედმა, არწივს ვგავდე, მყვირალი,
გავხდე სხვათა გაჭირვების, დარდის თანაზიარი,
მხოლოდ მერე გამიხსენონ წუთიერი დუმილით,
ჩაცხრეს სადღაც ხევ-ხუვებში ქარის ტირილ-ღმუილი.
--------------------------------
სატრფიალო (სიმღერა)
ვაჟი:
ჩემკენაც გამოიხედე, პირმშვენიერო ქალავ,
ღრუბელზე წამოგაგორებ, მზეებრ აგანთებ ალად,
ზღვებზედაც გაგასეირნებ, გემის ვიქნები აფრა,
ოღონდაც ნუ შემომხედავ, როგორც სულელს და აფრაკს.
ქალი:
მე განა გულში ქვა მიდევს, შენს გაღიმებას ვფიცავ,
თვალს თუ გარიდებ, გამიგე, მამა-პაპურ წესს ვიცავ,
ხშირად იტკიებს ნაისრალს შეყვარებული გული,
მითხარ, მთისა და ბარისა, მადლიერებით უფლის,
თმაში ჩავიწნავ გვირილებს, მოგებებები წინა,
ორივე:
სიყვარულის ზღვა ლივლივებს, წყაროს წყალივით წმინდა.
------------------------------
და სევდას, ჩემში ამოუწურავს,
დააკვდებიან შენი ბაგენი,
შორს სადღაც მთაც კი მხრებს აიწურავს,
-არ დაგადგათო, - იტყვის, - საშველი.
გაფრინდი ჩემგან, როგორც ვარსკვლავი,
ისევ ციმციმებ, ისევ ანათებ,
და სევდას ჩემში ამოუწურავს,
ჩამოარიგებ, როგორც ბარათებს.
-------------------------
წამო, მთისაკენ წავიდეთ,
ქარმა ჭიუხში იქაროს,
არწივმა, კლდეზე გაზრდილმა,
ზღვის ღელვად გადაგვიაროს,
შავმა ღრუბელმა დაგვნიშნოს,
ზეცამ უეცრად იავდროს,
ჯიხვების ჯოგმა ლატალში
ქორწილი გადაგვიხადოს!
------------------------
თავს გვაკიდია მთების კალთები,
წამო ზევითკენ, ნუ დამზარდები,
ვახსენოთ ღმერთი, შევუდგეთ აღმართს,
დილის მზე თეთნულდს სირმებით ხატავს.
დაუგმანია დღეს ბნელის კარი,
აწყვეტილ ნისლებს მხარს უბამს ქარი,-
ღრუბლებს გვერდები უწითლა ლახტით...
მხატვარმა გული იჯერა ხატვით.
წამო მთებისკენ, ნუ დამზარდები,
ციდან ჩამოვხსნათ ღრუბლის ფარდები,
ჯიხვს მივულოცოთ დადგომა დილის,
ჩვენი გულიც ხომ მზესავით იწვის.
---------------------
წამო, მთებისკენ წავიდეთ,
ერთად დავლაშქროთ კლდეები,
არწივმა ჩამოგვიფრინოს,
გული ათრთოლდეს ხელებით,
იჭექოს, ცაი გაიხსნას,
შავ ღრუბელს მოვეფერები,
არ დამატიოს მიწაზე,
ზეცას შევეხო ხელებით.
წამოდი, მთისკენ წავიდეთ,
ბარისთვის არ მემეტები,
ფრთები შევისხათ არწივის,
გადავიფრინოთ ქედები...
---------------------
ვაჟაუ, ტყუილი რად მითხარ, მეყვარებიო მუდამ-დღე,
შაგიკრებია ქალები, თავსა აწონებ შუადღეს,
საღამოს წაწალს ალერსობ, ნაწნავებად გრეხ მუთაქებს,
ჩემთვის დილით-ღა მოიცლი, სიმღერას მეტყვი უნაზესს.
არ ვარ მე შენი საფერი, - საფირონს გიგავს თვალები,
მზერას ქალისას ვერასდროს და ვერსად დაემალები,
მე მინდა ჩემი რომ იყო, ჩემი რომ გწვავდეს ალები,
გულში ჩაგისვა, გაგათბო, ვერ გაიხურო კარები.
--------------------------
სული გვძვრება ერთმანეთის ქებაში,
მაშ რად მიდის ეს ქვეყანა კლებაში?!
-----------------
ფერმიხდილო ვარდო, ასე რატომ დარდობ,
ჩიტუნიავ, მარდო,შენ რადა ხარ მარტო,
რადა კვნესი, მტკვარო, რად დადუმდი, თარო,
გაზაფხულის მზეა, აღარ გავიხარო?!
გულში ლამაზ იებს დაუხრიათ თავი,
იასამანს, გრძნეულს, აეხილა თვალი,
სიბერეს და სიტყვებს დაუტყვიათ კვალი, -
მაშ, რაღად-ღა მიმზერ, ქარო, შურის თვალით?!
--------------------------
მატარებლის გუგუნში, თურმე, ჩამძინებია,
დილით გამოვიხედე, იმერეთის მთებია,
ბოგირ-ბოგირ ჭალები ერთურთს ეკონებიან,
ჩემი ჭირისუფალი მელოდება ბებია.
----------------------------------------
გულში ცა შემოვინახე
ასფურცელა და ლამაზი,
რამდენ ფენასაც ააცლი,
ყველგან დაგხვდება ზღაპარი.
==================
ხელში ჩამემსხვრა ბროლის ბოკალი,
ყველა ოცნება ჩემში მოვკალი,
ახლა კი ვცხოვრობ ორიოდ წამით,
სხვამ იოცნებოს პარიზზე აწი.
----------------------
ქვეყანას არ ვჭირდები,
ვხედავ, ყავლიც გამსვლია,
ერთი ჩითის მერდინი,
აი, რაც გამჩნია.
-----------------------
ამპარტავნობს ზოგიერთი ვხედავ
და გვასწავლის დღენიადაგ ჭკუას,
თბილი სიტყვა ზოგ ჭრილობას შველის,
თბილი სიტყვა მოკლულ გულსაც კურნავს.
---------------------
ცეცხლი ხარ, თუ ცეცხლის დარჩი ნაპერწკალი,
ციდან უცებ ლურჯ მიწაზე დაეშვი,
ნარნარ ზღვებზე ამტეხი ხარ ქარიშხალის,
ისღა დამრჩა, კვესზე გავკრა აბედი.
------------------
ვწევარ და ვგრძნობ, რომ
ვერ ვანძრევ ხელებს,
დაშვებულია ზეციდან ფარდა,
ნუთუ სპექტაკლის ეს არის ბოლო,
თუ მხოლოდ ახლა ვესწრები ანტრაქტს.
----------------------
თავთუხების თაველებზე
მეტი მზე და სიმშვიდეა,
დგას სინაზე ღვთიშობელის
და დიადი იდილია.
----------------------
ვაჟაუ!
ვაჟაუ, ვეღარ გიცანი, წლებმა ბალანი აგყარეს,
სახეს დაეტყო ღარები, თვალებქვეშ ჩრდილებს ატარებ,
მკლავები, მუხის ფესვები, ჩამოგშვებია ხმელადა,
მარტო თვალები გიცინის, ზღვას რომ მიგიგავს ფერადა,
მათმა ისრებმა მაქცია ოდესღაც ღობის მცველადა.
----------------------------------
ნიშა ხარს!
ვუმზერ, ჩემს ნიშას, გასცვენია უკვე ბალანი,
ღონემიხდილი მაინცა სწევს გუთანს და ხარობს,
ამოყვავდება დახნულ ველზე მწვანე ჯეჯილი,
მზით დამწიფებულს სულ სხვა ფერი ედება ახოს.
--------------------
ეძინა ქალაქს
გზად შემოდგომის ამინდი იდგა, -
ქარი აფენდა ფოთლების საბანს,
აჟრიალებდა დანესტილ მიწას,
ნისლს უხდებოდა ცისფერი კაბა.
და სიმარტოვე არღვევდა ქუჩებს. -
წლებს მიათრევდა - ასსა და ათასს,
ციოდა. წვიმდა. იქნებ სტკიოდა,
მაგრამ ღრმა ძილით ეძინა ქალაქს.
---------------------
ჩემი გამოცდილებით
გეტყვით სიტყვას, ნაკვესებს,
სადაც არ გაფასებენ,
იქ არ უნდა გაჩერდე.
-----------------------
მარტოსული ადამიანი უდაბნოს ყვავილივითაა,
ადრე თუ გვიან ეკლებს გამოისხამს.
------------------
ბუშტებივით სკდება იმედები, მაგრამ მათგან
განსხვავებით იმედი არ ყვირის, არ ხმაურობს,
ჩუმად მიიპარება, დამდნარი თოვლივით,
თუმცა გულში ღრმა და დიდ კვალს ტოვებს,
უიმედო გული სწორედ გამსკდარ, მომჩვარულ,
ნაგლეჯებად ქცეულ ბუშტს ემსგავსება.
--------------
არავინ იცის, ვის რა დღე ადგას,
დარდობს და მერე დარდს ქარებს ატანს,
ჩვენ კი ვეძახით უდარდელს, ამტანს.
--------------------
სასხლავის ჭერას
ურჩევნია ღვინო და ბანქო,
თამაშ-თამაშით
ხეც გაყიდა,
მამამ რომ დარგო.
--------------------
მართლისმთქმელისთვის დანასა ვლესავთ,
გვინდა მოვაჭრათ სარსალა ენა,
რადგან სიმართლე ყურსა გვჭრის ყველას!
-------------------------
შვილს!
ვერ დავისვენე იმქვეყნად,
ჩემს ძვლებს აქ გააქვს ხრტიალი,
სხვისი ცხვარი ძოვს იალაღს,
სახლზე ყვავი ზის ტიალი,
მკერდში სხვა გული ჩაგიდგეს,
არყის სუნზე ცემს ფრთხიალით.
---------------
იმედის გარეშე სული ისე იტანჯება,
როგორც ხორცი წყლის გარეშე,
ის შავი ღრუბლებით დაფარულ მზეს ემსგავსება, რომელიც სხივებს ვეღარ ისვრის და ნელ-ნელა ინავლება.
------------------------
ჩუმად ისმის ზარების რეკვა,
მაგრამ რაოდენი წუხილია მასში,
ჩემო სამშობლოვ!
--------------------


May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი
ფიქრია ჩხიტუნიძე, Fiqria Chubinidze და 14 სხვა
მომწონს
კომენტარი
გაზიარება



No comments:

Post a Comment