Monday, July 6, 2020
რწმენის სანთელი (მოთხრობა)
ღრუბლებიდან მზე იჭყიტებოდა და თითქოს თვალს უკრავდა, ქალიც დაჟინებით შესცქეროდა ცას, იქიდან ელოდა შველას, ღმერთს სთხოვდა დახმარებას, ყველაფრის და ყველას იმედი დაეკარგა, ერთადერთი შვილი ჰყავდა, ისიც ავად გაუხდა, საავადმყოფოში ეწვინა, ნუთუ, ეს არისო ღვთის სამართალი, ღმერთის არსებობაშიც ეჭვი შეეპარა, მაინც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებოდა. მუქი ღრუბლების მიღმა სინათლის სხივი კიაფობდა, იმას მიენდო, იმას ჩაებღაუჭა თვალებით, გულითაც და სულითაც. მზე ნიშანს მაძლევსო, ძალა მოიკრიბა, არ მოკვდება ჩემი შვილიო და საავადმყოფოსკენ გასწია. პალატაში შესულს მზის სხივიც შეჰყოლოდა, შვილის სახეს დასთამაშებდა, ახალგაზრდა კაცს ეძინა, ნეტარების ღიმილი ისახებოდა მის სახეზე. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდესო ეს, ფიქრობდა ქალი, გაუნელებელი ტკივილებით იტანჯებოდა აქამდე შვილი. ქალმა ამოაწყო პროდუქტები ჩანთიდან, რისი ჭამაც შეიძლებოდა ავადმყოფისთვის, ჩუმად მოძრაობდა, არ გავაღვიძო, ძლივს დაუძინია ბედნიერადო. იქვე სკამზე ჩამოჯდა და მიყუჩდა, მასაც ჩაეძინა, სიზმარი ნახა, ანგელოზები დასტრიალებდნენ მის შვილს თავს, რიგ-რიგობით მიჰქონდათ მის პირთან წყალი და ასმევდნენ, თითქოს მზეში ამოვლებულიყო მთელი სამყარო, კოვზებიც ოქროსფერი იყო, იქიდან გადმოღვრილი წყალიც, ხუჭუჭა ოქროსფერთმიანი ანგელოზები დიდხანს დარჩნენ ავადმყოფთან, მზით ავსებულიყო ფანჯრები, ოთახი, მზით გაჯერებულიყო ავადმყოფის ტანიც. გაეღვიძა, შვილს შეხედა, მიტკალივით თეთრი იწვა, იღიმებოდა, დაგძინებიაო, დედას უთხრა, დედამაც გაუღიმა, - ახლა მივხვდი, რა უნდა გავაკეთოო, - წამოიძახა, სკამიდან წამოდგა და პალატიდან გავიდა. მეორე დღეს შვილი საავადმყოფოდან წაიყვანა, რა თქმა უნდა, ხელწერილით, არწმუნებდნენ, მოვარჩენთო, არავის დაუჯერა. ერთი კვირის მერე ზღვაზე წაიყვანა, ამომავალი მზის სხივებისქვეშ იწვა კაცი, ოქროსფერი შუქი ეღვრებოდა სახეზე, მოიმატა შუქმა, მთელი ტანი დაფარა სხივებმა, ქალს მოეჩვენა ანგელოზები დაფრინავდნენ მის გარშემო და შვილს უკვდავების წყალს აწოდებდნენ ოქროსფერი კოვზებით, რამდენიმე თვე დაჰყვეს ზღვაზე, კაცს ნელ-ნელა ტკივილები შეუმცირდა, მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. დედა-შვილმა დიდი ქონება შესწირა ეკლესიას გლახაკების დასახმარებლად, მას მერე მათ სახლში არასოდეს ჩამქრალა რწმენის სანთელი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment