Friday, April 3, 2020

სალომე (საბავშვო მოთხრობა)

                   სალომე

   დილით სკოლაში წასვლის წინ დედამ სალომეს ვარდისფერი ბაფთები ჩაუმაგრა თმაში. კლასში ყველაზე ლამაზი ვიქნებიო,  გაიფიქრა გოგონამ, სარკის წინ მიტრიალდ-მოტრიალდა, მერე ზურგჩანთა მოიკიდა და სკოლის გზას დაადგა. აკაციის ხეები შემოხვდა გზაზე, თეთრი ყვავილებით დაპენტილი. ესიამოვნა მათი სუნი, ხელი დაუქნია პატარა ხეებს, რომელთა კენწეროებსაც თვალით მისწვდა, თავისი ჭკუით მიესალმა. ფოთლებში გამომავალ მზის სხივებს გაუღიმა. მიაფრიალებს აბრეშუმის კაბას, მიაშრიალებს ტაფტის ოქროსფერ მოსაცმელს და თავი დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ჰგონია. ლადოს დღეს უბრალო ფანქარი უნდა აჩუქოს, არ ჰქონდა გუშინ. მასწავლებელმა მის გვერდზე გადმოაჯინა, კატო ბევრს გელაპარაკება, სალომე წყნარია, იმედია იმდენს ვეღარ ირატრატებო. უხარია სალომეს, ლადო რომ მის გვერდზე ზის, ისეთი ღიმილი აქვს, ყველა გოგოს უყვარს კლასში. ამაყად მიაბიჯებს, ნაწვიმარია, წითელი ბოტები აცვია, მიაჭყაპუნებს გუბეებში, ხანაც აქეთ-იქით იხედება, ვინმე ხომ არ მიყურებს, ჩემს ცელქობას ხომ არ ხედავსო. მოულდნელად მანქანამ ჩაუარა გვერდზე დიდი სისწრაფით, გუბურის ჭუჭყიანი წყალი შეასხა, გაშეშდა, ყველაფერი სველი ჰქონდა, კაბაც, მოსაცმელიც, თავზე ხელი მოიკიდა, ლამაზი ვარდისფერი ბაფთებიც დასველებულიყო და, თმებიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და თავიდან მომდინარე წყლის წვეთებს  შეუერთდა. - რა მოგივიდა? - მოულოდნელად ხმა მოესმა, გვერდზე გაიხედა, ლადო ელაპარაკებოდა, მაშინვე შეაშრა გოგონას თვალზე ცრემლი,  - მანქანამ გამწუწაო, - თქვა სიცილით და ისე გაიღიმა, გაოცებულმა მზემ კიდევ უფრო დააჭყიტა თავისი დიდი და ნათელი თვალები, ცოტა ხნის წინ ხომ ტიროდა, აი,  რა სცოდნია სიყვარულსო!  თუმცა,  მოგეხსენებათ, ეს მან ისედაც ყველაზე კარგად იცის და ბევრ საიდუმლოებასაც ინახავს, მის  გარეშე ხომ  არც დედამიწა იარსებებს და არც ჩვენ.

4/3/20 7:52 PM

No comments:

Post a Comment