ამ დღეებში ბევრი ე. წ. პოსტი წავიკითხე ადამიანთა უმადურობის, გულგრილობის შესახებ, მე კი ერთ ამბავს გავიხსენებ: ბაზრიდან დატვირთული ვბრუნდებოდი, პატარა კალათით ჟოლო მომქონდა სხვა სურსათ-სანოვაგესთან ერთად, ავედი ავტობუსში, კალათა, რომელიც პარკში იყო მოთავსებული, გვერდზე მოვიდგი. რატომღაც ეს მწვანე ავტობუსები ისე დადიან, დამუხრუჭების დროს მგზავრები ცვივა ძირს და ჩემს კალათას რა დაემართებოდა, გადაყირავდა და შუაგულ ავტობუსში მოიბნა მარცვლები. ყრია ლამაზები, წვენი გასდით, ეტყობა, ცოტა გადამწიფებულნიც იყვნენ, გავნერვიულდი, ვიფიქრე, აიზილება ესენი და ამოითხუპნება მგზავრები ამ წვენში, დავიწყე აკრეფა, მოულოდნელად ახალგაზრდა ბიჭი მოვარდა, თვითონ აკრიფა ჟოლო, ცალკე პარკში მოათავსა, რომელიც იქვე მჯდომმა ქალბატონმა მოგვაწოდა. მე და ახალგაზრდას სველი სალფეტკიც მოგვცეს ხელების გასაწმენდად, უდიდესი მადლიერებით ავივსე ამ ადამიანების მიმართ. რამდენიმე წუთში პრობლემა მოგვარებული იყო. ეს ამბავი რომ მახსენდება, კარგ ხასიათზე ვდგები, მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ, ადამიანობა ჯერ კიდევ შემოგვრჩა ქართველებს.
No comments:
Post a Comment