ღვინის მევალე
ღამეა, ჩაწვა ლუში
ამინდი,
ხვალ რა იქნება იცოდეს
ძველი ფრენჩივით (დრო კი
არ მიდის)
ვიცვამ ღამეებს, ვიხდი
და ვიცვამ.
და ჩემი ჩრდილი, ღვინის
მევალე,
ისევ მთვრალია და შემზარავი,
ერთი ხარ, ერთი როგორ
მეთვალე
— შენ, მხოლოდ შენ და მეტი
არავინ.
მხრებზე ჩიტებით ღამეებს
ვითევ,
დილის აშუღი ბაიათს მოწნავს,
წასვლისას,
მხარზე მიტოვებ თითებს,
წასვლისას,
ღაწვზე გიტოვებ კოცნას,
რომ ჩემი სახლი,
სუნთქვითაც შეთვრეს,
სადაც გულმავიწყ დღეების
დენდი,
პატარა ლექსს
თუ ასაფრენ რეფრენს
სანიშნებივით, წიგნებში
ვდებდი.
შენს თმას
ვინახავ ქარის მიგელთან
და თვალებს,
დროში მიკარგავს მარკეს,
ასი წლის ლოდინს
ვინ გამიგებდა
და რაც მტკიოდა, ხვალაც
რომ მატკენს.
თენდება, ვეძებ დილისფერ
ქედანს,
შენი ჩიტები ახლაც,
შენსავე
პატარა ეზოს ხეებზე სხედან
და ჩემს დაკარგულ
ლექსებს მწყემსავენ.
დუქანი იტევს
ლანდებს, გათელილს
და ძელგი ღვინით სავსე
მათარებს,
სადაც ამანთე როგორც
სანთელი
და ყველას ტკივილს
შემომატარე.
ღამეს აშლილი არღანი
მითევს
და გათენებას აშუღი ლოცავს,
წასვლისას
მხარზე ტოვებდი თითებს,
წასვლისას
ღაწვზე ვტოვებდი კოცნას.
რატომაც მწამდა არ მწამს,
მიტომვე,
ამ უსიზმრებო ღამის
ახდომა
და შენ ადგილიც არ დამიტოვე
მხრებზე
ჩიტების ჩამოსასხდომად.
გარყვნილ მედუქნეს
ღვინოს შევჩივი,
ერთსაც დამისხამს, თუნდ
გრძნობამიხდილს,
ჰო, დროს არ ვიმჩნევ, ძველი
ფრენჩივით
ვიხდი ღამეებს, ვიცვამ და ვიხდი.
ზოგჯერ გვიტოვებს ვიღაცა ტკივილს,
ავაზასავით მოხვეულ ღამეს,
შემთვრალ მგზავრივით გზის პირად იცდი,
კვლავ ელოდები ლაღ, მზიან ამინდს.
არა და აღარ მთავრდება ღამე,
შენს სულშიც ბნელი იკავებს ადგილს,
როცა ყოველთვის რძეს სვამდი მწარეს,
ნუ ელოდები ლურჯთვალა აპრილს.
არა ყოფილა ეგ შენი ბედი,
ყვავილთა დარი გახდე ოდესმე,
მოკვდები როგორც ის თეთრი გედი,
რომ უმღერიათ ქვეყნის ბოჰემებს.
შენი ბედი კი ეწერა უკვე,
მოტანილი ხარ ზეციდან ქარით,
შენ თავს თუ თვითონ შენ არ უშველე,
ეგ შენი სრბოლაც მთავრდება ქარით.
No comments:
Post a Comment