მე შენთან მინდა!
შენ დღესასწაულს უჩემოდ ხვდები,
ფერიასავით კოხტა და წმინდა.
მე ერთადერთი სურვილით ვკვდები...
მანდ ყოფნა მინდა!
ვერ შეგისრულე დანაპირები,
ჩემი სტუმრობა ვიცი რომ გინდა.
ფუჭად მისდევენ კვირებს კვირები...
მანდ ყოფნა მინდა!
ქარიც ჩადგება გადარეული,
ალბათ ის რუხი ცაც დაიწმინდა.
დავბორიალობ, ვით მთვარეული...
მანდ ყოფნა მინდა!
ახლა ღამეა, მხარეს შორეულს,
შევბღავი, როგორც ხარ-ლაღი შვინდა.
მე მოვინატრებ ბაგეს გოლეულს...
მე შენთან მინდა!
თავს ზევით თურმე არ არის ძალა,
თვალები სევდით ჩამომებინდა.
ვდგავარ ვარდებით,- როგორც ნიკალა...
მე შენთან მინდა!
ზეციდან ისმის ანგელოზთ ხმები,
დღევანდელი დღე შენთვის გაბრწყინდა.
და კვლავ იგივე სურვილით ვკვდები...
მე შენთან მინდა!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი. 27.10. 2012 წელი.
No comments:
Post a Comment