Saturday, July 4, 2020

მოგონებებიდან

ამას წინათ ბორჯომის ვაგზალზე რომ ბაზარია, იქ ვიყავი და ასეთ ინციდენტს გადავაწყდი: ორმოციოდე წლის კაცს ხანშიშესულმა ქალბატონმა ხურდა ფული სთხოვა, იმან გაბრაზებულმა დაუყარა დახლზე, ლამის სახეში ესროლა, თან ეჩხუბებოდა, რა გამიწყალეთ გული, სულ ფულს როგორა მთხოვთ, თქვენი გულისთვის დავრჩი უცოლშვილო, ვერაფერს ვეწიე, თქვე არაფრისმაქნისებო, სხვა მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ, შვილებს ეხმარებიან, თქვენ აქეთ მაწევხართ კისერზე, სული ამომიღეთო. ხანშიშესული ქალი დარცხვენით იყურებოდა აქეთ-იქით, არ უნდოდა, ვინმეს ჩხუბი გაეგო. შვილს ხმას არ სცემდა, მივხვდი, უკვე მიჩვეულიც იყო მის აყალ-მაყალსა და საყვედურებს. კაცი როცა წავიდა, ქალბატონმა თავშლის კუთხეთი მოიწმინდა ცრემლი და ჩუმად მითხრა, თითქოს ჩემ წინ თავს იმართლებდა. ოცი წელია აქ, ბაზარში, ვმუშაობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი პურის ფული ყოველთვის გვაქვს, მაინც გვერჩის მშობლებს, ჩვენ გვაბრალებს ყოველგვარ გაჭირვებასო. ის ახალგაზრა კაციც შემეცოდა, ცხოვრება ვერ მოიწყო, ოჯახი ვერ შექმნა, ჩამოსულები იყვნენ, სავარაუდოდ, სადღაც ნაქირავებში ცხოვრობდნენ, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, გამონაკლისების გარდა, ბინა თვითონ შეიძინონ, ბევრის მშობელი საზღვარგარეთ მიდის, რომ შვილებს უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება შეუქმნას, ბინა, აგარაკი, მანქანა. ვისაც ეს არ შეუძლია, იმათ რა ქნან? ნუთუ ისინი ცუდი მშობლები არიან და საყვედურის ღირსნი?

No comments:

Post a Comment