Sunday, October 31, 2021
შიში (მოთხრობა)
შიში აიკლაკნა ქალის თვალებში, როცა ჰკითხეს: - რისი გეშინიაო, - არაფერი არ თქვა, თვალი მოარიდა მკითხველს, მზერა სხვა საგნებზე გადაიტანა, წნევას სხვას გავაზომინებ, ამას აღარ შევაწუხებო, - გაიფიქრა და ოთახიდან გაუჩინარდა. გაკვირვებულ რძალს უკვე მერამდენედ გაუელვა თავში, ამ ქალს რაღაცა სიზმარი თუ აქვს ნანახი და არ გვეუბნება, აბა, ასეთი შიში რატომ უდგას თვალებშიო. ერთი თვე იყო, ქეთო ადგილს ვეღარ პოულობდა, მეშვიდე სართულზე ცხოვრობდნენ, დღეში რამოდენიმეჯერ ჩადიოდა და ადიოდა კიბეებზე, ლიფტით არ მგზავრობდა, დახურული სივრცის შიში ჰქონდა, იმ დღესაც უკვე მერამდენეჯერ ჩამოუარა მეზობლებს, შედიოდა, წნევას აზომინებდა, რძლის ნათქვამი თითქოს არ სჯეროდა, არც სხვა მეზობლებისა, ყველა მათგანს ამოწმებდა, ვინმეს რამე ხომ არ შეეშალაო. აწყნარებდნენ, ნორმალური წნევა გაქვსო, არ იჯერებდა. ისევ ადიოდა და ჩადიოდა კიბეებზე, ბევრსაც აღარ ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცა ძალას შეეპყრო, რომელიც ფიქრის და ლაპარაკის უნარს აკარგვინებდა, და ეს ძალა სხვა არაფერი იყო, თუ არა სიკვდილის შიში, განა ყველას შეუძლია ის დაამარცხოს, იმას მოერიოს?! მოხუცი მალე 87 წლისა გახდებოდა, თვეც არ იყო დარჩენლი მის დაბადების დღემდე, აღარ ახსოვდა, მაისის 27-ში იყო დაბადებული, თუ 28 - ში, ეს ბოლო თარიღი კი ეწერა პირადობის მოწმობაში, ხანაც ექიმებთან გარბოდა, იქვე ახლოს ქალთა კონსულტაციაში გადმოეწერა ოჯახის ექიმთან, ხშირ-ხშირად აკითხავდა, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც. კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა შეაწუხა ბოლო ხანებში. ცალ ფეხსაც იტკივებდა მენჯ-ბარძაყის სახსარში, ჯოხიც მოძებნა, ყავარჯენი, იმას იშველიებდა. იმ დილითაც დილაუთენია ადგა, ჯოხი აუსხლტა მეტლახზე, წაიქცა, მთელი ოჯახი ფეხზე დადგა, აიყვანეს, საწოლზე დააწვინეს, ტკივილს ვერ გრძნობდა, სასწრაფო გამოიძახეს, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობაზე მიიტანეს ეჭვი, რენდგენის გადამღები ჯგუფი სახლში გამოიძახეს, ეჭვი გამართლდა. ვეღარ ავდგებიო, თქვა მოხუცმა, ახლა მივხვდი, საიდან მოვიდაო, უთხრა რძალს. მაია დარწმუნდა, სიკვდილზე ლაპარაკობდა მოხუცი. მადლობა მოუხადა რძალს ყველაფრისთვის, რასაც მისთვის აკეთებდა, კალამი და ქაღალდი მოითხოვა, სამადლობელი წერილი დაწერა რძლისთვის, რომელთანაც ოცდაათი წელი იცხოვრა. მხოლოდ პირველ დღეს იყო გონზე, მესამე დღეს დილით გარდაიცვალა, რძალმა რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო, მაგრამ არ წაიყვანეს საავადმყოფოში, მალე დატოვებს მისი სული აქაურობას, ნუღარ გააწვალებთ, სახლში მოკვდესო. მაიას არ სჯეროდა, რომ დედამთილი ასე მალე წავიდოდა, ჯანმრთელი ქალი იყო, ყოველთვის გამოდიოდა მძიმე მდგომარეობიდან, თვითონაც ბოლომდე იბრძოლა, თავზე დაჰფოფინებდა მოხუცს, ამაზე უარესი მდგომარეობიდან გამომიყვანიაო. მეორე დღის ბოლოს ავადმყოფს საშინელი შფოთვა დაეწყო, ჯოხს ითხოვდა, მოტეხილი ფეხით საწოლიდან დგებოდა, ვერ იჭერდნენ, საითკენღაც ისწრაფვოდა, ჯოხით აკაკუნებდა იატაკზე, ჭიშკრის გაღებას სთხოვდა ვიღაცებს, მაია გაოგნებული უყურებდა ამ სცენას, სკლეროზი დაეწყოო, ფიქრობდა, ქმარმა უთხრა, სამოთხის კართან დგას ალბათ და ჭიშკრის გაღებას სთხოვსო. არ დაუჯერა. ორი ღამის უძინარმა თვალები მიხუჭა, ქმარი დატოვა მოხუცთან, დილით დათომ გააღვიძა, დედა კვდებაო. შეხედა, მოხუცს თვალები ღია ჰქონდა, აღარ ინძრეოდა, აკივლდა ძალაუნებურად, სიკვდილს უყურებდა თვალებში, დიახ, ღია თვალებიდან სიკვდილი იყურებოდა, მაიას ყვირილზე, თუ გესმითო, მოხუცს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე, მალე გაუშეშდა გუგები, რძალმა თვალები დაუხუჭა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment