Thursday, November 25, 2021

ყველაზე ლამაზი ტორტი (საბავშვო მოთხრობა)

                          ყველაზე ლამაზი ტორტი

   ტოტოს ძალიან უცნაურად მოეჩვენა ის დღე, წინა დღეებშიც არანაკლები აურზაური იდგა უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად, თავშესაფრის თანამშრომლები გარბი-გამორბოდნენ, ნათურებსა და მოსართავებს კიდებდნენ ყველგან, ნაძვის ხეც მორთეს.  უცნაური სურნელი ტრიალებდა, გემრიელი, შეიყნოსა ძაღლმა, ეამა. ის დღე გაახსენდა, პატრონს რომ დაეკარგა. ძია ვარლამი სულ თან დაატარებდა, მაღაზიის კართან დატოვა, მაგრამ მერე აღარ გამოჩნდა, ვინ იცის რა დაემართაო, გაიფიქრა და თვალებში ცრემლი მოაწვა, ეს სურნელებაც ახსოვს, შობის ღამეს იდგა სახლში, სადაც ის და ძია ვარლამი ცხოვრობდნენ. ეჰ, რა ბედნიერი იყო მაშინ. თვალები გაახილა ტოტომ, მიიხედ-მოიხედა, ვინმემ ჩემი ცრემლი ხომ არ დაინახაო, ბიჭია და როგორ უნდა იტიროს?! გვერდზე გალიაში მწვანეთვალება ფისოს ეძინა, არ დაუნახავს ჩემი ცრემლებიო, გაეხარდა, მერე მეორე მხარეს გაიხედა, იქ ძაღლი იწვა, შავკოპლებიანი, ისიც ამასავით პატრონს ელოდა, დაკარგულიყო, სარკმელიდან შემომავალი სინათლისთვის გაეშტერებინა თვალი, დღეს შობის ღამე დგებაო, წაიბურტყუნა. ტოტოსაც გაახსენდა, ძია ვარლამი ზუსტად ერთი წლის წინ თავის შვილიშვილს რომ ელაპარაკა, შობა მიულოცა პატარა ნიაკოს, მოციმციმე ეკრანზე მომღიმარი პატარა ლამაზი გოგონაც წარმოუდგა თვალწინ, პაპას ამშვიდებდა, შემდეგი შობისთვის მანდ ვიქნებიო. ძია ვარლამიც ისეთი ბედნიერი იყო. სულ თეთრად უელავდა კბილები და თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა,  შეიძლება ცრემლები იყო, მაგრამ სიხარულის, ის კი ნაპერწკლებს ჰგავს, ანათებს. ტოტომაც სარკმელს შეხედა, უცნაურად ანთებულიყო ცა, გარეთ რაღაც შუქებიც ციმციმებდა და ანათებდა. ერთი კვირაა უკვე აქ არის და ასეთი ნათელი ღამე არასოდეს უნახავს. ვარსკვლავებიც კი უცნაურად ტრიალებდნენ ცაზე, თითქოს რაღაცისთვის ემზადებოდნენ. ძია ვარლამის ნათქვამი გაახსენდა, შობის ღამეს ათასნაირი სურვილები ხდებაო. ისევ ცრემლები მოაწვა თვალებში, მაგრამ თავი შეიკავა, კმარა ცრემლის ღვრაო, ისევ გვერდზე გალიაში მყოფ კატას და ძაღლს გადახედა. უცბად რაღაც მოუსვენრობამ შეიპყრო. ნაცნობი სუნი იგრძნო. უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის შესასვლელში ჩოჩქოლი ატყდა, ძია ვარლამის ხმა გაიგონა, იქნებ, აქ არის ჩემი ძაღლიო, ელაპარაკებოდა მომვლელს, წამოხტა, სირბილი დაიწყო გალიაში, ის არის, მომაკითხაო, მართლაც, ოთახში ძია ვარლამი შემოვიდა, პატარა გოგონა მოყვებოდა გვერდზე, ნიაკო იყო, სწორედ ის, ეკრანზე რომ იღიმებოდა, ჩამოსულაო, გაიფიქრა ტოტომ. ტორტი შემოიტანეს უზარმაზარი და მაგიდაზე შემოდგეს, ნუთუ ტოტოსთვის იყო? ფიქრობდა ძაღლი, ყეფის უნარიც დაეკარგა სიხარულისგან და მხოლოდ წკავწკავებდა. ძია ვარლამი ტოტოს გალიასთან მივიდა, გაუღო კარები და ძაღლი გამოიყვანა, რა ბედნიერი იყო ტოტო, ყველაზე ბედნიერი ამ ქვეყანაზე, შობის ღამეს სურვილები ხდებაო, გაახსენდა ძია ვარლამის ნათქვამი. ნიაკომაც გადაუსვა ძაღლს თავზე ხელი. ნაპერწკლები გადმოცვივდა ტოტოს თვალებიდან.ძია ვარლამმა ტოტო ნიაკოს გადასცა ხელში, თვითონ კი ტორტის დაჭრას შეუდგა, რა გემრიელი სუნი დადგა ოთახში, ყველაზე ლამაზი ტორტია დედამიწის ზურგზე, გაიფიქრა ტოტომ, იმიტომ რომ ჩემთვისაა! ძია ვარლამმა დაჭრა და თავშესაფრის ყველა ბინადარს ჩამოურიგა, და იცით რა მოხდა, ყველას ნაპერწკლები ცვიოდა თვალებიდან და ანათებდა და ის ღამე არავის არასოდეს დაავიწყდებოდა ნამდვილად, ხარობდნენ უპატრონი ცხოველთა თავშესაფრის ბინადარნი. 

11/25/21 10:39 AM



No comments:

Post a Comment