სადა ოთახი
ოთახი, სადაც ჩვენ შევხვდებით იქნება სადა,
ძალზედ უბრალო...შენ გიხდება უბრალო ფონი..
შემოვიფლითავთ დაღლილ ეჭვებს გულს რომ გვიხრავდა,
ვნებად მოვარდნილ შეხდევრასთან დავრჩებით ორნი.
დატოვებს ოთახს სევდა, დარდი ნატრული წამი,
აქ, მხოლოდ მზერას შეეძლება მეტყველი დარჩეს,
აგეტუზება წინ, ლოდინით დაღლილი ქალი,
და მისი ცრემლი, სიხარულის გეტყვის დანარჩენს.
ოთახი, სადაც ჩვენ შევხვდებით წაგვიშლის მაისს,
რადგან სიყვარულს საოცარი სურნელი ასდის,
არ შემოვუშვებთ დარაბებზე მოხეთქილ აისს,
ვიჭირვეულებ, რადგან შენთან ბავშვივით გამდის.
ბედნიერებავ, შემომხვიე წელზე მკლავები,
სასაცილოა ახლა ყველა სიტყვა და რითმა,
მიეხურება უცხო ოთახს, უცხო კარები,
და არა, ამის გადმოცემა ლექსებად ვინ სთქვა??
ოთახი, სადაც ჩვენ შევხვდებით იქნება სადა,
სახეს მოგირთავ წარუშლელი ნაზი კოცნებით,
და აღარაფერს გავიხსენებთ ერთურთის გარდა,
თბილ ხელის გულებს სიყვარულად შევახორცდებით.
თუმც ყველაფერი გასრულდება და გახსნილ კარში,
გადათანგული ნეტარება გასასვლელს მორთავს,
ბედნიერებაც ჩაილევა დათვლილი წამში...
და გაელვებად შემორჩება უბრალო ოთახს.
ნანა მეფარიშვილი
No comments:
Post a Comment