Monday, October 26, 2020

ისევ მამლის ყივილამდე, ავტ. იოსებ მაჭარაშვილი, პოეტი-აკადემიკოსი

 ისევ მამლის ყივილამდე

-----------------------------------
...
სიჭაბუკეს რომ ვიხსენებ,
(უპირველეს ყოვლისა), მწვერვალიდან მოწყვეტილი ზვავი მახსოვს თოვლისა... მახსოვს,- ავი განზრახვები ყველა სისხლისმწოვლისა, და, უსაზღვრო სილამაზე ვარსკვლავების ხომლისა... მახსოვს,- ლაღი იმედების და ოცნების რაშები, მირაჟების ვირაჟები და ქარების მარშები... თუმც, ბავშვური ქიმერების ბაღში ნათამაშები, მზის ნასხლეტი სხივიც მახსოვს ობლად ნაკაშკაშები... მახსოვს : ჯალლალ ედ დინთა და შაჰ აბასთა მსგავსები...მახსოვს : ბრიყვთა, რეგვენთა და ფლიდთა პერფორმანსები... მოყაშყაშე სავავები და მოყიპყიპე ქორები, მახსენდება, (როგორც ავად მიმოყრილი ჭორები)...
...
მაინც მიყვარს,-
დაფლეთილი საქართველოს რუკები; ეკლესია - მონასტრები, ტაძრები და შუკები; ხევსურული ფარდაგები, ნაღარები, ბუკები; გულმაგარი "ფუსტები" და მარდი "მამელუკები"... მიყვარს ჟამთა ლეგენდები... მიყვარს საგალობლები... ბედნიერთა დარად მიყვარს ქვრივები და ობლები... მიყვარს "ჩელა", მიყვარს "ლალე", "ლილეო" და "ჩაკრულო"... მიყვარხარ და მეყვარები ერო გულდაჩაგრულო!
...
შენს სოფლებში,
ძაღლის ყეფა, ნუმც მენახოს მოშლილი! მათხოვრებიც ნურვინ ნახოს ყველგან ხელგამოშლილი! როგორც ძველი და ახალი დორიული სვეტები, შენც შეგიქონ თაობებმა მთების სილუეტები! ქსნის ხეობის ჭალებიდან აგიფრინდეს გედები, რომ იხილონ შენი ბედის თეთრი განიმედები! მსხმოიარე კაკლის ბაღებს მოაშორე ჯალტამი... მესხეთს ვაშლი მოუწონე... გორს შეუქე ატამი... ალავერდის სანახებში ვენახები ახარე... გუთნისდედებს კვლავ შემატე ქიტესა და მახარე...
...
გენიოსებს თუ დაითვლი,
(არ გყავს მცირეოდენი)... ვის წინაშეც თავს დახრიან გოგენი და როდენი... ფიროსმანის ნახატებით გაილაღე გუნება, თორემ, მტკვარი, სევდიანი ჰანგით გებუბუნება... ვაჟას, დავით გურამიშვილს, რუსთაველს და ილიას, შექსპირთან და ბაირონთან ვამჩნევ სრულ იდილიას... თუ, მონსერატ კაბალიე და მარია კალასი, არიან და იქნებიან საამურად ხალასი, ქართლის ზვრებში მოწეული "რქაწითელი"-ს ნაყოფი, იყო, არის და იქნება ტალანტების სამყოფი!
....
მთებში ყოფნას რომ ვიხსენებ,
(უპირველეს ყოვლისა), მწვერვალიდან მოწყვეტილი ზვავი მახსოვს თოვლისა... მახსოვს,- ლაღი სურვილები სიმაღლისკენ ლტოლვისა... სილამაზეც მახსენდება ვარსკვლავების ხომლისა... ქიმერების საარაკო ბაღში ნათამაშები, მზის სიზმარი მახსენდება ობლად ნაკაშკაშები... მახსოვს,- მძაფრი ქარიშხლების ფრთებგაშლილი რაშები, მირაჟების ვირაჟები და დიდების მარშები... მახსოვს : ჯალლალ ედ დინთა და შაჰ აბასთა მსგავსები... და, მაღონებს რეგვენთა და ფლიდთა რევერანსები!
...
როცა,
გუბის ბაყაყები,
(უსაშველოდ ქვეხმიან),
იოგების მეოხებით გუბის ორკესტრს შექმნიან,
ვის მიერაც დაცულია ცის კიდე და ზღვის კბოდე,
კვლავ მესამე(დ) მამლის ყივილს შეგახსენებს იცოდე!
2019 წ;

No comments:

Post a Comment