Wednesday, July 1, 2020
მოგონებებიდან (2020 წელი, მაისი)
ხელების ცაცხცახით მივადექი სამკერვალოს, ძმის კოსტუმი გამიფუჭდა, მისი საყვარელი, საკიდზე ჩამოკიდებული ცოტა ძლიერად მოვქაჩე და საყელო დაზიანდა, არ მინდოდა ენახა და ენერვიულა, ეს ერთი ცალი ჰქონდა, ლამის მუხლისჩოქით და ტირილით ვთხოვე მკერავს, გამიკეთეთ, რამდენსაც მეტყვით, გადაგიხდით-მეთქი, ნაცნობი ქალბატონი იყო, ადრეც მიმიტანია მასთან საკერავი, დაიტოვა, შაბათ-კვირას გამოიარეო. მივედი, ვაიმე, არ მეცალა, მაგის გაკეთებას ბევრი დრო უნდა, ვერ გამოვნახე, რამდენიმე დღეში მოდიო, ჩემს ძმას ვუთარი, ქიმწმენდაში წავიღე შენი კოსტუმი-მეთქი, გავიდა რამდენიმე დღე, შევდივარ სამკერვალოში, მკერავი ზედ არ მიყურებს, თავის საქმეს განაგრძობს, რაღაც ნაჭერს უკირკიტებს, არ მეცალაო, მიგდებს სიტყვას, ძაღლს რომ პურის ნაჭერს გადაუგდებენ,, მთელი დღე უნდა დავუთმო მაგას, მაგდენი რა ფული უნდა მომცეო, არა და ის პერიოდია, შეზღუდვებია ამ კორონა ვირუსის გამო, ჯერ სამკერვალოები არ ამუშავებულა, ტანსაცმლის მაღაზიებიც არ მუშაობს, რომ ახალი ვიყიდო.სხვა მკერავს წაუღე, იქნებ სხვამ გაგიკეთოს, ორშაბათიდან ამუშავდება ყველაფერიო. გავოგნდი, ამასობაში იქ სიარულში ორი კვირა გავიდა, იქვე მსხდარ სხვა მკერავებს გადავხედე მუდარის თვალებით, გვერდზე გაიხედეს, გაოცებული დავრჩი მათი ასეთი საქციელით, სხვისი გაჭირვებისადმი ასეთი გულგრილობით, მადლობა გადავუხადე ასეთი "გულისხმიერებისათვის", გაბრაზებულმა დავტაცე კოსტუმს ხელი და წამოვიღე. მეორე დღეს დავადექი წერეთელს, სხვაგანაც სადმე იქნებ ამუშავდა-მეთქი რამე, ისინი სამტრედიის და წერეთლის ქუჩების კვეთაში რომ პოლიციის შენობაა, იქ სხედან, ვიარე დინამოს სტადიონის მხარეს, არაფერი შემხვდა, ეკლესიის წინ რომ "ბიბლუსის" მაღაზიაა, იქ ვიკითხე, სამკერვალო ხომ არ არის სადმე ახლოს, მეორე სართულზე მიმასწავლეს, შევედი, დაღლილი ჩავესვენე სავარძელში, რომელიც მისაღებში იდგა. ორი ქალბატონი იყო კერვით დასაქმებული, ჩანდა, ქართველები არ იყვნენ, ერთმა ჩამომართვა კოსტუმი, ორ დღეში გამოიარეთო, ნიღბებქვეშ სახეებს ვერ ვხედავდი,მაგრამ იმ რუსი ქალბატონის თვალები ძალიან მომეწონა. მივედი, არ მინდოდა იმედები აქაც გამცრუებოდა.კოსტუმის საყელო მთლიანად შეეცვალა, კარგად გაეკეთებინა, არც ველოდი, ახალივით იყო, ასი მადლობა გადავუხადე, არც უწუწუნია, არც საყვედური უთქვამს, ეს რა მოიტანეო. და არა მგონი, იმ თავდაფასებულ მკერავებზე ნაკლები საქმე ჰქონოდა. ზოგჯერ მადლიანი ადამიანებიც შემოგეყრება ხოლმე ცხოვრების გზაზე. გახარებული დავბრუნდი შინ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment