Thursday, July 23, 2020
არტ გალერეაში (მოგონებებიდან)
ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ: ერთ დღეს ვზივარ არტ გალერეაში, სურათებს ვათვალიერებ სკამზე ჩამომჯდარი და ვტკბები, ყიდვით ვერ ვყიდულობ, მაგრამ სულიერ საზრდოს ვიღებ. ჰა და ჰა, 50-დან 100 ლარამდე გავქაჩო, თუ რამე ძალიან მომეწონა. შემოვიდა ახალგაზრდა კაცი, პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, რუსუდან ფეტვიაშვილის სურათები მაჩვენეთო, გახარებულმა მეპატრონემ მაშინვე მიიყვანა ნახატებთან, კლიენტმა ფასი იკითხა, 2-3 ათასი დოლარიდან იწყებოდა, ახლა პიკო დაათვალიერა, თაზო ხუციშვილი, უფრო დაბალი ფასები აქვს მათ ნახატებს, მაგრამ მაინც ასობით დოლარებს ეჭიდავება კაცი. ბოლოს იკითხა, ყველაზე დაბალ ფასებში რა გაქვთ, ცნობილი მხატვარიც რომ იყოს და იაფიცო. ტიტე შეყილაძის "ზამთარი" გადმოუღეს, არა და მე მაქვს თვალი დადგმული. თან გულში ველაპარაკები: 3 ათას დოლარიანი ნახატიდან 100 ლარიანზე ჩამოხვედი შე, კაცო-მეთქი?! არც აცია, არც აცხელა, მართლა აიღო ის ნახატი, საჩუქრად მინდაო, ქორწილში მიდიოდა. სანამ შეუფუთავდნენ, ვიღაცამ დაურეკა, სავარაუდოდ, ცოლმა, მოახსენა, ტიტე შეყილაძის ნახატი ავიღე 200 ლარადო, ფასი ორჯერ მეტი უთხრა, ვიდრე გადაიხადა. რომ გავიდა, იმდენი ვიცინე, ვეღარ მასულიერებდნენ. ესეც შენი "გრანდიოზული" მყიდველი. მე კი დავრჩი ხახამშრალი..
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment