მოგიწყვეტ ვარსკვლავებს.
(ფშაურ კილოზე.)
თოვლია მთებზე და ფრიალო ქარაფზე,
ჭიუხშიც მსუსხავი ქარები დაქრიან,
პირიმზევ,შენ ახლა რა გინდა არაგვზე,
ჯერ გაზაფხულამდე ძალიან ადრეა.
რამდენჯერ გითხარი,არ უნდა იჩქარო,
რატომ არ გასვენებს ჯიუტი აზრები,
შენ,ჩემო დილის მზევ და ღამის ცისკარო,
ხომ იცი,უჩემოდ ადვილად დაზრები.
სუყველგან თოვლია,აცალე, გა-დარ-დეს,
ხომ ხედავ,ამ ზვავებს,ხევებში ჩაყრილებს...
რაისად მიმატებ,საწუხარ-სადარდელს,
რაად არ დაუცდი,მარტებს და აპრილებს.
მოვდივარ,მოვკვალავ,ამ თოვლს და ნამქერებს,
არა მაქვს სხვა ფიქრი,არა მაქვს სხვა დარდი,
სულ კოცნით გაგითბობ,მაგ სხეულს ნაფერებს,
ორივეს შაგვიხვევს ეს ჩემი ნაბადი.
სასთუმლად დალალქვეშ გაგიფენ ამ მკლავებს
და ვნების ყვავილი,კვლავ გაიმაისებს...
რომლებსაც აირჩევ,მოგიწყვეტ ვარსკვლავებს,
დათაფლულ ტუჩებით დავიტკბობთ აისებს!
თუმც ისევ თოვლია ფრიალო ქარაფზე,
ჭიუხშიც მსუსხავი ქარები დაქრიან,
პირიმზევ,კარგია,რომ მოხველ არაგვზე,
პირის მზე მოჰფინე,ხეობას ავდრიანს!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.21.02.2015 წელი.
No comments:
Post a Comment