გოგონა მწერების დიდი მეგობარი იყო. პეპლებიც უყვარდა, ფუტკრებიც, კალიებიც, ჭრიჭინებიც, მაგრამ განაკუთრებით მოსწონდა პატარა შავი მწერები, ხეშეშფრთიანები, არაფრით გამორჩეულნი, სახელიც კი არ იცოდა მათი. გამოვიდოდა საღამოს მინდორში სასეირნოდ, გამოედევნებოდნენ ისინი, დაასხდებოდნენ ხელებზე, თმებზე, უცაცუნებდნენ თავიანთ პატარა ფრთებს, გოგონა მათაც ძალიან უყვარდათ, სულ უკან დაჰყვებოდნენ, კაბის შლეიფივით, მისი სურნელი იზიდავდათ, ალუბლის და ბლის მურაბების სუნით იყო გაჟღენთილი კაბები, რომლებსაც ის ატარებდა, მისი ბებია ხომ მურაბების დამზადების დიდოსტატი იყო, რომელი ხილიც შემოვიდოდა, იმ ხილის მურაბას ამზადებდა, ალუბალი დამწიფდებოდა, ალუბლის მურაბას ხარშავდა, ჟოლო - ჟოლოსას, კენკრა - კენკრისას, ქარს შორს მიჰქონდა მურაბების სურნელი, გარშემო აფრქვევდა, ყველა მწერმა იცოდა, რომელი ხილის მურაბა იხარშებოდა. სახლთან ახლოსაც მიფრინავდნენ ფუტკრები, ზოგი თავგანწირული ცხელ მურაბაშიც აღმოჩნდებოდა ხოლმე, აი, შავი ხოჭოები კი გოგონას ელოდებოდნენ, რომ სახლიდან წამოყოლილი არომატი ჩაესუნთქათ. ერთ დღესაც გოგონა არ მოვიდა, შეშფოთდნენ, რა მოუვიდაო, სახლისკენ გაფრინდნენ, იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, შუქიც არ ჩანდა სახლის ფანჯრებში. ეზოში მდგარ თეთრი თუთის ხეს შემოეხვივნენ და ცაზე ახლადგამოსულ მთვარეს სთხოვეს დახმარება, გოგონა და მისი ბებია გვაპოვნინე. იქნებ სახლში შეიჭყიტო, ნახო რა ხდებაო, მაგრამ ფანჯარაზე ფარდა დახვდა ჩამოფარებული მთვარეს და ოთახში ვერ შეაღწია. მაშინ ზემოდან გადმოხედა შავ ულამაზო მწერებს და თავისი ნათელი უწილადა, თქვენ სცადეთ, ჩემი შუქით გზა გაინათეთ, თვითონ იპოვეთ გოგონა და მისი ბებიაო. მთვარის ნათელით შემოსილი მწერების გუნდი სახლისკენ დაიძრა, შეღებული ფანჯრის ღრიჭოდან შეფრინდნენ სახლში, ოთახებს მოედვნენ, ნახეს, გოგონა ლოგინში იწვა, სიცხიანი, ბოდავდა, ბებიას იქვე სკამზე ჩასძინებოდა. მიხვდნენ, პატარას შველა სჭირდებოდა, გამოფრინდნენ და სახლის გარშემო დაიწყეს ფრენა, სხვადასხვა მოძრაობებს აკეთებდნენ, ხან ზევით აიჭრებოდნენ, ხან ქვევით ჩამოფრინდებოდნენ, რომ სხვა სახლების მაცხოვრებლების ყურადღება მიეპყროთ. ასეც მოხდა, პატარა მანათობლების უცნაური ფრენა მართლაც შენიშნეს, სოფელი გარეთ გამოეფინა და ბებია-შვილიშვილის სახლისკენ დაიძრა. გოგონას უწამლეს, მალე დადგა ფეხზე, ხალხმა შავ მწერებს ციდან ჩამოსული ნათელი, ციცინათელა უწოდეს. მათ ხომ გოგონა გადაარჩინეს. მას მერე დაფრინავენ ციცინათელები და გზას უნათებენ უმთვარო ღამეში გარეთ დარჩენილ მგზავრებს, ხანდახან რომელიმე კეთილ გოგონას გამოედევნებიან ხოლმე და კაბის შლეიფივით მიყვებიან უკან, ზოგიც წინ უნათებს გზას, რომ ვინმემ სიბნელეში არ შეაშინოს.
No comments:
Post a Comment