Thursday, April 15, 2021

ძმის დატირება (დავით დიაკონიძეს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, დაიჭრა გაგრასთან, დაინვალიდდა, მიუხედავად ამისა ორჯერ წავიდა კოდორის ხეობის დასაცავად)

ავაიმე, ჩემო ძმაო და, 
ჩემო სისხლო და ხორცო,
ჩემო შავ-თეთრო მერანო,
ბოღმა რად უნდა ცოხნო!
მტერი კარზეა მომდგარი,
ჯგროდ გორის ციხის ბოლოს,
ვაჟკაცი მიწაში წევხარ,
გმინვაღა ისმია მხოლოდ.
როგორ დაგჯიჯგნეს ყორნებმა, 
ვეღარ იქნევდი ჰოროლს,
ავაიმე, გმირო, ვაჟკაცო, 
ვინ უნდა გაგიტოლო?!
როგორ უვლიდი ქარაფებს, 
კლდედ ეფარვიდი კოდორს,
ჩამოიღვენთე, გაცივდი,
გულიღა დაგრჩა თოთო.
ავაიმე, სულო დამწვარო,
მტერი ქცეულა კოღოდ,
სისხლისმწოველი თავს გვესხმის,
სახლს გვიწიოკებს როგორ!.
ავაიმე, რაღა ვიდარდო,
რაა ამ ქვეყნის ბოლო?!
ჩამოიქროლე, არწივო, 
შევარდენო და ქორო, 
ქვეყნის და მიწის ერთგულო,
ორგულს მოუღე ბოლო,
ავაიმე, ჩემო ძმაო და, 
ჩემო სისხლო და ხორცო!




 

No comments:

Post a Comment