მარისელი
იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად მარისელი. ლამაზი იყო, ზღვისფერთვალება, გამრჯე და მშრომელი, კარგად სწავლობდა, რომ გარშემომყოფები გაეხარებინა, მაგრამ შეამჩნია, რომ ათას რამეს ჰპირდებოდნენ ადამიანები, მაგრამ ხშირად დანაპირებს არ უსრულებდნენ, რატომღაც მისი არსებობაც კი ავიწყდებოდათ, ყველას თავისი ფიქრი და საქმე ჰქონდა. ის კი სულ ელოდა და ელოდა, როდის უყიდდნენ ლამაზ ვარდისფერ კაბას, ყველაზე დიდ თოჯინას, სათამაშო მატარებელს, ფოჩიან კანფეტებს. წლები გადიოდა, მარისელი მიხვდა, რომ ადამიანები ხშირად იტყუებიან და იმას არ აკეთებენ, რასაც გპირდებიან. ძალიან ეწყინა, გული ეტკინა. ერთ ღამესაც სიზმარში კეთილი ჯადოქარი გამოეცხადა და უთხრა, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. იმასაც აღარ დაუჯერა, დაცინვით სთხოვა, ხედ გადამაქციეო. ჯადოქარმა დანაპირები შეასრულა. მარისელი ჭადრის ხედ გაადააქცია. მას მერე დგას ჭადარი, თეთრად ხან ფირუზისფრად ბრწყინავს მზეზე და როცა ქარი მის ფოთლებს აშრიალებს, ჩუმად გვეჩურჩულება, აუცილებლად შევასრულოთ დანაპირები, რომ ვიღაცას დედამიწაზე გული არ ვატკინოთ.
No comments:
Post a Comment