გოგო მაია შარშან პირველად გაიყვანეს თოვლში, კარგად დაამახსოვრდა ის დღე, ფიფქები სახეზე ასხდებოდნენ, რა ლამაზებიაო, ფიქრობდა, ხელისგულებს უშვერდა, წითელ ხელთათმანებზე კარგად ჩანდა მათი ფორმები, დედას ახედა და უთხრა, ვარსკვლავებს ჰგვანანო,დედას გაეღიმა, სახლში რომ მივალთ, ფიფქების ხატვას გასწავლიო, გაეხარდა, ტუჩებზე დაფენილებს გემოც გაუსინჯა, ნაყინის გემო არ ჰქონიათო, გული დასწყდა, ტკბილს მოელოდა, ნაყინი ძალიან უყვარს. სახლში მისულმა ფიფქების ხატვაც ისწვლა, ხატა და ხატა, ჯარისკაცებივით ჩაამწკრივა. წელს კი თოვლი არა და არ ჩანს, გული მოსდის გოგონას, დილას რომ ადგება, პირველად ფანჯარაში იხედება, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ისევ არ ჩანს თოვლი. ერთ ღამით სიზმარში დაბურული ტყე ნახა, თოვლის მოსვლას რომ ელოდა, მაგრამ თოვლი არ მოდიოდა, სციოდათ ხეებს, იბუზებოდნენ, გაძვალტყავებულებს თოვლის იმედიღა ჰქონდათ, მოვა და გაგვათბობსო, მიწაც თოვლს ელოდა, მცენარეების თესლი აღარ გაიყინებაო. მათი დახმარება გადაწყვიტა გოგონამ, ღრუბლებთან წავალ და მოველაპარაკები, ჩვენს გასაჭირს ვეტყვიო. მე წაგიყვანო, შესთავაზა ირემმა, შეაჯდა ზურგზე მაია და ცაში ღრუბლებთან აფრინდა. ირმებს ზოგჯერ ფრენაც შესძლებიათო, გაიფიქრა. შევიდა გოგონა ღრუბლების სამეფოში, იქ ნაირ-ნაირი ღრუბელი ნახა, ზოგი დიდი, აქლემს რომ ჰგავს, ზოგი - საშუალო ზომის, კურდღლებს რომ ამსგავსებს ხოლმე, ქვევიდან როცა უყურებს, დედამიწიდან, ზოგიც სულ პატარა, ახალდაბადებული იყო, ვარდისფერი, ყველაზე ძალიან ისინი მოეწონა, პატარა გოჭებს ჰგავდნენ, მაგრამ თოვლით დაბერილი ღრუბლები ვერა და ვერ იპოვა, ცხრა მთას იქით გადაკარგულიყვნენ, ქარაშოტს გადაერეკა, მივიდა გოგონა ქარების სამეფოში, ირემმა იქაც მიიყვანა, კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალზე ცხოვრობდნენ ქარები, გაუჭირდა ირემს იქ მისვლა, მაგრამ მეგობრის გულისთვის რას არ გააკეთებ! ქარების სამეფოში ნიავიც იყო და ქარაშოტიც, გრიგალიც და უბრალო ქარიც. დაატრიალა გოგონა ქარაშოტმა, რისთვის მობრძანებულხარო, შეშინებულმა მაიამ ძლივს ამოღერღა, დედამიწას თოვლი ენატრება, ტყეც იყინებაო უთოვლოდ, მცენარეები აღარ გაიზრდებიანო, პურის ყანაც არ გვექნება, ადამიანებმა რა ვჭამოთო. მოეწონა ქარაშოტს გოგონა, ცხვირში შეუღიტინა, დააცემინა მაიამ, მერე იქით-აქეთ ატრიალა, ლამაზი ქურქი გაცვიაო, ხელოვნურიაო, უთხრა გოგონამ, ცხოველეების დახოცვა ამისთვის როგორ შეიძლებაო. მოეწონა ეს ამბავი ქარაშოტს, კარგი საქმე გადაუწყვეტიათ ადამიანებს, ამიტომ დაგეხმარებიო, პირობა მისცა, თოვლის ღრუბლებს გადმოვრეკავ უკან, ცხრა მთას იქით რომ გავამგზავრეო. კმაყოფილი დაბრუნდა გოგონა ტყესთან, დედამიწაც დაამშვიდა. გაეღვიძა კიდეც, პირველად ფანჯარასთან მივარდა, იქნებ სიზმარი კიდეც ამიხდეს, ქარაშოტმა პირობა შეასრულოსო.
მართლაც, თოვლის ფიფქები ეფინებოდა არემარეს, შორიდან ტყე უღიმოდა, თითქოს მადლობას ეუბნებოდა, ის კი არა და ფიფქებიც შემოასხდნენ მინას და ათასფერად აელვარდნენ, მაიამ ტუჩები მიაწება შუშას და კოცნა გაუგზავნა.
მართლაც, თოვლის ფიფქები ეფინებოდა არემარეს, შორიდან ტყე უღიმოდა, თითქოს მადლობას ეუბნებოდა, ის კი არა და ფიფქებიც შემოასხდნენ მინას და ათასფერად აელვარდნენ, მაიამ ტუჩები მიაწება შუშას და კოცნა გაუგზავნა.
1/15/20 1:54 PM
No comments:
Post a Comment