მ ა რ ი ა მ ი
მე ხომ უბედური ვარ და
ისიც უბედური არი...
ხატითკიდე ცრემლმდინარი მობრძანდება მარიამი;
მოუფენენ საწოლს ყარტით,
ციხეკარავს ყარტი ჰხურავს...
მარიამო,აგყრის პატივს
სახიჩარი მოწითურო.
ვერრას გშველი,ვერ გიფარავ,
ჩამოგთიბა თმა და ღილი...
მარიამო,მკერდფიქალა,
მარიამო,ნუ,ნუ სტირი.
ხატიკართან ქარი,ამო,
ჩამოლალავს მაღალ ნისლებს...
ვაი,ვაი,მარიამო,
ვინ გიკოცნის ბროლის კისერს;
ვინ გიმშრალებს ცრემლის ლაჟვარდს,
ვინ,ვინ გიხსნის მაგ ღილკილოს...
კაცი არ სჩანს,კაცი არ სჩანს,
კაცი არ სჩანს შეგეწიროს;
დევის შექმნილს, ქაჯის ნაშობს
რად შაუღე კოშკის კარი...
ცოტაც კიდევ, ცოტაც კიდევ,
ლახტს გამართავს იახსარი;
მზე დაივლის საბრძანისებს,
აღყვავდება ია-ვარდი...
მარიამო,მარიამო,
მარიამო! გამიხარდი.
No comments:
Post a Comment