Wednesday, December 28, 2022

ბავშვობის მოგონებებიდან

 მოგონებებიდან

ყველას გეხსომებათ ბავშვობა, დედები თევზის ქონით გადაპიპინებული კოვზებით რომ დაგვდევდნენ, ხან სად ვიმალებოდი, ხან - სად. მაგრამ დედა მაინც გამომიტყუებდა ხოლმე სამალავიდან, პიტნის კამფეტებს მოგცემო, ძალიან მიყვარდა, უცებ მომიქცევდა მკლავებში და ამ ჩემთვის საძულველ სითხეს ჩამასხამდა პირში, გამხდარი ხარ, ვიტამინები გჭირდებაო. რამდენჯერ გულიც ამრევია, ახლაც კი ცუდად ვხდები თევზის ქონის სუნზე, ეტყობა დედა დარწმუნებული იყო მის უნიკალურ თვისებებში, თორემ წარმომიდგენია, რა ძნელი იქნებოდა ხუთი ბავშვისთვის მისი დალევინება, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ ჩემთან ჭირდებოდა ასეთი ბრძოლა, სხვები მოთმინებით სვამდნენ ამ ,,საოცრებას", ია - ჩემი და კი ტუჩებსაც გაილოკავდა ხოლმე. დედას ჩვენთვის სხვა ბუნებრივი ვიტამინებიც ჰქონდა გამზადებული, ალოეს, ლიმონს ჩაჭრიდა თაფლში და იმის წვენს გვასმევდა. ლიმონი თაფლით ძალიან მომწონდა, სიამოვნებით მივირთმევდი. ალბათ, გემატოგენიც გეხსომებათ. ამითაც ხშირად გვიმასპინძლდებოდა მშობელი. დაზოლილი ოთხკუთხა შოკოლადისფერი ნაჭრები მრავლად იყო სახლში, თავისებური გემო ჰქონდა, თითქოს სისხლისაც და არ მიყვარდა არც ის. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, იმათაც ვჭამდი. წამოვიზარდე და დედა უკვე ვეღარ მაიძულებდა, დამელია თევზის ქონი თუ გემატოგენი მეჭამა, მაგრამ გუშინ ღამით აფთიაქში შევედი, ადრეც ხშირად მინახავს, მაგრამ ახლა დაკვირვებით გადავხედე გემატოგენს. დედა გამახსენდა, ვიყიდე, მოვიტანე სახლში და ისე გემრიელად შევჭამე, დედას რომ გაეხარდებოდა.
მაია დიაკონიძე
28.12.2022წელი
Sofio Chelidze, ლია ლევაურელი ჭიღლაძე და 6 სხვა პიროვნება
4 კომენტარი

No comments:

Post a Comment