Sunday, July 30, 2023

მზესუმზირა და ფუტკარი (საბავშვო ზღაპარი)

       მზესუმზირა და ფუტკარი

 მზესუმზირებს ფუტკარი შესეოდა. მხიარულად დაბზუილებდნენ, აივსებდნენ ტკბილი ნექტარით მუცლებს და სახლისაკენ მიიჩქაროდნენ, მზის ჩასვლამდე რაც შეიძლება მეტი თაფლი უნდა მიეტანათ სკაში. გზადაგზა ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, სამუსაიფო თემას რა გამოულევდათ?! 
    - აქ მზესუმზირების კარგი მოსავალი იქნება, ნახე, რამხელა თავები გამოუსხიათ, - იტყოდა ერთი, 
   - შარშანაც უხვი იყო მოსავალი, გახსოვთ გოგო მაიას სულ დიდ-დიდი თავები მიჰქონდა სახლში, ერთმანეთზე აკინძული, - დაამატებდა მეორე. 
    ახლა ახალგაზრდა ფუტკარიც დაემგზავრა დიდებს და გაოცებით იკითხა: 
   - ასეთი დიდი ყვავილები ჯერ არ მინახავს, ალბათ, ამაზე დიდები არც არსებობს! 
    - როგორ არა, რაფლეზია არნოლდი არის ყველაზე დიდი ყვავილი დედამიწაზე, - უთხრა ყველაზე ღრმად მოხუცებულმა ფუტკარმა, პაპის პაპამ მომიყვაო, მეტყოდა მამა, მაგრამ  აქ კი არ იზრდება,  შორს, ინდონეზიაში. 
   - მაგის დეკორატიული ჯიშები აქაც არის, ერთი-ორჯერ საშოვარზე ქალაქისაკენ რომ მომიწია გაფრენა, აივნებზე და ფანჯრის თაროებზე შევნიშნე, მაგრამ ისეთი ცუდი სუნი ჰქონდა, ახლოს ვერ მივეკარე, - თქვა მეორემ.
    - დაილოცოს ჩვენი მზესუმზირა, ხვავიანი და ბარაქიანი, - გააგრძელა ისევ ყველაზე მოხუცებულმა ფუტკარმა, - თუ გინდა ბაღს დაამშვენებს,  თუ გინდა სიმინდის ყანებს, ზეთსაც იძლევა და გემრიელ საკნატუნოსაც, ჩვენთვის ხომ ზეცის მანანაა.
   დღე მთავრდებოდა, ფუტკრები სახლისკენ მიიჩქაროდნენ, მაგრამ მოულოდნელად ქარმა დაუბერა, ნელ-ნელა ძლიერდებოდა და ფუტკრები ერთმანეთს დააშორა, სულ იქით-აქეთ მიფანტ-მოფანტა. ახალგაზრდა ფუტკარი ატრიალა, ატრიალა და მიწაზე დაანარცხა. ფუტკარმა ღერო დაინახა, ზედ აცოცდა, მარჯვედ მოძრაობდა, ქარმა აქედანაც არ გადამაგდოსო. ზევით-ზევით მიიწევდა. მოულოდნელად ყვავილის ბუსუსებში ამოყო თავი, მზესუმზირას ყვავილს თავი ძირს დაეხარა, იმიტომ რომ მზე აღარ ანათებდა, დაენახა ფუტკრის გასაჭირი და საშველად თავი შეეშვირა. ბედნიერად იგრძნო თავი ფუტკარმა, გადავრჩიო, გაიფიქრა და ნაცნობი სურნელით გაბრუებულმა და ქართან ბრძოლაში დაღლილ-დაქანცულმა ძილს მისცა თავი. 
   მეორე დილას მხიარულ ბზუილს გაეყრუებინა არემარე. მზესუმზირის ყვავილსაც მზის შესახვედრად თავი მაღლა აეწია, თან ისე ნელა ამოძრავებდა, სტუმარი რომ არ გაეღვიძებინა. თვალები მოიფშვნიტა ფუტკარმა, იმანაც მზესუმზირას ყვავილივით პირველად მზეს შეხედა, ეამა, მასაც ძალიან  უყვარდა მზე, 
   - იმიტომაც ვართ ორივე ყვითლები, მზესა ვგავართ, -  გაიფიქრა, - ყვავილს მადლობა გადაუხადა და თავისიანებისკენ გაფრინდა.
მაია დიაკონიძე

  2018 წელი

No comments:

Post a Comment