Thursday, December 8, 2022

მოგონებებიდან (წიწილების სიყვარული)

 მოგონებებიდან

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიწილები, იხვის ჭუჭულები, ყვითლები და ფუმფულები და ნეტავ, რომელ ბავშვს არ უყვარს ისინი. იმერეთში ხშირად წიწილების გამოჩეკვის პროცესსაც დავსწრებივარ, ზოგჯერ წიწილს უჭირდა გამოჩეკვა, უკაკუნებდა შიგნიდან კვერცხს, მაგრამ ვერა და ვერ გამოდიოდა, ბებიას ვეტყოდი ხოლმე,მოვეხმაროთ, ჩვენ გავტეხოთ-მეთქი ნაჭუჭი, მიშლიდა, თვითონ უნდა გამოიჩეკოსო. ზოგიერთი კვერცხიდან მართლაც არ იჩეკებოდა ხოლმე წიწილი, ასეც ხდებოდა. ბებიას რატომღაც სახლში შემოჰყავდა ეს ახალდაჩეკილი პატარა ფრთოსნები, არ გაცივდნენ, რამემ არ შეჭამოსო და სულ უფუთფუთებდა, პატარა ოთახში შეჰყავდა და იქ აბინავებდა. მეც მეტი რა მინდოდა, ხან ერთი მყავდა ხელში, ვეფერებოდი, ხან - მეორე. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთი ყველაზე დიდი და გაფუმფულებული წიწილი ამოვიჩემე, სულ ხელში მყავდა, ბებია მეხვეწებოდა, თავი დაანებე, ნუ ჭყლიტავ, მოკვდებაო, არ ვუჯერებდი,მართლაც, მოკვდა ის წიწილი. ბებიას არაფერი უთქვამს, გული დამწყდა, მაგრამ ახლა სხვა წიწილა ამოვიჩემე, ამყავდა ხელში, ვეთამაშებოდი, ახლა იმას არ ვუშვებდი ხელიდან. წიწილა ღამით დედასთან მიმყავდა ხოლმე, მაგრამ ერთ დილას ბებია შემოვიდა ჩემთან ოთახში და მკვდარი წიწილა ფეხთან დამიგდო. .აი, შენი ნამოქმედარიო! მითხრა მკაცრად. არასოდეს მიჯავრდებოდა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გაჯავრება. ეტყობა, ამიტომაც დამამახსოვრდა. მას მერე იშვიათად ვეფერებოდი წიწილებს, ძალიან მსუბუქად გადავუსმევდი ხელს, ნაზად და ფრთხილად. მივხვდი, რომ ზედმეტი მოფერებაც შეიძლება საზიანო იყოს ცოცხალი არსებისთვის. ,,მეტის მეტი, თავში ბრეტიო", ტყუილად არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ალბათ არც ბავშვს უხდება სულ ხელში ჭერა და გათამამება, მაგრამ მშობლები ვერ ვგრძნობთ ამას, სამწუხაროდ.

No comments:

Post a Comment