Friday, October 29, 2021

ერთი ემიგრანტის ისტორია (მოთხრობა)

   არავის ელოდებოდა, არც არავინ აკითხავდა, იცოდა მარტო დარჩა უცხო ქვეყანში, რომელიც უკვე თავისად მიაჩნდა, პალატის თეთრ ჭერს შეაჩერდა, ფიქრიც კი აღარ უბჟუტავდა თავში, თვალები ცისფერ კედლებზე გადაიტანა, სამშობლოს ცა გაახსენდა, მკერდში ტკივილი იგრძნო, შეჰყვირა. პალატაში მედდა შემოვიდა, რამე ხომ არ გაწუხებთო, ჰკითხა, ყველაფერიო, უპასუხა და უსიამოვნოდ გაიღიმა, მედდამ ექიმის გამოძახება გადაწყვიტა, ხელზე ხელი მოუჭირა, არ გამოიძახოთ, გამივლის, სამშობლო მომენატრა, ერთადერთი ვაჟი მყავს და ისიც იქ დაბრუნდაო. მედდამაც ნაღვლიანად შეხედა, მეც ვიცი, რა ძნელია ახლობლებთან განშორება, მეც არ ვარ აქაურიო. ლაპარაკი აღარ გაუგრძელებიათ, მედდა სხვა პალატაში გამოიძახეს.
    საღამოს ისევ შემოვიდა, მიხვდა, პაციენტს სჭირდებოდა, ნაინსულტარს ლაპარაკიც უჭირდა, ძლივძლივობით წარმოთქვამდა სიტყვებს უცხო ენაზე, მართალია, ოცი წელია  აქ ცხოვრობდა, შვილები სულ პატარები  ჩამოიყვანა, ენა მაინც ვერ ისწავლა, იქაურებთან კონტაქტს ერიდებოდნენ ისიცა და მეუღლეც, იმალებოდნენ, არალეგალები იყვნენ, მოქალაქეობაც არ ეღირსათ... მეუღლის გახსენებაზე ცრემლები მოაწვა თვალებზე, საავადმყოფოში დაწოლიდან რამდენიმე თვის მერე გაიგო, რომ გარდაცვლილიყო,  თვითონ მძიმედ ავაად იყო და არ ეუბნებოდნენ... ცოლი რომ საავადმყოფოში დაეწვინა, სახლში დაბრუნებულს იმ ღამით ინფარქტი მიეღო და რამდენიმე დღის მერე მკვდარი ეპოვათ სახლში, შვილს აეტეხა განგაში საქართველოდან, მამა ტელეფონზე არ მპასუხობსო, ნაცნობისთვის (ქართველისთვის) დაერეკათ, ის მისულიყო, კარი რომ არავინ გაუღო, სახლის პატრონი გამოეძახებინა, იმას კიდევ - პოლიცია, ნაქირავებ პატარა ბინაში მკვდარი ეპოვათ, ვინ იცის, როგორ წვალობდა, რა ტანჯვაში მოკვდაო, ფიქრობდა და ძალაუნებურად ჩამოსდიოდა ცრემლები თვალებიდან. მედდა უხმოდ ელოდა, სანამ ქალმა სული მოითქვა, მერე ყურადღებით მოუსმინა, სასიკვდილო რა ჰქონდა ჩემს ქმარს ან მე ინსულტმისაღები, უფროსი ვაჟი დაგვეღუპა, 30 წლის, უცბად, მოულოდნელად, სიმწრით ნაზარდი, იმის იმედი გვქონდა,  ჭკვიანი ბიჭი იყო, რამდენიმე ენა იცოდა, თარჯიმნად მუშაობდაო, ისევ წასკდა ცრემლები, თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო, შეახსენა მედდამ, დასამშვიდებელი აბი მისცა და პალატა დატოვა.                        მარტოობაში გაირინდა, ისევ საქართველო გაახსენდა, დედა, და, მისი უნახავები რომ  წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ორივეს მძიმე სენმა დარია ხელი, კიბოთი გარდაიცვალნენ, მერე მოდი და თქვი, კიბო ნერვიულობისგან არ ჩნდებაო,  ვერც ეხმარებოდა საწყლებს, ემიგრაციაში თვითონაც ძლივს გაჰქონდათ თავი, სამუშაოს შოვნა უჭირდათ, არც იმ ქვეყანაში ულხინთ, შვილები წამოიზარდნენ და ახლა გავიხარებო,  ფიქრობდა, მაგრამ ჯერ უფროსი ვაჟის სიკვდილმა გამოსდო კვანტი, ხელიდან გამოეცალა, სიკვდილის მიზეზიც კი ვერ დაადგინეს იქაურმა ექიმებმა, გულმა უღალატაო, იმას და მიჰყვა საქართველოში, დიშვილის სიკვდილმა მისიც დააჩქარა, მერე ქმარი, ერთი ვაჟი დარჩა, დეიდის დასაფლავებაზე წავიდა და იქიდან აღარც დაბრუნებულა, მამა მკვდარი რომ დაებრუნებინა სამშობლოში, ფული ისესხა, ნათესაობაც დაეხმარა, მერე, ალბათ, წამოსასვლელი ფული ვეღარც იშოვა, დედასთვის რომ  ჩამოეკითხა, იქაც უმუშევრობაა... გული დაეწვა, ისევ ტკივილი იგრძნო, თვითონაც ხეიბარი ვიღას სჭირდება, ძლივს გადაადგილდება, შვილს უნდა დააწვეს კისერზე, არ ჯობდა მომკვდარიყო?! ამ საავადმყოფოშიც როდემდე გააჩერებენ?! ამ ფიქრებში ჩაეძინა. 
      დილით გამოუცხადეს, საავადმოფოდან გაგწერეს, შენი შემდგომი მკურნალობის ხარჯებს ჩვენი სახელმწიფო ვეღარ  გადაიხდისო, მედდას ცრემლიანი დაემშვიდობა, პირდაპირ თვითმფინავზე დასვეს ხეიბრის ეტლით და სამშობლოში დააბრუნეს. უარაფრობიდან უარაფრობაში მიდიოდა. ჯერ ნათესავის ბინაში მიიყვანა შვილმა, სახლიც გაეყიდათ ვალებში, მერე საცხოვრებლად დედამთილთან გადაიყვანეს სოფელში, ისღა დარჩა ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელმაც მიიღო და მისი მოვლა იკისრა, არა და როგორ არ უყვარდათ ერთმანეთი, იმას გაექცა, დედამთილიც,  შვილი წაიყვანე უცხოეთშიო, არ პატიობდა. იყო კი საპატიებელი?! ახლა ყველაფერი აპატია.
   

No comments:

Post a Comment